"ევროპის სახალხო პარტია", რომლის წევრიც არის "ნაციონალური მოძრაობა", შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციით და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს მიხეილ სააკაშვილს. ამ შინაარსის განცხადება პარტიამ 5 მაისს გაავრცელა.
განცხადებაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ევროპის სახალხო პარტია" ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, პატიმარს ცილოვანი შიმშილი აქვს. ამავდროულად, პარტია ცილისმწამებლურ თავდასხმებად აფასებს მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან ომბუდსმენის, ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამოთქმულ შეფასებებს.
"მოვუწოდებთ მმართველ "ქართულ ოცნებას", აღიაროს სიტუაციის სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები.
მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, ჰუმანიტარული მიზნებისთვის სასწრაფოდ გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის საავადმყოფოში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, სადაც მას ექნება კვალიფიციური მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა.
ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა ან სიკვდილი საქართველოს მთავრობისთვის იქნება ლაკმუსის ტესტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით ისევე, როგორც ევროპის მნიშვნელოვანი მისწრაფებების ფონზე", - წერია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადაყვანის მოთხოვნით ოჯახის ორგანიზებით აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. მანამდე აქცია სახელწოდებით -"სიცოცხლისათვის" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პრეზიდენტის სასახლესთან გამართეს. აქციები იგეგმება რუსთავის ციხესთან, ბათუმში და ზუგდიდშიც.
ექიმთა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.