Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო - ხელსაყრელი ქვეყანა რუსეთისთვის? მთავრობა რეექსპორტს გამორიცხავს


საქართველოში უპასუხებენ უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ. „ასეთი რამ წარმოუდგენელია“, - აცხადებს ქვეყნის ფინანსთა მინისტრი.

წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ აკრძალული რუსული პროდუქცია საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, მას მიენიჭოს ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და ამ გზით რაიმე საქონელი მოხვდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირიც ხომ ახორციელებს ამ კონტროლს? ამიტომ ჩვენთვის უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ეს განცხადება გაუგებარია“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2 მაისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

რა არის რეექსპორტი?

რეექსპორტის დროს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გადის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

რეექსპორტისას საქონელი რჩება უცვლელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება:

ბუნებრივი ცვეთა;

ტრანსპორტირებისას ცვლილება;

შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგები.

თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, შეიძლება ეს საქონელი დაექვემდებაროს რეექსპორტს.

მან მოიშველია საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველო „ვერ და არ იქნება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი“. ხუციშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობას „მჭიდრო კავშირი“ აქვს პარტნიორ ქვეყნებთან და რომ მათ სანქციების საკითხზე „საქართველოსთან შეკითხვები არა აქვთ“.

ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილის სიტყვებით, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირს, დაწესებული აქვთ კონკრეტული საქონლის ჩამონათვალი, რისი შეტანაც რუსეთში (და პირიქით, რუსეთიდან) აკრძალულია და მისი მოძრაობა საქონლისთვის მინიჭებული საბაჟო კოდებით კონტროლდება.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველო, შესაძლოა, იყოს მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა, სხვა ორი ქვეყნისთვის, თუ ისინი ერთმანეთთან ვაჭრობენ იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული.

ხოლო საფრთხეს, რომ რუსეთისთვის აკრძალულ ბაზარზე, საქართველოს გავლით მოხვდეს პროდუქცია, ლაშა ხუციშვილის თქმით, უპასუხებს „ძალიან მკაცრი საბაჟო კონტროლი“.

საბაჟო სამსახურის მკაცრ კონტროლთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ორჯერ გაავრცელა განცხადება, 6 და 22 აპრილს.

ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“, - ვკითხულობ 6 აპრილის განცხადებაში.

22 აპრილს კი კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ:

  • საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, კონტროლდება ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ... საბაჟო კონტროლს ექვემდებარება რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული სანქცირებული საქონლის რეექსპორტი.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს სანქციების გვერდის ავლით, ასეთი რამ არ და ვერ განხორციელდება“. ვოლსკი ამბობს, რომ არაფერი სმენია, რა ხდება ამ კუთხით აზერბაიჯანსა და სომხეთში.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო, 2 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრიი კასიანოვიც. მას სთხოვეს ფაქტობრივი განმარტებებისა და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, თუმცა, უკრაინელმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

რატომ შეიძლება საქართველო იყოს რუსეთისთვის საინტერესო ქვეყანა სწორედ რეექსპორტზე მოსალაპარაკებლად?

შესაძლოა იმიტომ, რომ საქართველო მისაღები ქვეყანაა აშშ-ისა და ევროკავშირისათვის, - განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე.

ბესო ნამჩავაძე
ბესო ნამჩავაძე

ერთი გზა ის არის, რომ საქართველომ მოატყუოს სანქციების დამწესებელი ქვეყნები, თითქოს კონკრეტული პროდუქცია შიდამოხმარებისთვის უნდა და სინამდვილეში, ის რუსეთში გავიდეს. თუმცა, ანალიტიკოსი გვეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გაჩნდება კითხვა, რაში დასჭირდა საქართველოს კონკრეტული პროდუქტი დიდი რაოდენობით, რომელსაც მანამდე არ ყიდულობდა.

მეორე გზა კონტრაბანდაა და მასაც კორუფციამდე მივყავართ. საქართველოს მთავრობას არცერთი გზა არ უნდა აძლევდეს ხელს.

ბესო ნამჩავაძე გვეუბნება, რომ ხელისუფლება ხმამაღლა ვერ გამოაცხადებდა, დაწესებული სანქციები არ გვაინტერესებს, საქართველოს გავლით შეიტანეთ რუსეთში, რაც გსურთო. ეს ნაბიჯი, ამბობს ანალიტიკოსი, საქართველოსთვისაც სანქციების დაწესებით დასრულდებოდა.

მისი აზრით, დღეს ხელისუფლების მიმართ უნდობლობას ის იწვევს, რომ საქართველოს მთავარობას ამ ომში არ უჭირავს ცალსახა პოზიცია.

საქართველოს მთავრობა აკონკრეტებს, რომ ის მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოსულ ტვირთს (კონკრეტულ ჩამონათვალს) არ გაატარებს, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს. მაგრამ არ ჩაერევა იმ შემთხვევაში, თუ ეს ტვირთი შემოვა ისეთი ქვეყნიდან, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას სანქციების გარეშე აგრძელებს.

„საქართველოს ესეც რომ აეკრძალა, ეს ავტომატურად იმის ნიშანი იქნებოდა, რომ საქართველოც უწესებს ახალ სანქციებს, თუმცა ამის პირობას საქართველო არ დებს“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

ამ საკითხში მთავრობის მიმართ უნდობლობას ამყარებს ასევე გასულ კვირაში გავრცელებული სატელეფონო აუდიოჩანაწერი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ, სანქცირებულ რუს მილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვს შორის.

ასევე, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ივანიშვილს რუსეთში ისევ აქვს ბიზნესი, მიუხედავად მისი ადრინდელი განცხადებებისა, რომ 2013 წლის შემდეგ მან იქ ბიზნესსაქმიანობა დაასრულა.

ქართველი ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარდა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ „საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე“ ღიად ალაპარაკდა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა კიდეც, რომ ის ამ თხოვნით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს მიმართავს.

ევროპარლამენტარის აზრით, გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი (მისი ავთენტიკურობა დადასტურებული ამ დრომდე არ არის), პუტინსა და მის გარემოცვასთან ივანიშვილის კავშირებზე მიანიშნებს.

ცნობა რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაზე უკრაინულმა მედიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით 1 მაისს გაავრცელა.

უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ასევე გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ ამ მიზნით ჩამოთვლილ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.

ინფორმაციას, რომ რუსეთი, შესაძლოა, საქართველოს იყენებდეს სანქციების გვერდის ასავლელად, უკრაინის დაზვერვა ერთი თვის წინაც ავრცელებდა. აპრილის დასაწყისში დაზვერვა საუბრობდა იმაზე, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა. მაშინაც საქართველოს მთავრობამ ინფორმაცია უარყო და მას „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“ უწოდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG