Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა


ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია ჰოლოდომორის - XX საუკუნის 30-იან წლებში უკრაინის ტერიტორიაზე შიმშილობის - ხსოვნის შესახებ. სხვადასხვა შეფასებით, მაშინ შიმშილით დაიღუპა ორიდან შვიდ მილიონამდე ადამიანი, ანუ რესპუბლიკის მოსახლობის ერთ მეოთხედამდე.

დოკუმენტში, რომლის ტექსტიც მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, დეპუტატები წერენ, რომ ჰოლოდომორი მოხდა სსრკ-ში ძალადობრივი კოლექტივიზაციის ფონზე. 1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინელი გლეხები აიძულა, გაუმართლებლად მაღალი გადასახადები გადაეხადათ პურზე. ამ ზომას თან ახლდა რეპრესიების სხვა ფორმები და 1932 წლის გაზაფხულზე მასობრივი შიმშილობა გამოიწვია. ამასთან, საბჭოთა კავშირი განაგრძობდა მარცვლეულის ექსპორტს, ნათქვამია რეზოლუციაში.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ შიმშილობა გამიზნულად მოაწყო მოსკოვის ხელმძღვანელობამ სტალინის მეთაურობით. „დღევანდელი რეზოლუცია კიდევ ერთ ისტორიულ ვალს იხდის. განსაკუთრებით - რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცალკეულმა დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის არმიის მოქმედებას კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში.

ბუჩიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ქალაქში შესული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ათობით მოკლული სამოქალაქო პირი, რომელთაგან ბევრი ეზოებში, ქუჩებსა და საკუთარ სახლებში იყო დახვრეტილი. ბევრ მათგანს ზურგს უკან ჰქონდა ხელები შეკრული. რუსეთი უარყოფს ბრალდებებს და ბუჩის ტრაგედიას „დადგმულს“ უწოდებს.

2006 წელს უკრაინამ ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ გენოციდის აქტად.

2018 წელს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ მრავალმილიონიანი მსხვერპლი იყო სსრკ-ის ხელმძღვანელის, იოსებ სტალინისა და მისი გარემოცვის მიზანმიმართული მოქმედებების შედეგი და რომ მათ გენოციდი მოაწყვეს, რათა გაეტეხათ კოლექტივიზაციისა და კომუნისტური რეჟიმისადმი წინააღმდეგობა.

რუსეთის ოფიციალური პოზიციით, ჰოლოდომორი არ შეიძლება იქნეს განხილული სსრკ-ის სხვა მხარეებში შიმშილობისგან დამოუკიდებლად მაშინ, როცა ხალხის მასობრივი სიკვდილი იყო „უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა“ და „რუსი, უკრაინელი, ყაზახი და სხვა საბჭოთა ხალხების საერთო ტრაგედია“.

XS
SM
MD
LG