„მნიშვნელოვნად გაუარესებული“, - ასე აღწერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი. კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი - ანორექსიაა.
ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ თქვა, იანვრის ვიზიტის შემდეგ, ექიმებს სააკაშვილი შესამჩნევად დასუსტებული დახვდათ.
მას აქვს დეპრესია, აუტანლობის მიზეზით უარს ამბობს ცილოვან პროდუქტებზე, ჭამს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს და ერთ თვეში დაკლებული აქვს 8 კილო. ცილოვანი შიმშილის ფონზე შესამჩნევია კუნთების განლევა. წამოდგომისას წნევა უვარდება, რასაც მოჰყვება ხოლმე პრე-სინკოპე ანუ გონების დაკარგვის წინა მდგომარეობა.
თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მიუხედავად ციხეში ჩატარებული მედიკამენტოზური მკურნალობისა, იქ არსებული გარემო საკმარისი არ არის სააკაშვილის ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის:
- ფაქტია, რომ ვერ ხერხდება შეთანხმება მასა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის და ის, შეგნებულად თუ შეუგნებლად, უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე.
- არის თუ არა შესაძლებელი საქართველოს რომელიმე კლინიკაში სააკაშვილის ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკურნალობა?
- საქართველოში, ზოგადად, ეს შესაძლოა, მოხერხდეს, თუმცა იმ გარემოში, სადაც ახლა სააკაშვილი იმყოფება, ეს რთულად შესასრულებელი მისიაა, რადგან იქ ის მსგავს სამედიცინო დახმარებას არ იღებს.
- საჭიროა თუ არა სააკაშვილის გადაწყვანა სხვა დაწესებულებაში?
- ჩემი აზრით, გარემოს შეცვლაა საჭირო.
თუ სააკაშვილმა წონაში კლება, კუნთების ხარჯზე ამ ტემპით (თვეში მინუს 8 კილო) გააგრძელა, სამ თვეში ის 24 კილოს დაკარგავს. ეს კი უკვე საგანგაშო მაჩვენებელია. თერაპევტი გრიგოლ ხურციძე ამბობს, რომ ახლა სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა სრულფასოვანი კვება, თუმცა, მისი თქმით, ისიც ფაქტია, მან რომ ეს დაიწყოს, ამისთვის სჭირდება განწყობა, განწყობის შესაქმნელად კი მისი ფსიქოლოგიური პრობლემა უნდა გადაიჭრას.
არსებობს ორი გზა, ამბობს ხურციძე: ნეირო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და მედიკამენტოზური მკურნალობა. ეს ბოლო, მისი შეფასებით, სააკაშვილს არ შველის და მისი მდგომარეობა უარესდება. იმედიც პირველ მეთოდზეა.
- თავად როგორც ამბობს, კედლებში, სადაც ეს დამმართეს, არაფერს ჩავიტარებო.
- ვერ ჭამს თუ არ ჭამს?
- ვერ და არც. ამბობს, რომ როცა საკვებს იღებს, გული ერევა.
- საქართველოში თუა შესაძლებელია ამ სახის მკურნალობის ჩატარება?
- ანორექსიული ადამიანი ციხეში ვერ განიკურნება. ამისთვის საჭიროა სპეციალური დაწესებულება, ნეირო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველოში ასეთი ცენტრი, სამწუხაროდ, არ არსებობს.
- რა საფრთხის წინ შეიძლება დადგეს სააკაშვილი, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი?
- თუ გინახავთ ნაშიმშილარი ადამიანები... აი, ცილოვანი შიმშილობის მაგალითი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს რაც ემართებოდათ ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებში, იკლებდნენ წონაში, შემდეგ ჩნდებოდა ინფექციური დაავადებების რისკი, შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი და ბევრი სხვა სამედიცინო გართულება, რაც შეიძლება მოხდეს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას ურჩევს, შეიქმნას ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.
ნინო ლომჯარიამ ასევე თქვა, რომ შესაძლოა, მოიძებნოს სხვა სამართლებრივო გამოსავალიც. ეს, შესაძლოა, იყოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან სასჯელის მოსახდელად მისი გადაცემა სხვა ქვეყნისთვის, შეწყალება და ა.შ.
„გზები არსებობს. და მათგან ნებისმიერი შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ არა პოლიტიკურად, არამედ, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, რადგან ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება უკვე ოთხი თვეა არ ჰქონია მის პირად ექიმს. არც სხვა ექიმებს, მაგალითად, ფსიქო-სოციალურ ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებს.
„მკურნალობა კრიტიკას ვერ უძლებს, შედეგი სახეზეა!“ - წერს „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და კონსილიუმის დასკვნას ეხმაურება:
„ადრე მესამე სართულიდან ჩამორბოდა, ახლა მარტოსაც უჭირს ჩამოსვლა“
მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეუძლია ხოლმე მის თანაგუნდელს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ეკა ხერხეულიძეს. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მან გუშინ, 26 აპრილსაც ნახა. (მიხეილ სააკაშვილის მონახულების მანდატი აქვს მხოლოდ ადვოკატს და დეპუტატს. სააკაშვილი თავად ამბობს ხოლმე, ვისთან სურს შეხვედრა დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით).
ეკა ხერხეულიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ სააკაშვილს შესამჩნევად უჭირს საკნიდან შეხვედრების ოთახში ჩამოსვლა.
„მესამე სართულიდან ჩამორბოდა ხოლმე, როგორც მას ახასიათებს, ისეთი ნაბიჯებით. ახლა კი მას დახმარება სჭირდება“.
სააკაშვილის მკურნალობის კონკრეტული პროგრამა (51-დღიანი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცის კურსი), როგორც ეკა ხერხეულიძე გვეუბნება, ჯერ კიდევ გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში მისი გადაყვანის დღიდან უნდა დაწყებულიყო, რაც არ მოხდა. რუსთავში ყოფნისას მან კიდევ 21 დღე იშიმშილა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
ექიმების შესვლა სააკაშვილთან აკრძალულია.
მათ შორის, მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, რომელიც რეგულარულად ნახულობდა სააკაშვილს. მას მხოლოდ დაწესებულების ექიმი ეხმარება, რომლისაც ის მადლიერია, გვიყვება ეკა ხერხეულიძე, თუმცა, აქ იგულისხმება კონკრეტული ჩივილის დროს ჩარევა და არა მისი სისტემური მკურნალობა, რაც ესაჭიროებოდა მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
სააკაშვილს აქვს მკვეთრად გამოხატული სისუსტე, ვეღარ იმორჩილებს კიდურებს, მარტოს ძალიან უჭირს სიარული.
„გუშინ მითხრა, ვნერვიულობდი, რომ შენთან შესახვედრად ჩამოსვლას ვერ შევძლებდი, შენ კი საკანში არ ამოგიშვებდნენ, მაგრამ შევძელიო. მანამდე ვინც იყო მისული, მასთან ვერ ჩავიდა. თქვა, რომ დილა ძალიან მიჭირსო“.
ეკა ხერხეულიძე ასევე ამბობს, რომ სააკაშვილი კარგავს წონას, შიმშილობის შემდეგ დარღვეული აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის მექანიზმიც - შეუძლია მხოლოდ რბილი საკვების მიღება. ის ვერ ჭამს, მაგალითად, ხორცს. შეუძლია იკვებოს ძალიან დარბილებული ყველით, კიტრით, იშვიათად ბანანით და ლობიანით.
რაც შეეხება მის ემოციურ მდგომარეობას - ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილი დღეს მთლიანად მოცულია უკრაინის მოვლენებით.
„ცხადია, როცა გრძნობს, რომ მას შეუძლია რეალური დახმარება გაუწიოს უკრაინას და ამ დროს ოთხ კედელშია გამოკეტილი, ეს მოქმედებს მასზე“.
ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ დღეს უკვე საქართველოს ვერცერთ კლინიკაში მას ვეღარ უმკურნალებენ და საჭიროა მისი გადაყვანა უცხოეთის საგანგებოდ შერჩეულ კლინიკაში. ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად გერმანია განიხილება, რადგან იქ არსებობს პრაქტიკა ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ ადამიანის რეაბილიტაციისა.
ბოლოს საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი იხილა 20 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომლის მიმდინარეობისას ის შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა.
პოლიტიკური ანგარიშსწორება და პოლიტიკური შურისძიებაც?
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აკვირდებიან, ყურად იღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება არაერთი დასავლელი პარტნიორის მოწოდებას, მიხეილ სააკაშვილის თაობაზე - ამის მიხედვით გადაწყდება, რა იქნება მათი პოლიტიკური ძალის შემდგომი ნაბიჯები - პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში არც უკომპრომისო გამოსვლები გამორიცხა.
მისი შეფასებით, დღეს მიხეილ სააკააშვილის წინააღმდეგ ერთდროულად ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულებაც და პოლიტიკური შურისძიებაც, რაც, პოლიტიკოსის შეფასებით, ყველაზე ბრუტალური ფორმებით გამოიხატება: სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმით, არაადამიანური მოპყრობით, ფიზიკური ძალადობით.
რისი იმედი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“?
წიკლაური გვეუბნება, რომ სააკაშვილის საკითხის მიმართ ასეთი აქტიური დასავლური ჩართულობა აქამდე არ ყოფილა. ქვეყნიდან მის გაყვანას ითხოვს უკრაინის ხელისუფლება, პოლონეთის სამი უმაღლესი თანამდებობის პირის საქართველოში ბოლოდროინდელი ვიზიტისას ეს იყო მათი ერთ-ერთი ცენტრალური მოთხოვნა. მხარდაჭერას გამოხატავს ბალტიისპირეთიც, საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილიც მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, - ამბობს ნუგზარ წიკლაური.
მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას დღეს ეშინია, მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რადგან კარგად ესმის, რომ თავისუფალი სააკაშვილი ნიშნავს უკრაინის მხარეს მებრძოლ სააკაშვილს:
„რაც ნიშნავს ცივილიზაციის მხარეს დადგომას. ხოლო იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება სრულიად აშკარად იჭერს ოკუპანტი ქვეყნის მხარეს, ეს ნიშნავს, რომ ციხიდან გამოუშვა პოლიტიკური მებრძოლი, რომელიც ისევ შენ დაგიწყებს ბრძოლას - ასე უყურებენ ისინი ამ საკითხს“, - უთხრა ნუგზარ წიკლაურმა რადიო თავისუფლებას.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 27 აპრილს თბილისში, უკრაინულ სკოლას ეწვია, ჟურნალისტებთან საუბრისას გაიმეორა, რომ სააკაშვილი საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით ჩამოვიდა“:
„რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის, ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები. უნდა მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ყველა?!“ - ღარიბაშვილმა ასევე თქვა, ივანიშვილს რომ არ მოეცილებინა ეს ქვეყნის გამანადგურებელი ძალა, სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაში იქნებოდაო:
„და იქნებოდა (აქ) მეორე მარიუპოლი), ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა თქვენც და ყველაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბოლო კვირის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს სთხოვა:
„როდესაც თქვენ, ჩვენ, მსოფლიოსთან ერთად ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, როდესაც იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ის პირველივე დღეს ჩააგდეს, როდესაც აქ, სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ და სხვა ციხეებთანაც უწყობდნენ აქციებს, ძალადობდნენ მასზე ფსიქოლოგიურად. ქალბატონო სალომე, ეს ყველაფერი თქვენ ხომ იცით“.
სალომე ზურაბიშვილი მას არ გამოხმაურებია. მისი პოზიცია, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, ჯერჯერობით უცვლელი რჩება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
მან დაკავების დღიდან 50 დღე იშიმშილა და დათანხმდა პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას იმ პირობით, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ, ისეთ კლინიკაში წაყვანა, სადაც მას სისტემურად უმკურნალებენ.