Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა პარასკევს, 22 აპრილს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებენ ომბუდსმენის პრესსამსახურში.

კონსილიუმის ერთ-ერთ წევრი გიორგი გრიგოლია, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ამბობს, რომ სააკაშვილთან ნევროპათოლოგი და კარდიოლოგი იყვნენ შესული.

"ჩვენ გვექნება საერთო კონსილიუმი, რომ გავარჩიოთ ის ინფორმაცია, რაც გამოიტანეს და ზოგადად, პირველი შთაბეჭდილებაა, რომ დამძიმებულია - გამწვავებულია ძველი ჩივილები და გადასულია შემდეგ სტადიაში, საკვებს ვერ იღებს", - უთხრა გრიგოლიამ "TV პირველს".

სახალხო დამცველის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნას რამდენიმე დღეში გააცნობენ მედიას.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.

იმ დღეს, როცა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა სააკაშვილი ციხეში მოინახულეს, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყება უსაფუძვლოს უწოდებდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

XS
SM
MD
LG