Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუ უხარისხოდ გვასწავლიდით, ფულს სრულად რატომ ვიხდიდით“? - თსუ-ს სტუდენტები აქციებს აგრძელებენ 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მორიგი აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, სწავლა სექტემბრამდე ისევ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდეს.

2 მაისს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო, მათგან ბევრმა ჰიბრიდული (სააუდიტორიო და დისტანციური) სწავლება გააგრძელა, თსუ კი მოითხოვს, რომ სწავლება მხოლოდ აუდიტორიებში ჩატარდეს. დისტანციური სწავლება ნაკლებად ხარისხიანია - ასეთი პოზიცია აქვს ადმინისტრაციას.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები აცხადებენ, რომ თბილისში ბინის გაძვირებული ქირის გამო, რაიონებში მცხოვრები სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც ასობით ახალგაზრდა საერთოდ განათლების გარეშე რჩება.

განაცხადეთ, რომ ონლაინსწავლება ხარისხიანი არ ყოფილა. თუ ორი წლის განმავლობაში უხარისხოდ გვასწავლიდით, სწავლების ფულს სრულად რატომ ვიხდიდით“, - თქვა აქციაზე გამოსულმა სტუდენტმა სოფიო მოლოშხიამ.

პროტესტის ნიშნად სტუდენტების ნაწილი, ისინიც კი, ვინც თბილისში ცხოვრობენ, დღეს აუდიტორიებში არ შესულა. აქცის მონაწილე ილია ჭანტურია ამბობს, რომ ასობით სტუდენტი ახლაც რეგიონებშია და ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

პატარა კვლევასავით ჩავატარეთ და სადღაც ორი ათასი სტუდენტი ვერ ახერხებდა ბინის თბილისში დაქირავებას. აქედან ნაწილი მაინც ჩამოვიდა ახლა, მეორე ნაწილი ვერ ჩამოდის. ჩვენ ვითხოვთ ერთი მხრივ ჰიბრიდული სწავლების გაგრძელებას, მეორე მხრივ კი, სტუდენტების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“.

უნივერსიტეტს ორი სტუდენტური საცხოვრებელი აქვს, ლისის ტბაზე და ბაგებში. „ღირსების შემლახავი“, - ორი სიტყვით ასე აფასებენ სტუდენტები სიტუაციას ბაგებში. რაც შეეხება ლისს, სტუდენტები ამბობენ, რომ იქ ცხოვრება მეტ-ნაკლებად კიდევ შეიძლება, მაგრამ შორია და ტრანსპორტიც ჭირს.

ლისის დასახლება არ არის მორგებული სტუდენტებზე, ავტობუსით ღამით დაბრუნებას ვერ ახერხებენ, მხოლოდ ტაქსით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან სტუდენტების უმეტესობა მუშაობს და სახლში გვიან ბრუნდება“, - ამბობს ილია ჭანტურია.

ამჯერად ორივე კომპლექსი თითქმის მთლიანად შევსებულია, თსუ-ში აცხადებენ, რომ რეგისტრაცია რამდენჯერმე გამოაცხადეს და ახლა ლისის საერთო საცხოვრებელში მხოლოდ სამი ადგილია დარჩენილი, ბაგებში - ათი.

ჯერ აგერ აქციაზე, ჩემს გარშემო ვიპოვი 50 ადამიანს, რომელსაც ბინა სჭირდება“, - ამბობს ილია ჭანტურია.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ბევრმა მოქალაქემ თავი საქართველოს შეაფარა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ მარტის მონაცემებით, საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16 669, რუსეთის 43 152 და ბელარუსის 19 898 მოქალაქე. აქედან საქართველოში დარჩა უკრაინის 8 151 მოქალაქე, რუსეთის 17 201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14 030 მოქალაქე.

მიგრაციის ამ ტალღის გამო თბილისში ბინების ფასი რადიკალურად გაიზარდა. ყიდვა-გაყიდვის საიტებზე განცხადებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გლდანსა და მუხიანში ერთოთახიანი ბინის დაქირავება 350-400 დოლარი ღირს, ვაკეში კი (ანუ უნივერსიტეტთან ახლოს) - 800 დოლარი.

თსუ-ს სტუდენტი ეკატერინე მაისურაძე ამბობს, რომ მიუხედავად უნივერსიტეტის დაპირებისა, რომ რეგიონებში დარჩენილ სტუდენტებს ყველანაირად დაეხმარებოდნენ, ისინი მათ დისტანციურად ლექციებზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ.

„ვინც ვერ ჩამოდიან [სტუდენტები], როცა სთხოვენ [ლექტორებს] ზუმით ჩაერთონ, არავინ ეხმარება. ბრძანება მოუვიდათ ლექტორებს, რომ ზუმი არ ჩაურთონ სტუდენტებს“, - ამბობს ეკატერინე მაისურაძე.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების აქციები უკვე ორი კვირაა გრძელდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოზიციას არ ცვლის და ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლას არ აპირებს.

გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომელთაც გადაადგილების ფიზიკური საფრთხე ექმნებათ. ფაკულტეტები იმსჯელებენ, თუ რა რესურსით შეიძლება მათი საკითხის მოგვარება და მხარდაჭერა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს 18 თებერვალს მიეწოდათ და, შესაბამისად, მათ 2 თვეზე მეტი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკური პრობლემები მოეგვარებინათ, მეორე მხრივ კი, ორწლიანი პაუზის შემდეგ ფსიქოლოგიურად მომზადებულიყვნენ აუდიტორიაში სწავლისთვის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG