პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დაუყოვნებლივ გადაყვანა მოითხოვა. შუამდგომლობა მან თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმის" განხილვის დროს დააყენა, მიზეზად კი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უფლება მოთხოვნა დავაყენოთ... ძალიან გთხოვთ, მოხდეს ამ საკითხის განხილვა და ერთად მოვახერხოთ ის, რომ სააკაშვილის მდგომარეობის კონსერვაცია მოხდეს. ის ვერ გამოჯანმრთელდება, ეს გამორიცხულია, ეს არის განგრძობითი პროცესი. ექიმების განმარტებაა, რომ დაუყოვნებლივი ჩარევა მოხდეს და ამწუთიერი მდგომარეობის კონსერვაცია", - თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ ვერ მოხერხდება სააკაშვილის მკურნალობა ციხის ტერიტორიაზე:
"სახალხო დამცველიც ამბობს, რომ ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულებაა, არის მიუღებელი და რაკიღა ეს ყველაფერი ეხება მათ შორის ფსიქოლოგიურ ტრავმებს და აქედან გამოწვეულ შედეგებს, ამიტომ სახალხო დამცველი და კონსილიუმი მიიჩნევენ, რომ იმგვარ დაწესებულებაში უნდა იყოს, რომელიც არ ატარებს პენიტენციური დაწესებულების ნიშნებს."
სააკაშვილის საქმის განმხილველმა სამმა მოსამართლემ მაია ქოქიაშვილმა, ნინო ელიაშვილმა და ლიანა ორკოდაშვილმა ამ საკითხზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იმსჯელეს. მათ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, თუმცა დადეს პირობა, რომ პენიტენციურ სამსახურს წერილობით მიმართავდნენ.
"ჩვენ წერილობით მოვთხოვთ პენიტენციურ სამსახურს, რომ დამატებით გვაცნობოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით... სამართლებრივად ჩვენ შეგვიძლია ეს [გავაკეთოთ]... ამ პროცესის გარდა, იცით, რომ ამ კვირაში რამდენიმე პროცესია ბატონ მიხეილთან დაკავშირებით სხვადასხვა საქმეებზე. უბრალოდ, სამომავლოდ, შესაძლებელია იმ პროცესებისთვისაც [გამოიყენოთ]... კი გვპასუხობენ, რომ კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ ჩვენი მხრიდან თქვენს განცხადებაზე რეაგირება, პასუხი ეს შეიძლება იყოს ამ წუთას პროცედურული სახით", - უთხრა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს მოსამართლე ნინო ელიაშვილმა.
ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.