გაეროს კონვენციით განსაზღვრული გენოციდი რთულად დასამტკიცებელი დანაშაულია და ხშირად საკამათოც ხდება. შესაბამისად, ბევრი ქვეყანა ათეულობით წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს საკუთარი პოზიციის დამტკიცებას. ამავე დროს, ერთია საერთაშორისო სამართალი და მეორეა პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა.
მსოფლიო პრაქტიკაში არის არაერთი შემთხვევა, როცა რომელიმე ქვეყნის გენოციდის აღიარება ხდება სხვა ქვეყნების მიერ, საერთაშორისო სასამართლოს დასკვნის არარსებობის მიუხედავად. უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები გენოციდად სიტყვიერად უკვე აღიარა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა. თავი შეიკავა საფრანგეთის ხელისუფლებამ და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც.
რა არის გენოციდი?
ბერძნულ-ლათინური ჰიბრიდული სიტყვა გენოციდი ჯიშის, თემის მკვლელობის აქტს ნიშნავს და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს დამტკიცებული კონვენციით, მასობრივი ხასიათის მძიმე დანაშაულად ითვლება. სწორედ ამ კონვენციით განისაზღვრება გენოციდის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსიც.
კონვენციის თანახმად, გენოციდად მიიჩნევა ქმედება წინასწარი განზრახვით, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდეს "ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ანდა რელიგიური ჯგუფი, როგორც ასეთი“. დანაშაულად ითვლება ასეთი ჯგუფების წარმომადგენელთა:
- მკვლელობა;
- სხეულის სერიოზული დაზიანება ანდა გონებრივ აშლილობამდე მიყვანა;
- წინასწარი განზრახვით ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომლებიც გათვლილია სრულ ან ნაწილობრივად ფიზიკურ განადგურებაზე;
- შობადობის შეწყვეტაზე გათვლილი ზომების მიღება;
- ბავშვების იძულებით გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორისთვის.
კონვენციით დასჯადია როგორც გენოციდის აქტი, ასევე შეთქმულება გენოციდის განხორციელების მიზნით, წაქეზება გენოციდისკენ ანდა გენოციდში თანამონაწილეობა. დამნაშავედ შეიძლება ჩაითვალოს როგორც კერძო პირი და თანამდებობის პირი, ასევე ხელისუფალი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, რომელიც უკრაინაში ჩავიდა, 14 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა „დანაშაულის ადგილია“.
კარიმ ხანის თქმით, არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმისა, რომ უკრაინაში ჩადენილია დანაშაული, რომელიც ხვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში.
გენოციდის დადგენა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პრეროგატივაა. იგივე სასამართლო ადგენს ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს და საომარ აგრესიას.
რამდენად იოლია გენოციდის დადგენა?
მსოფლიო მშვიდობიანი ადამიანების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მრავალ ფაქტს იცნობს, მაგრამ, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო სამართლის მიერ გენოციდად აღიარებულია მხოლოდ რამდენიმე მოვლენა და მაგალითად:
- ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება მეორე მსოფლიო ომის დროს (1940-იანი წლები);
- 1994 წელს მომხდარი ხოცვა-ჟლეტა რუანდაში;
- 1995 წლის ბოსნიის ომის დროს მუსლიმთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა სრებრენიცაში.
საერთაშორისო სასამართლომ გენოციდად არ აღიარა, მაგალითად, ხორვატიის ვუკოვარში რამდენიმე ასეული ხორვატის მკვლელობა და ეს ფაქტი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად იქნა ცნობილი.
პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი და იელის უნივერსიტეტის გენოციდის კვლევის პროგრამის დირექტორი, დევიდ საიმონი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ გენოციდის დადგენა საკმაოდ სკრუპულოზურ მიდგომას მოითხოვს.
„ნებისმიერი გენოციდი წარმოადგენს ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, მაგრამ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ყველა დანაშაული არ არის გენოციდი, რადგან ყოველთვის ვერ ხერხდება იმის დამტკიცება, რომ დანაშაული მოტივირებულია განზრახვით, რომ სრულად განადგურდეს მთელი ჯგუფი ანდა ნაწილობრივ მოხდეს“, - ამბობს დევიდ საიმონი და დასძენს, რომ გენოციდის დასადგენად აუცილებელია, რომ გამოიკვეთოს წინასწარი განზრახვა და მიზანი - მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ანდა რელიგიური ჯგუფი.
საიმონი განმარტავს ასევე, რომ, ამ პრინციპით, უკრაინელების გენოციდის დასადასტურებლად საჭირო იქნება „მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობისა და მკვლელობის, ქუჩებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის“ დაკავშირება „კრემლის, პუტინის ან თუნდაც ადგილობრივი სამხედრო მეთაურების გაცხადებულ საომარ მიზნებთან“, რომ ეს უშუალოდ უკრაინელი ხალხის გასანადგურებლად კეთდებოდა.
„ჩვენ შეიძლება რაღაც მსგავსი აღმოვაჩინოთ“, - ამბობს ის და მოჰყავს შესაძლო განვითარების ერთი ასეთი სცენარიც:
- „კრემლთან დაკავშირებულმა, სულ მცირე, ზოგიერთმა ადამიანმა [რუსულ] სახელმწიფო მედიასაშუალებებში დაწეროს რაღაც იმის მსგავსი, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ლიკვიდირებულ უნდა იქნეს... და, რა თქმა უნდა, ისინი ამ ხელისუფლებას ნეონაცისტებად მოიხსენიებენ ამა თუ იმ ფორმით“.
- „უწოდო უკრაინელებს "ნეონაცისტები", არის მათთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრებისთვის, პოლიტიკური სტატუსის ჩამორთმევის მცდელობა... თუ თქვენ განურჩევლად იყენებთ ["ნეონაცისტს"], როგორც შეურაცხმყოფელ გამოთქმას, და არა როგორც კონკრეტულ აღნიშვნას, მაშინ მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფის აღმნიშვნელი - ეს არის მთლიანობაში ეროვნული ჯგუფის მიზანში ამოღების საშუალება“;
- „ამდენად, თუ თქვენ აერთიანებთ პოლიტიკურ წევრობას ეროვნულ იდენტობასთან, და შემდეგ ამბობთ, რომ ამ იდენტობის ჯგუფის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია ან განადგურება უნდა მოხდეს, თქვენ აკეთებთ მოწოდებას ჯგუფის, როგორც ასეთის, განადგურებისკენ და, ამდენად, ეს შეიძლება გენოციდის კონვენციის თანახმად იყოს გენოციდი“.
ქვეყნების მხარდაჭერა
ბუჩაში, ბერდიანსკსა თუ უკრაინის სხვა ქალაქებსა და სოფლებში რუსმა სამხედროებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, მათ შორის - ქალები და ბავშვები. ტერიტორიებიდან რუსების გასვლის შემდეგ აღმოჩენილი გვამების ერთ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული და ტყვია კეფაში, უკნიდან ჰქონდა ნასროლი.
ამ ფაქტებს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი იძიებს. თუმცა მანამდე, მსოფლიოს ლიდერები ნანახს სიტყვიერად უკვე გენოციდად აფასებენ, რასაც შესაძლოა საკანონმდებლო ნაბიჯებიც მოჰყვეს.
ასეთი განცხადებები გააკეთეს, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. 14 აპრილს საშინელი ფაქტების ერთობლიობა გენოციდად აღიარა უკრაინის რადამ.
უკრაინა იმედგაცრუებული დატოვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თავშეკავებამ - რუსეთის ნამოქმედარისთვის ეწოდებინა გენოციდი და იმანაც, რომ რუსებსა და უკრაინელებს მან „ძმები“ უწოდა. ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ „გენოციდის კვალიფიკაცია უნდა მოახდინონ იურისტებმა და არა პოლიტიკოსებმა“.
ასეთივე პოზიცია გამოხატეს საქართველოს ხელისუფლებაშიც.
„ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. იყო [ემანუელ] მაკრონის კრიტიკული განცხადება [ჯო] ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ამაზე არ არის პოზიცია ჩამოყალიბებული საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორები ჰააგაში. დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. როცა იქნება შესაბამისი შეფასება, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები“, - თქვა 14 აპრილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის ასეთი მიდგომა არ გაჰკვირვებია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ხელისუფლება აგრძელებს „ფრთხილ“ პოლიტიკას, რომელიც მანამდე რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე უარის თქმით გამოიხატა.
ადამიანების მასობრივი განადგურებისა და ხოცვა-ჟლეტის მრავალი ფაქტის შესახებ საერთოდ არ უმსჯელიათ საერთაშორისო ტრიბუნალებზე, თუმცა ამა თუ იმ ქვეყანაში მომხდარი მსგავსი ფაქტები აღიარებულია სხვა ქვეყნების მიერ და ეს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერად მიიჩნევა.
საერთაშორისო დონეზე გენოციდად არ არის აღიარებული, მაგალითად, უკრაინელების ჰოლოდომორად ცნობილი მოვლენა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ, გასული საუკუნის 30-იან წლებში, შიმშილით დახოცა 7 მილიონამდე უკრაინელი.
„დღევანდელი რეზოლუცია კიდევ ერთ ისტორიულ ვალს იხდის. განსაკუთრებით - რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სომხეთს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რომ შემოეკრიბა მხარდამჭერი ქვეყნები, რათა მათ ოსმალეთის იმპერიის მიერ (1915-1923 წლებში) 1,5 მილიონამდე სომხის განადგურების ფაქტისთვის გენოციდი ეწოდებინათ.
აღიარების პროცესს აქტიურად ლობირებდა სომეხთა დიასპორა აშშ-სა და საფრანგეთში. ზოგადად, სომეხთა გენოციდის აღიარება ერთგვარ ტაბუდადებულ საკითხად მიიჩნევა, თურქეთის გაღიზიანების რისკის გამო.
2011 წელს, საქართველოს პარლამენტმა გენოციდად აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან.
ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა არა რომელიმე საერთაშორისო სასანართლოს შეფასებებს, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო დასკვნას და ასევე, გენოციდის აღიარების თაობაზე ჩერქეზული დიასპორების მიმართვის წერილებს.