25 აპრილს, „Youtube”-ზე გავრცელებულმა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერმა (ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის), რომელშიც, სავარაუდოდ, ერთმანეთს ელაპარაკებიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი, ვლადიმირ ევტუშენკოვი, არაერთი კითხვა გააჩინა. ვლადიმირ ევტუშენკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2022 წლის 15 აპრილს დატოვა.
ორი აუდიოჩანაწერი - რას სთხოვენ „ბორენკას“?
აუდიოჩანაწერების თანახმად, რომლებიც „იუტუბზე“ Cyber Kmara-მ ატვირთა, ევტუშენკოვმა და ივანიშვილმა ორჯერ ისაუბრეს - 2022 წლის 10 და 13 მარტს.
პირველ ჩანაწერში საუბრის თემა „მარცვლეულს“ ეხება. ევტუშენკოვი ივანიშვილს ესაუბრება ხორბალთან დაკავშირებულ რაღაც იდეაზე, რომელიც მისთვისაც საინტერესოა და რომელიც საქართველოში ვინმე „დავითს“ მიაქვს. ასევე, ევტუშენკოვი ახსენებს თავის იმდროინდელ მოადგილეს, ალი უზდენოვს და ამბობს, რომ „ის დავითთან ერთად ჩავა“, რაზეც ივანიშვილი უპასუხებს, რომ ის „აქ დახვდება“. მათ საუბარს ახლომეგობრული ტონი აქვს.
მეორე აუდიოჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს (რომელსაც ბორენკათი მიმართავს), უკვე სთხოვს თავის მოადგილესთან, ალისთან (უზდენოვი) შეხვედრას. ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მას უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც, მისი სიტყვებით, „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", რომ თავად ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაინც მზად არის, შეხვდეს.
ევტუშენკოვი: შენ ის მითხარი, შენ თუ შეხვდები?
ივანიშვილი: თუ საჭიროა... ქალაქგარეთ ვარ და ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ თუ საჭიროა, არ იქნება პრობლემა.
ევტუშენკოვი: ბორ, გთხოვ, იმიტომ, რომ ის გეტყვის რა მინდა.
ივანიშვილი:ოკეი, რომელზე იქნება? დღესაა საჭირო თუ ხვალაც შესაძლებელია?
ევტუშენკოვი: ხვალაც შეიძლება.
ივანიშვილი: ოკეი
ევტუშენკოვი: კარგი, ბორენკა, გეხვევი, ძვირფასო
ივანიშვილი: გეხვევი
ევტუშენკოვის პირველი კომენტარი
ვლადიმირ ევტუშენკოვმა ინტერვიუ მისცა სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებს. მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუდასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი, თბილისში მარტში მართლაც შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს:
„საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. პოლიტიკური მიზანი არ ყოფილა. მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ. ეს იყო რიგითი ვიზიტი“.
ევტუშენკოვი ირწმუნება, რომ ივანიშვილთან მეგობრობს, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილს ბიზნესი რუსეთში ჰქონდა.
„მილიონი ჩანაწერი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან „ფეიკია“, - ეუბნება იგი „მთავარ არხს” და აზუსტებს, რომ ივანიშვილთან ბოლო სატელეფონო საუბრისას მას მხოლოდ დაბადების დღე მიულოცა.
„თავი დამანებეთ, ნუ შემაწუხეთ, ბიძინასთან პირადი შეხვედრა არ მქონია, ტელეფონით ვესაუბრე... ამ დრომდე ვთვლი, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს... მორჩით შეკითხვების დასმას, არანაირი ბიზნესმოლაპარაკებები არ მქონია, მსგავსი არაფერი ყოფილა“, - ამბობს ევტუშენკოვი.
ვინ არის ევტუშენკოვი?
ვლადიმირ ევტუშენკოვი პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი ბიზნესმენია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან მხარში უდგას კრემლის რეჟიმს. სწორედ ამის გამო მოხვდა ის სულ ახლახან, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში. სანქციები გულისხმობს მისი ყველა აქტივის გაყინვას და კრძალავს ბიზნესმენთან ნებისმიერ საქმიან გარიგებას.
15 აპრილამდე ევტუშენკოვი სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ის ამ კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერია.
რუსი ოლიგარქი ცნობილია რუსეთის სამხედრო წარმოებაში სოლიდური ინვესტიციებითაც.
კორპორაცია „სისტემის“ ნაწილია მისი ერთ-ერთი კომპანია „კრონშტადტი“ - კონგლომერატული კომპანიის ოპერატორი სამხედრო, სამოქალაქო, ტექნოლოგიებისა და განვითარების სექტორებში.
ეს კომპანია ზედამხედველობს რამდენიმე რუსულ შვილობილ კომპანიას, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან აერონავტიკის, უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ტექნოლოგიების წარმოებაში და, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის ამარაგებს რუსეთის სამხედრო ძალებს უპილოტო საფრენი აპარატებით „ორიონი”, რომლის მეშვეობითაც იბომბება უკრაინული ქალაქები.
სააქციო ფინანსური კორპორაცია „სისტემა“ ევტუშენკოვმა 1990-იანი წლების დასაწყისში დააფუძნა და მისმა საქმიანობამ ეკონომიკის ერთდროულად რამდენიმე სექტორი მოიცვა.
დღეს ეს კორპორაცია უამრავი სხვადასხვა სფეროს კომპანიას მოიცავს, ენერგეტიკის, ხე–ტყის გადამუშავების, ფარმაცევტულ, სატელეკომუნიკაციო და სხვა სფეროებში.
2005 წლიდან ევტუშენკოვი, „ფორბსის“ ინფორმაციით, რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა ათეულში შედიოდა - ბიზნესმენის კაპიტალი ყველაზე მაღალი იყო 2008 წელს, მაშინ ევტუშენკოვი 10,3 მლრდ დოლარის ქონებას ფლობდა.
2014 წელს, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ევტუშენკოვს „ბაშნეფტის“ აქციათა მითვისებაში სდებდნენ ბრალს, კომპანია „სისტემას“ კი ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდნენ.
2016 წლის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ბაშნეფტი“ და რამდენიმე სხვა საწარმო ბაშკირეთში უკანონოდ იყო პრივატიზებული. „სისტემას“ „ბაშნეფტის“ აქციათა 81,67% ჩამოართვეს და სახელმწიფოს დაუბრუნეს.
ევტუშენკოვს კი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
ვინ არის ალი უზდენოვი - პუტინის „მეგობრობის ორდენის“ მფლობელი
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ მოხსენიებული ალი უზდენოვი AFK Sistema-ს აგროჰოლდინგ „სტეპს” მართავს და, პარალელურად, AFK Sistema-ს მმართველი პარტნიორის პოსტი უჭირავს.
თავად აგროჰოლდინგ „სტეპის“ ვებსაიტის მიხედვით, კომპანია კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებსა და როსტოვის ოლქში 678,000 ჰექტარის მეურნეობას მართავს, რომელიც წლიურად 1.8 მილიონ ტონა მარცვლეულს, მათ შორის, 1 მილიონ ტონა ხორბალს მოიპოვებს.
უზდენოვი 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.
„დავითი“ - იგივე დავით ხიდაშელი „კარტოგრაფების საქმიდან“ და არა მხოლოდ
ივანიშვილი-ევტუშენკოვის ამავე სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ ვრცელი განცხადება გააკეთა დავით ხიდაშელმაც - „დავითმა“, როგორც მას ევტუშენკოვი ახსენებს.
ხიდაშელი წერს, რომ 30 წელიწადია, რაც ვლადიმირ ევტუშენკოვთან მეგობრობს, რომ მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ მის კომპანიებში შვეიცარიაში.
ხიდაშელი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ სთხოვეს ჩართულიყო ერთ-ერთ ბიზნესსაკითხში, რომელიც ეხებოდა „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრედიტს, თუმცა, როგორც თავადვე წერს, საქმეში არ ჩარეულა:
„რუსთავის აზოტის“ ქარხანას ჰქონდა ევტუშენკოვის კუთვნილი კორპორაცია „სისტემისგან“ 100 მლნ დოლარამდე კრედიტი აღებული, რომლის გასტუმრებაც ვერ ხერხდებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ევტუშენკოვი 3-ჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. როგორც ვიცი, სასამართლო დავა კვლავ გრძელდება და არ მსურს დეტალებზე საუბარი“.
ალი უზდენოვთან ერთად საქართველოში ჩამოსვლის ნაწილზე ხიდაშელი წერს, რომ მან საქართველოში დაიწყო ღვინის კონსორციუმის შექმნის პროცესი, ასევე ფიქრობს, რომ რუსეთში ღვინის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხებით საქართველოში ხორბალი შემოიტანოს, რადგან დღეს, მისი სიტყვებით, საქართველოს ხორბალი სჭირდება.
„ალი უზდენოვთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით გავმართე შეხვედრები საქართველოში ბიზნეს სექტორთან, მეხორბლეებთან. ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გამართულა. რაც შეეხება პრემიერთან შეხვედრას, ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ვთხოვე შეხვედრა, თუმცა პრემიერმა გადაგვამისამართა ბიზნეს სექტორთან. აქვე განვმარტავ, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რაიმე კონკრეტული შეთანხმებით და შედეგით არ დასრულებულა“, - წერს დავით ხიდაშელი.
მისივე განცხადებით, მას საქართველოში 50-მდე პროექტი აქვს.
„ევტუშენკოვის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი“
პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 26 აპრილს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბიზნესმენ დავით ხიდაშელს სანქციების თავიდან არიდების საკითხებში კრემლის და ვლადიმირ ევტუშენკოვის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი უწოდა.
„ევტუშენკოვი ყიდულობს ბერძნულ კომპანია "ინტრაკომს", რომელსაც ხელმძღვანელობს ხიდაშელი. სწორედ ამ კომპანიას, 2011-2012 წლებში, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, აქვს კომუნიკაცია სხვადასხვა კომპანიასთან. კერძოდ, 2011-2012 წლებში მათ აწვდიან სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს და სამხედრო ვერტმფრენებზე დამონტაჟებულ სისტემებს. ანუ, კონკრეტულად იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომელიც ასადის რეჟიმს ეხმარებოდა ხალხის ჟლეტაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დავით ხიდაშელის, AFK „სისტემის“ ერთ-ერთი შვილობილის, სატელეკომუნიკაციო კომპანია Intracom-ის გენერალური დირექტორის სახელი ცოტა ხნის წინ „კარტოგრაფების საქმის“ გახმაურებული გამოძიების საწყის ეტაპზეც ამოტივტივდა.
მაშინ დავით ხიდაშელის რუსულ კავშირებზე რადიო თავისუფლებაც წერდა.
დავით ხიდაშელი ერთ-ერთია იმ ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში” მოხვდნენ. რაც შეეხება ბერძნულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ს, რომლის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტიც ხიდაშელია, მისი აქციების 51%-ს რუსული საფინანსო-ინდუსტრიული ჯგუფი АФК “Система” ჩეხეთში დარეგისტრირებული ფირმის მეშვეობით ფლობს.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სწორედ ხიდაშელის ოჯახის საკუთრებაში გადავიდა თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. რიყის დოქების კომპლექსი, რომელიც მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე 10 მილიონ ლარად გაიყიდა.
ოფიციალური ინფორმაციით, „რიყის დოქები“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმამ, Global Victory Trust-მა შეიძინა.
დავით ხიდაშელია ის ბიზნესმენი, ვისაც საქართველოს ხელისუფლებამ ერთი თვის წინ სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, 49 წლით გადასცა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე.
„ორი მეგობრის საუბარი“? - რა გვითხრა ხელისუფლებამ
საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს აუდიოჩანაწერი ან „მონტაჟია“, ან „შეთქმულება”.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩანაწერის ავთენტიკურობა საერთოდ კითხვის ქვეშ დააყენა. მას მონტაჟი უწოდა და თქვა, რომ ის „საქართველოს ომში ჩათრევას ისახავს მიზნად“ და რომ ამ ყველაფრის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, არაფერია გასაკვირი, თუ „ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე“.
„ის, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, ამაში არაფერია არც კანონსაწინააღმდეგო და არც ამორალური, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა უკრაინაც ინარჩუნებს... თუ შეხვედრა იყო ვინმესთან, ამაზე პრემიერი გააკეთებს თვითონ განცხადებას და კომენტარს“.
ირაკლი კობახიძემ ისიც ივარაუდა, რომ ფარული ჩანაწერები შესაძლოა, „იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს და პირდაპირ უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი ბაკურიანის შეკრებასო“, - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გულისხმობს ცნობილ ამერიკელ პოლიტტექნოლოგს, პიტერ აკერმანს, რომელსაც „ხავერდოვანი რევოლუციების“ შემოქმედადაც კი მოიხსენიებენ ხოლმე და რომელიც, ცოტა ხნის წინ, ბაკურიანში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილებდა.
„ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს. ეგ არის და ეგ“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოს „ქართული ოცნების“ კიდვე ერთი დეპუტატი ირაკლი ზარქუა.
რას ნიშნავს, როცა ივანიშვილი სანქცირებულ რუს მილიარდერს ელაპარაკება?
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები (თუ მისი ნამდვილობა დადასტურდება), აჩვენებს, რომ ქვეყანას კვლავ ივანიშვილი მართავს და აჩვენებს იმასაც, რომ ის არის „ოკუპანტებთან მოთანამშრომლე ფიგურა“, – ასე ფიქრობს „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი.
მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ დროა, გაირკვეს, რით არის დაკავებული საქართველოს მთავრობა - დავალებების შესრულებით თუ საქართველოს ინტერესების დაცვით:
უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახლა, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ის შეხვედრები, რაც ამ ჩანაწერებშია ნახსენები.
„მოქალაქეები არ იმსახურებენ, ჰყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი“, - ეს განცხადება კი ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას ეკუთვნის.
„აუცილებლად მივმართავ წერილობით საზღვრის დაცვას და მაინტერესებს, ამ ადამიანმა როდის გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თარიღები, შემოსვლა-გასვლა, ოფიციალურად ვითხოვ ამას, როგორც პარლამენტის წევრი. მიმაჩნია, რომ თქვენს ინტერესებშია, პირველ რიგში, იმის გაქარწყლება, რომ დადასტურდეს - ეს ჩანაწერები არ არის ნამდვილი, მაგრამ ნამდვილია, ვერავინ უარყოფთ იქ ბიძინა ივანიშვილის ხმას, მის დიალოგს... როდესაც საქართველოს მოქალაქეები უსმენენ, დამალული ბიძინა ივანიშვილი როგორ ელაპარაკება რუსების ოლიგარქებს, რომლებიც სანქცირებული არიან და ამაზე პასუხები არ გაქვთ, ეს აჩენს შიშს ამ ქვეყანაში და ის კი არა, სიმართლეს რომ ვითხოვთ აქ“, - განაცხადა კორძაიამ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, უკრაინელებს, სავარაუდოდ, უკვე მოსმენილი ჰქონდათ ეს აუდიოჩანაწერი და მათ მშვენივრად იციან, რას ნიშნავს სინამდვილეში „Зерно“ - რომ ამ სიტყვაში არა ხორბალი და მარცვლეული, არამედ ფული იგულისხმება:
„აქ არის პირდაპირი მინიშნება ფულზე, დოლარებსა და რესურსებზე“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს ერთი თვის წინ, „თურქული "ბაირაქტარის" პირდაპირი კონკურენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელ ევტუშენკოვთან ჰქონდა საქმიანი მოლაპარაკება“.
მან ასევე გაიხსენა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებაც იმის თაობაზე, თითქოს რუსები აყალიბებდნენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით და განაცხადა, რომ სწორედ ეს საუბარი შეიძლება იყოს ამის ერთ-ერთი დასტურიც.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სანქციების დაწესება მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის და ამ სატელეფონო საუბარში ნახსენები დავითის, სავარაუდოდ, დავით ხიდაშელის წინააღმდეგაც.
Youtube-ზე ამ აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის, როგორც „რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდროდ დაკავშირებული ქართველი ოლიგარქის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა ასევე უკრაინის უმაღლეს რადაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ.
საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას მიმართავს მოძრაობა „სირცხვილიაც“ იმავე მოთხოვნით:
„ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, კრემლის ინტერესების გამტარია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება“, - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერის დუმილი
შეხვდა თუ არა ბოლოს და ბოლოს ღარიბაშვილი უზდენოვს? ამ კითხვაზე პრემიერ-მინისტრისგან ჯერჯერობით პასუხი არ არის. რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით მის პრესსამსახურსაც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით ღარიბაშვილი არ ჩქარობს მედიისთვის განცხადების გაკეთებას.