1937 წელს, როდესაც საქართველო წითელი ტერორისგან ზანზარებდა, რამდენიმე ახალგაზრდა წარმოუდგენელმა იდეამ შეიპყრო, - გადაწყვიტეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღენიშნათ. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი დავით ხვადაგიანი ერთი მივიწყებული გმირის ისტორიას ჰყვება.
დიმიტრი ვარდანაშვილი 1916 წელს დაიბადა. როდესაც ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში წავიდა, ის მხოლოდ 5 წლის იყო, რიგიანად არც საქართველოს დამოუკიდებლობა ახსოვდა და არც მისი ოკუპაცია. როგორ გაიაზრა და აღმოაჩინა „გაგანია“ საბჭოთა კავშირში გაზრდილმა ბიჭმა, რომ მისი ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო?
უკვე დაპატიმრებული და ციხეში გამომწყვდეული დიმიტრი ვარდანაშვილი იტყვის, რომ საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო მოძრაობა მთლიანად მისი მოფიქრებული იყო და დავალებებს არავისგან იღებდა. ეს სიმართლეა თუ მხოლოდ სხვების გადასარჩენად მოფიქრებული ტყუილი, ამის დადგენა ახლა თითქმის შეუძლებელია. დიმიტრი ვარდანაშვილზე ბევრი არაფერია ცნობილი, მისი მამა მიხეილ ვარდანაშვილი პედაგოგი და სკოლის დირექტორი იყო. დიმიტრის ოჯახი არ დარჩენია, ძმა გივი ვარდანაშვილი, მაშინ მხოლოდ 12-ის იყო.
„მამას, მიხეილს ერთი შვილი ადრე გარდაიცვალა, დიმიტრი მეორე იყო. შემდეგ დაიბადნენ ქეთო და მაია, ბოლოს მე. მე-19 არასრული სკოლა იყო ქალაქის ცენტრში, ქუთაისში რომ პირველი სკოლაა, იმის უკანა მხარეს. იმის დირექტორი იყო მამა.
მე არ მახსოვს, მამას დიმიტრისთვის რამე აეკრძალა, ან პირიქით მიხმარებოდა. 2-4 დღით თუ ჩამოდიოდა დიმიტრი თბილისიდან და ისევ უკან მიდიოდა. ჩვენ არაფერში გვრევდნენ, ისე აიპარებოდნენ ზევით და ჩამოიპარებოდნენ, ვერც ვიგებდით. დაბეჭდავდნენ ზევით რაღაცებს და მიდიოდნენ. მე არც მაინტერესებდა, ვიცოდი, რომ აკრძალული იყო. მამაჩემმა იცოდა, მაგრამ არ ერეოდა მის საქმეში“, - ჰყვება გივი ვარდანაშვილი.
დიმიტრი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. მისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობა სწორედ ამ დროიდან იწყება.
1934 წელს ვინმე ლეონიდ ნიკოლაევმა კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი კიროვი ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) მოკლა.
კიროვი, სერგო ორჯონიკიძის მარჯვენა ხელი საქართველოსა და აზერბაიჯანის გასაბჭოების საქმეში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ის იმდენად გავლენიანი ფიგურა გახდა, რომ მისი სახელი არა მხოლოდ ქარხნებსა და ქუჩებს, არამედ ქალაქსა და ოლქსაც დაარქვეს. კიროვის მკვლელობას მასობრივად მოჰყვა მთავრობის მხარდამჭერი პარტიული მიტინგები. ამ დროს დიმიტრი ვარდანაშვილმა, რომელმაც კარგად იცოდა კიროვის რეალური „დამსახურების“ შესახებ, თავისი პირველი პროკლამაცია გაავრცელა. მაშინ ის 17-18 წლის თუ იქნებოდა. პროკლამაციაც ცოტა ბავშვური იყო: „ნიკოლაევი მხეცი კი არა, გმირია“, - წერდა ის. პროკლამაციების გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მაშინ ავტორს ვერ მიაგნეს.
1935 წლიდან დიმიტრი თბილისში გადმოდის, აბარებს სამედიცინო ინსტიტუტში და დისიდენტურ საქმიანობას უკვე აქ აგრძელებს. ამ დროისთვის ის უკვე მარტო არაა, მის გვერდით სავარაუდოდ არიან საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში არსებული პოლიტიკური პარტიების ყოფილი წევრები, რომელებიც ბოლშევიკების რეჟიმს გადაურჩნენ და ბრძოლა ჩუმად გააგრძელეს.
