Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სიცოცხლისთვის“ - პრეზიდენტის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის სასახლესთან. 4 მაისი, 2022 წელი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის სასახლესთან. 4 მაისი, 2022 წელი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოითხოვენ მის გადაყვანას მრავალპროფილურ კლინიკაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიგი თევზაძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს სააკაშვილის მიმართ „უნიჭო შურისძიებას“, მაგრამ ის „არ მოკვდება და იქნება თავისუფალი“.

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, თბილისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და მისი დავალებით მოქმედ „თოჯინებს და ზომბებს მიხეილ სააკაშვილი განწირული ჰყავთ სასიკვდილოდ“ და ამის დაშვება არ შეიძლება, ვინაიდან ეს არის „საქართველოს დაღუპვა".

"სააკაშვილი სიამოვნებით შესწირავდა თავს, ოღონდ საქართველომ დასავლური არჩევანი არ დათმოს, ამის დათმობა და მისი სიცოცხლის დათმობა ნიშნავს ამ არჩევანის დათმობას. ამიტომ ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ეს, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული საკითხია და, მეორე მხრივ, არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

აქციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებიან. მისმა ძმამ, დავით სააკაშვილმა, კერძოდ, თქვა: "არავითარ გათავისუფლებას, ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, ადამიანს მკურნალობის საშუალება მიეცეს იმისთვის, რომ გადარჩეს“.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს, რაც გამოწვეულია ანორექსიით.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG