Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი, აი, ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, დღეს საქართველოშიც ომი იქნებოდა. ის თვლის, რომ ომი საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა აარიდა, რომელიც მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასულია.

„ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას მე ვისურვებდი, რომ ყველა ქართველმა თუ არა ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა.

მე მინდა თქვენ დაგისვათ კითხვა და 1 წამით წარმოვიდგიოთ ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს ქვეყნის დამღუპველი და გამანადგირებელი ძალა, სააკაშვილის მეთაურობით, დღეს გარანტიას გაძლევთ რომ იქნებოდა ისევ სააკაშვილი ხელისუფლებაში და დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი, და აი ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვლმა თქვნეც და ყველა, “
- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დღეს გამოქვეყნებულ კვლევას შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების კავშირებზე რუსულ ბიზნესებთან.

დღესვე, პრემიერ-მინიტრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მიზეზად ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და ომის დაწყების დაწყების მცდელობა დაასახელა. მან კიდევ ერთხელ თქვა ის, რომ სააკაშვილი ქვეყანაში "ოპოზიური ლიდერების მასობრივ მკვლელობებს" გეგმავდა.

"დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა და მე მინდა მთავარი კითხვა დაგისვათ, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში?! ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების და მოეხდინა გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, ოკუპორებულ ქვეყანაში ნიშნავდა ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას აგარიდეთ, მაგალითად - თქვენ და ყველა" - უთხრა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. ის ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ომი უნდა დაწყებულიყო უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში და სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის.

მარიუპოლი, უკრაინის ზღვისპირა საპორტო ქალაქი, რომელიც ორი თვეა რუსული ჯარის ალყაშია, ამ დროისთვის მიიჩნევა გაუტეხელობისა და უკრაინული შეიარაღებული ძალების ძლიერების სიმბოლოდ. თითქმის მიწასთან გასწორებული ქალაქის აღებას რუსეთის არმია ამ დრომდე ვერ ახერხებს - მას ძირითად წინააღმდეგობას აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული სამხედროები უწევენ.

დღესვე, 15-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ისინი 25 აპრილს გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ "აუდიოჩანაწერის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და გავლენას საქართველოს მთავრობის მეთაურზე."

აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის. ის სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქირებული ბიზნესმენის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარს მოიცავს.

XS
SM
MD
LG