ამ დროისთვის საქართველოში უკვე დაწყებულია დიდი სტალინური ტერორი. „მავნე ელემენტები“ ღამ-ღამობით შავი მანქანით მიჰყავთ და შემდეგ ან ასახლებენ, ან პირდაპირ ხვრეტენ. მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, ერთი გადაბრუნებული სიტყვა, ხუმრობით ნათქვამი რამ, ან იმ მეზობლის ანონიმური წერილი, რომელსაც შენი ბინა მოეწონა და მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.
„და ამ დროს, 1937 წელს, დიმიტრიმ გადაწყვიტა, საიდუმლო ორგანიზაციის წევრებთან ერთად 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღენიშნა. ეს მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო, ამ გადასახედიდან ასეთი გმირობა განსაკუთრებით დასაფასებელია“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.
მაგრამ 25 მაისს დიმიტრი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი დააპატიმრეს. ცნობილი არ არის, როგორ გაიგეს ჩეკისტებმა მათ შესახებ, მაგრამ ახალგაზრდები აიყვანეს და რამდენიმე თვე კითხავდნენ. ჩხრეკის დროს დიმიტრის აღმოუჩინეს რევოლვერი და არალეგალური საბეჭდი მანქანა, რომელზეც ის პროკლამაციებს ბეჭდავდა. ასევე, ე.წ. მენშევიკური ლიტერატურა.
„კაგებეს“ არქივში შემონახულია დიმიტრი ვარდანაშვილის საქმე, საიდანაც ჩანს, რომ დიმიტრიმ ყველა ბრალდება საკუთარ თავზე აიღო.
„გამოსაძიებელიც არაფერი იყო. დიმიტრის არ უარუყვია, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა. ძიების ერთადერთი ამოცანა მხოლოდ ისღა იყო, დიმიტრის თანამზრახველების წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, მაგრამ საქმიდან ჩანს, რომ მან ასეთი ჩვენება არ მისცა, არავინ დაასახელა… ალბათ წარმოუდგენელი წამება გამოიარა“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.
დიმიტრი ვარდანაშვილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ის დახვრიტეს 1937 წლის 20 სექტემბერს. მაშინ დიმიტრი მხოლოდ 21 წლის იყო. მისი მეგობრები, რომელთა გადარჩენასაც ასე ეცადა, სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.
დიმიტრის საფლავი შემორჩენილი არ არის, მაშინ დახვრეტილებს თბილისის გარეუბანში, რუსთავის გზაზე მარხავდნენ. ეს სამარხები დღემდე შეუსწავლელია.
„ცალკე პრობლემაა ის, რომ ამ ხალხის საფლავები, რომლებიც აქვეა, თბილისთან, მიუკვლეველია. აქ უნდა ჩატარდეს დაზვერვითი სამუშაოები, რაც დიდ რესურსს მოითხოვს, მაგრამ სახელმწიფოს ეს არ აინტერესებს. გასააზრებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების საფლავების ნახვა და მათთვის პატივის მიგება“, - ამბობს დავით ხვადაგიანი.
დიმიტრის დახვრეტის შესახებ ოჯახმა შედარებით გვიან გაიგო და ბედს შეეგუა.
„ისე დახვრიტეს, არაფერი გაგვიგია. მერე მოგვივიდა, თქვენი შვილიო, დიმიტრი მიხეილის ძე ვარდანაშვილი დახვრეტილი არისო, კახეთშიო.
მერე აღარ დავინტერესებულვარ, სამსახური მქონდა, კომკავშირში ვიყავი და რამის კვლევა რომ დამეწყო, გამომაგდებდნენ იქიდან. დიმიტრი რომ დახვრიტეს, არავინ მოსულა მისი ნაცნობი, შეიძლება უნდოდათ მოსვლა, მაგრამ დამალულები იყვნენ“, - ამბობს გივი ვარდანაშვილი.
დავით ხვადაგიანი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, დიმიტრი ვარდანაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელი ქუთაისში რომელიმე ქუჩას ეწოდოს.