Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინის ხმა საქართველოსთვის დიდ გავლენას იქონიებს


ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის დეპუტატი
ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის დეპუტატი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, დადგეს ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხი, თუმც კი, ამაზე კონკრეტული მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მისი შეფასებით, მომავალ დებატებზე, სადაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი უნდა განიხილონ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ იმას, თუ როგორ დაარწმუნებს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მან ეს სტატუსი დაიმსახურა, არამედ უკრაინის პოზიციას საქართველოს მიმართ. კუბილიუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მკაცრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. ევროპარლამენტარს რადიო თავისუფლებამ ამ საკითხებზე რამდენიმე კითხვით მიმართა.

რადიო თავისუფლება: ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების საკითხს ღიად შეეხო პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე თხოვნით მიმართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს. მან მოიშველია გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და პუტინის გარემოცვასთან დაკავშირებულ, სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან და თქვა, რომ ეს საუბარი აშკარად მიანიშნებს ივანიშვილის რუსულ კავშირებზე. თქვენ რას ფიქრობთ ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების შესაძლო დაწესებაზე? განიხილება ეს საკითხი რაიმე ფორმით?

ანდრიუს კუბილიუსი: სიმართლე გითხრათ, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ უფრო მეტად უკრაინაზე, ვიდრე საქართველოზე. ეს ერთი. მეორე - ევროპარლამენტი არ არის პირდაპირ ჩართული სანქციების დაწესების საკითხში. ჩვენ, ცხადია, შეგვიძლია ამ საკითხის წამოწევა, ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ, ამას წყვეტს საბჭო. ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის სანქციები შეიძლება დაუწესდეს ან საერთოდ დაუწესდეს თუ არა ივანიშვილს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ამაზე აქ მსჯელობა არ მიდის. როგორც წესი, პერსონალური სანქციების დაწესება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ამისთვის 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ საკითხს, ევროკავშირთან შედარებით, ამერიკელები უფრო იოლად უდგებიან. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავა საქართველოს საქმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

რადიო თავისუფლება: თქვენ როგორ აღიქვით გახმაურებული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელმაც გააჩინა ეჭვი, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქი, შესაძლოა, ცდილობდეს საქართველოს გავლით, მეგობრის (ივანიშვილის) დახმარებით სანქციებისთვის თავის არიდებას? ფიქრობთ, რომ მსგავსი საუბარი უბრალოდ მეგობრულ საუბრად უნდა იყოს აღქმული? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამ ამბავზე?

ანდრიუს კუბილიუსი: ეს ამბავი მეც მედიიდან ვიცი. ძალიან არ ჩავღრმავებულვარ საკითხს, მაგრამ თუ ივანიშვილი და ევტუშენკოვი მართლაც ლაპარაკობდნენ იმაზე, როგორ შეიძლება საქართველოს გავლით აუაროს მან გვერდი ევროკავშირის მიერ დაწესებულ საქციებს, მაშინ ეს ძალიან ცუდად ჟღერს. ისევ და ისევ, იმ ფონზე, როცა ივნისში ველით, რომ კომისია განიხილავს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს. მსგავსი ამბები კი, ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის კავშირი იქნება ეს თუ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, აუცილებლად გააჩენს შეკითხვებს ევროპარლამენტში. და ეს იქნება ძალიან მკაცრი შეკითხვები. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება სწორედ ამას დაეყრდნობა. მას აქვს ვალდებულება, შეაფასოს რეალური სიტუაცია და ასე გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა ქვეყანას სტატუსს.

რადიო თავისუფლება: რადგან ამ საკითხს შეეხეთ, აქვე გკითხავთ, რამდენად აქვს საქართველოს დღეს რეალური შანსი, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? რა მოლოდინები არსებობს?

ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ არ გვინდა მივცეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას, თუ მოლაპარაკებების პროცესში არ ვირწმუნებთ, რომ ის შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას თუნდაც ძირითადი ღირებულებების მხრივ. საქართველომ ევროკავშირი ამაში უნდა დაარწმუნოს. ეს მხოლოდ კითხვარის შევსებაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქმება საერთოდ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, ევროპარლამენტის მიერ. ამ ვითარებაში კი არც რუს ოლიგარქებთან კავშირები და არც სააკაშვილის საკითხი არ დაეხმარება საქართველოს, უკეთესად იყოს აღქმული ევროპარლამენტის მიერ. ეს არ შეასრულებს კარგ როლს მთელ ამ ამბავში.

რადიო თავისუფლება: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას მოითხოვს. მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ რამდენიმე დღის წინ ექიმთა ჯგუფის დასკვნაც გამოქვეყნდა. თუმცა, ჯერჯერობით, მის სადმე გადაყვანაზე საუბარი არ არის. რას ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე სააკაშვილთან დაკავშირებით?

ანდრიუს კუბილიუსი: სააკაშვილის ავადმყოფობა ერთი საკითხია... მაგრამ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის საქართველოში სასამართლო სისტემა თავისუფალი პოლიტიკური ჩარევის ან გავლენებისგან. ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს იმის თაობაზე, თუ რატომ ზის დღეს სააკაშვილი ციხეში. ბევრი კითხვა არსებობს პოლიტიკური კულტურის ჭრილშიც - თუ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს შევხედავთ, ვერ იპოვით ბევრ მაგალითს, რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ციხეში ჩაესვათ საეჭვო საფუძვლით.

რადიო თავისუფლება: ბოლოს მინდა გკითხოთ, როგორ აღიქმება თქვენგან საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებით, რის გამოც ის არაერთხელ გააკრიტიკეს.

ანდრიუს კუბილიუსი: მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ახლა უნდა შეეცადოს იმის პროგნოზირებას, თუ როგორ ჩაივლის დებატები საქართველოს კანდიდატობის სტატუსის შესახებ ევროპულ ინსტიტუტებში. ნათელია, რომ წევრობაზე საქართველოს მთავრობამ ეს განაცხადი გააკეთა იმის გამო, რასაც დღეს უკრაინა აკეთებს - ის იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. კი ბატონო, ეს გასაგებია და არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებასაც საქართველო და მოლდოვა ცდილობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის სტრატეგია და ტაქტიკა არ არის სრულად უკრაინის მხარეს. ამ ომში მათი პოზიცია როგორც პოლიტიკურად, ისე ტაქტიკურად არის შეცდომა, ასე რომ, დებატების დროს ყველა ეს ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი.

ერთია შევსებული კითხვარი და კომისიის აზრი ამ კითხვარზე, მაგრამ მეორეა, როგორ აღიქმება საერთოდ საქართველო ევროპარლამენტის და საბჭოს წევრების მიერ. აქ საქართველოს აქვს პრობლემები იმ საკითხებში, რაც ჩამოვთვალეთ. და ბოლოს, უკრაინის ხმა როგორც საქართველოს, ისე მოლდოვის საკითხში ძალიან დიდ გავლენას იქონიებს.

ევროპარლამენტარებს კარგად ესმით, რომ საქართველო ახლა ცდილობს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა უკრაინელების მიერ, უკრაინელებისათვის. ასე რომ, დიდად კარგი არჩევანი ვერ იქნება, თუ საქართველო ამაში უკრაინელებსაც არ დაარწმუნებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG