Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აზოვსტალს“ შეფარებული მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნის მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 აპრილს


ჯარისკაცებზე ზრუნვა თუ მძიმე ბრძოლის თავიდან არიდება? - რატომ შეწყდა რუსეთის იერიში „აზოვსტალზე“?

ვლადიმირ პუტინმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთვის მიცემული დავალება სამხედროების სიცოცხლეზე ზრუნვით ახსნა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა ალექსეი არესტოვიჩა ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ პუტინმა „მძიმე ბრძოლას“ აარიდა თავი, რომელიც რუს ჯარისკაცებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მოუწევდათ.

ამ დრომდე ვერ ხერხდება სრულად გამოყვანა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ქარხანას აფარებენ თავს. ორი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ჯგუფმა შეძლო ტერიტორიის დატოვება, დანარჩენები კი უსაფრთხო დერეფნის მოლოდინში არიან.

„ასობით სამოქალაქო პირი, ბავშვები, უკრაინის დაჭრილი დამცველები ქარხნის თავშესაფრებში რჩებიან. მათ თითქმის აღარ აქვთ საჭმელი, წყალი, საჭირო მედიკამენტები. საჭიროა დროული ჰუმანიტარული დერეფანი „აზოვსტალიდან“, ხალხის უსაფრთხოების გარანტიით“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.

უკრაინის ომის შესახებ სიახლეებს გაეცანი რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

სახელმწიფო მოგისმენთ და გითვალთვალებთ იმდენ ხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის - ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებს იწყებს

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც აადვილებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მიყურადებასა და თვალთვალს. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

„ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს აკანონებს”, - აცხადებს არასამთავრობო სექტორი და პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს ცვლილებები.

თუ კანონპროექტს დაამტკიცებენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეიცვლება შემდეგი:

  • 3 თვით გაიზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხანგრძლივობა;
  • შეტყობინების წესი იმ პირისთვის, ვისაც სახელმწიფო უსმენს ან/და უთვალთვალებს. შესაძლოა ადამიანმა ვერც ვერასოდეს გაიგოს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 სახის დანაშაულზე იქნება შესაძლებელი;
  • 100 სახის დანაშაულზე ფარული მოსმენა შეიძლება უვადოდ გაგრძელდეს.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

კინოცენტრის კონკურსის დამტკიცებული ჟიური კარლო სიხარულიძემ ახლით ჩაანაცვლა

კინორეჟისორი და პროდიუსერი, სალომე ჯაში ავრცელებს ინფორმაციას კინოცენტრის საკონკურსო ჟიურის ახალი შემადგენლობის შესახებ, რომელიც კინოცენტრის ახალმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, კახა (კარლო) სიხარულიძემ დაამტკიცა.

სალომე ჯაშის ინფორმაციით, "პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად" გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეებს გასაუბრებაზე შეცვლილი შემადგენლობა შეხვდათ. მათ შესახებ ინფორმაცია არც კულტურის სამინისტროს და არც კინოცენტრის ფეისბუკის გვერდზე განთავსებული ამ დრომდე არ არის. ვებსაიტი სამინისტროს დამოუკიდებლად არსებობის ერთი წლის შემდეგ ჯერაც არ აქვს.

ჟიურის შემადგენლობა, რომელიც კახა (კარლო) სიხარულიძემ დააკომპლექტა, ასეთია:

  • გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების დარგში, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენ-ის ერთ-ერთი მეწილე
  • ბაჩო ოდიშარია - კინოკრიტიკოსი, Post TV-ის წამყვანი
  • მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი
  • რუსუდან გლურჯიძე - რეჟისორი
  • ირაკლი სამსონაძე - დრამატურგი და მწერალი
  • გიორგი ცხვედიანი - რეჟისორი
  • გიორგი მეგრელიშვილი - მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი

წაიკითხე მეტი.

NDI: მოსახლეობის ნახევრისთვის საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების არდაწესება მისაღებია

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე გამოკითხულისთვის მისაღებია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდეს. კვლევაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს გამოქვეყნდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის განწყობებია ასახული.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა.

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებასა და რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის.

წაიკითხე მეტი.

აშშ უკრაინას ახალ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უგზავნის

აშშ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მორიგ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას გაუწევს. უკრაინას გადაეცემა 500 მილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარება, 800 მილიონი დოლარის მძიმე ტექნიკა და შეიარაღება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

"ამ პაკეტში შედის მძიმე საარტილერიო იარაღი, ათობით საარტილერიო ქვემეხი და 144 000 საბრძოლო მასალა ამ ქვემეხებისთვის. იგი მოიცავს ასევე უფრო მეტ უპილოტო თვითმფრინავს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელიც კონგრესს მიმართავს უკრაინისათვის დახმარების გაფართოებისთვის.

ბაიდენმა რუსეთის მიმართ მორიგი სანქციების შესახებაც გამოაცხადა. მისი თქმით, ვერცერთი გემი, რომელიც რუსეთის დროშებით დაცურავს ან აფილირებულია რუსეთთან, ვეღარ შევა აშშ-ის პორტებში.

წაიკითხე მეტი.

"უნდა დავეხმაროთ არმიას... მთავარსარდალს" - ვის აომებს რუსეთი უკრაინასთან?

უკრაინაში ომის პირველი წარუმატებელი ფაზის შემდეგ, რუსეთმა გარღვევას ჯერჯერობით ვერც დონბასში, წინასწარ გამოცხადებული „საშინელი მეორე ფაზის“ ფარგლებში მიაღწია, რომელიც უკვე 4 დღეა დაიწყო.

ანალიტიკოსები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ რუსეთს არ ეყოფა ძალა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დაიკავოს მთელი ტერიტორია ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ისინი ხედავენ აშკარა ნიშნებს, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებში ბრძოლის ჟინის გაღვიძებას სხვადასხვა გზით უშედეგოდ ცდილობს.

თავის მხრივ კი, კიევი იტყობინება მტრის წარმატებით მოგერიების შესახებ და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი ამბობს, უკრაინის არმიამ 20 აპრილს მწყობრიდან გამოიყვანა ერთი მთელი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (БТГ) და ყოველდღე იმავეს უკეთებს, სულ ცოტა, ნახევარ БТГ-ს, მძიმე ტექნიკის განადგურების გზით.

რა ხდება ახლა და რა მდგომარეობა იქნება 9 მაისისთვის, როცა რუსეთში "სამამულო ომში" გამარჯვების ზეიმს გეგმავენ? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG