Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი კუნსი: აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება


სენატორი კრის კუნსი, სენატორი ბობ ქეისი
სენატორი კრის კუნსი, სენატორი ბობ ქეისი

საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის შესახებ. დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, რომ აფასებენ პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომლებსაც საერთო ფასეულობები და მისწრაფებები აქვთ.

სენატორმა მიჩიგანიდან, გარი პიტერსმა, საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მსოფლიო დადგეს ერთად და დემოკრატიები გაძლიერდნენ.

„მე მინდოდა, რომ კოლეგებთან ერთად ჩამოვსულიყავი და ერთობლივი ხმა მიგვეწვდინა ხალხისთვის - გვეთქვა, რომ დემოკრატია იქნება ძლიერი და გაერთიანებული. ჩვენ საშინელი აგრესია ვიხილეთ რუსეთის მხრიდან უკრაინელი ადამიანების წინააღმდეგ. უკრაინელები დაუჯერებელ სიმტკიცესა და სიმამაცეს იჩენენ და ჩვენ განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას ყველა მიმართულებით როგორც ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო დახმარებით.

რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი ბოლო ამ კვირების განმავლობაში? არა მარტო უკრაინელი ხალხის სიმამაცე, არამედ ის, რომ მსოფლიოში ყველა დემოკრატიამ გაიაზრა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ იმისათვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც არის საჭირო და უკუვაგდოთ აგრესია, რაც მომდინარეობს პუტინისა და სხვებისგან. ამიტომ მინდა, რომ მეტი გავიგოთ საქართველოს შესახებ. მინდა, ყველას ვაცნობო საქართველოში, რომ მე მინდა, გაგრძელდეს მხარდაჭერა, რათა გაძლიერდეს დემოკრატია, რომელიც ამდენი ათწლეულია თქვენთან მშენებლობის პროცესშია", - თქვა გარი პიტერსმა.

სენატორმა კუნსმა დაამატა, რომ აშშ-მა დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. „კიდევ ჩვენ სხვადასხვაგვარად ვეხმარებოდით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში, უსაფრთხოებასა და კანონის უზენაესობაში. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის გამყარებას".

სენატორმა აღნიშნა გაეროში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პოზიცია.

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის დელეგაციის პრესკონფერენცია
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის დელეგაციის პრესკონფერენცია

კუნსი მადლობას უხდის ქართველებს ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს აშშ-ის გვერდით დგომისა და თავგანწირვისთვის. სენატორებს სურთ წვრთნების და აღჭურვილობის თვალსაზრისით თანამშრომლობის გაგრძელება.

კრის კუნსმა აგრეთვე ილაპარაკა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე: „ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ კიდევ, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას და თავისუფალ მედიას. ჩვენ ვიღებთ თქვენგან შეკითხვებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ არჩეული ოფიციალური პირები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვაფასებთ მასმედიას და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური ზეწოლის მხრივ და როგორ შეიძლება მხარდაჭერა საქართველოსთვის. ჩვენ განვაგრძობთ ერთად წინსვლას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ და უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და დახმარებას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით", - აცხადებს ის.

სენატორებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის საკითხზე.

„ერთ-ერთი გაკვეთილი წინა წლებიდან, რაც მივიღეთ, ეს იყო ის, რომ აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება", - აღნიშნა კუნსმა. მან განმარტა, რომ საქართველოში, მოლდოვასა და ყირიმში საერთო ნიშან-თვისებები ხასიათდება. მისი თქმით, დასავლეთიდან საჭირო არის გაერთიანებული რეაგირება იმისათვის, რომ ეს განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუგდებული იყოს.

რაც შეეხება შეცდომას, ის მადლიერია იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი უკვე აჩვენებს ერთობას, რათა რეაგირება მოახდინოს იმ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინაში ხდება.

სენატორები ამბობენ, რომ უკრაინას მიაწვდიან უფრო მაღალტექნოლოგიურ იარაღს.

„რაც შეეხება ქართველებს, მათ იციან ის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან აგრესიასა და რუსეთის შემოსვლასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. ერთად დავდგეთ და ვიმუშაოთ, მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ უკრაინელებს. სწორედ ასევე ვაჩვენებთ, რომ წინა ისტორიის თავებიდან ჩვენ მართლაც ვისწავლეთ რაღაც", - თქვა კრის კუნსმა.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ ქეისი, კონგრესმენები სტეფან მერფი, ქეით ლირაისი, დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.

სენატორები და კონგრესმენები საქართველოში შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რუსეთიდან გადმოსახლებულ რუს დისიდენტებს და უკრაინელ ლტოლვილებს. ამ წუთებში ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ღონისძიებაზე იმყოფებიან.

მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაციას საქართველოს გარდა, ტურნე აქვს საფრანგეთსა და იტალიაში.

XS
SM
MD
LG