რუსეთში, პენზის ოლქში, სოფელ მალაია სერდობაში დგას მოკრძალებული ძეგლი: ჯვარი წარწერით „აქ განისვენებენ საბჭოთა კავშირში შიმშილით („ჰოლოდომორით“) დაღუპულები“. 1930-34 წლებში სოფელში შიმშილით დაიღუპა ყოველი მეოთხე, რომელთა ნეშტი საძმო სამარხებში ინახებოდა.
ეს ჯვარი 1992 წელს აღიმართა, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მასწავლებლის, მიხაილ დოლგოვის შვილის მიერ და დღემდე ერთადერთი ძეგლია, რომელიც სტალინური კოლექტივიზაციის შედეგად ხელოვნურად გამოწვეული „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნისადმია მიძღვნილი.
მთლიანობაში „ჰოლოდომორის“ შედეგად დაღუპულთა სავარაუდო საერთო რაოდენობა 9,4 მილიონ ადამიანს შეადგენს. ქვეყნების მიხედვით უკრაინაში დაიღუპა 4 მილიონი, რუსეთში - 2,5 მილიონი, ყაზახეთში - 1,5, ბელარუსში - 1,5 მილიონი.
ამერიკელი მწერალი ქალი კეტლინ ვიტკოვსკი-ტაპი 12-ჯერ იმყოფებოდა რუსეთში. მას აინტერესებდა ქრისტიანების ცხოვრება საბჭოთა კავშირში, შიმშილობა და რეპრესიები.
ამ მოგზაურობაში ამერიკელ მწერალს თან ახლდა დოკუმენტური ფილმის, „დიდი ტყუილის“ („Большая ложь“) გადამღები ჯგუფი. ნიუ-იორკში მცხოვრები რეჟისორი იგორ რუნოვო დაინტერესდა აშშ-ის როლით 30-იანი წლების ტრაგიკულ მოვლენებში. იმხანად დიდ დეპრესიაში მყოფი ამერიკა სტალინს აწვდიდა ქარხნებისათვის საჭირო მოწყობილობას, რისთვისაც საბჭოთა კავშირი ანგარიშსწორებას ახდენდა იმ ფულით, რომელსაც კრემლი გლეხებისგან ამოღებული ხორბლის გაყიდვით ღებულობდა.
იმის თაობაზე, რომ სსრკ-ში გლეხები იღუპებოდნენ, დასავლეთში არაფერი იცოდნენ.
პულიცერის პრემიის ლაურეატი, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მოსკოველი კორესპონდენტი, უოლტერ დიურანტი საიდუმლოდ მუშაობდა სტალინის სასარგებლოდ და თავის გავლენას იყენებდა, რათა დისკრედიტაცია მოეხდინა ცნობებისა, რომლებიც ამ მასშტაბის კატასტროფაზე იუწყებოდნენ. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი, მისივე აღიარებით, სწორედ ამ რეპორტაჟების წყალობით წავიდა საბჭოთა კავშირთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
2019 წლის თებერვალში გაიმართა ფილმ „მისტერ ჯონსის“ პრემიერა, რომელშიც მოთხრობილია დიურანტის კონფლიქტზე „ჰოლოდომორის“ თვითმხილველ ბრიტანელ ჟურნალისტ ჰარეტა ჯონსთან.
„დიდი სიცრუის სტრატეგია“, რაც ადოლფ ჰიტლერის მიერ იყო ფორმულირებული „მაინ კამპფში“, პრაქტიკაში პირველად გამოყენებულ იქნა სტალინის მიერ, რათა დაემალა 30-იანის წლების პირველი ნახევრის „ჰოლოდომორის“ შემზარავი შედეგები.
დარწმუნებული ვარ, რომ 30-იან წლებში შიმშილის შედეგად დაღუპულები უნდა გაუთანაბრდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ.
ფილმ „დიდი ტყუილის“ მთავარი გმირი დღევანდელი რუსეთში ჩადის. ქვეყანაში მოგზაურობისას იგი ხვდება „ჰოლოდომორის“ ცოცხლად დარჩენილ უკანასკნელ თვითმხილველებს. დროთა განმავლობაში იგი ხვდება, რომ რუსეთის მიერ საკუთარი გლეხების წინააღმდეგ 100 წლის წინ დაწყებული ბრძოლა, ჯერაც არ არის დასრულებული. მისთვის ცხადი ხდება ასევე ის ორაზროვანი როლი, რომელიც აშშ-ის მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა და ბიზნესმა ითამაშეს საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 30-იან წლებში.
რეჟისორ იგორ რუნოვისათვის, რომელიც საბჭოთა პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროს „ვნეშტორგში“ მუშაობდა, „დიდი ტყუილი“ მისი მესამე დოკუმენტური ფილმია, რომელსაც 2019 წელს რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ.
ხოლო გაქირავებიდან მიღებულ თანხას რეჟისორი რუსეთში „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის ასაგებად დახარჯავს. ანა გრემმა, სკულპტორ ერნსტ ნეიზვესტნის ქვრივმა, თანხმობა განაცხადა, რომ ამ მიზნისათვის გამოიყენოს მის მიერ ჩაფიქრებული, მაგრამ ჯერჯერობით დაუმთავრებელი ნამუშევარი.
ფილმის შესახებ რეჟისორი იგორ რუნოვს რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანამშრომელ დმიტრი ვოლჩეკი ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწყვეტს.
იგორ რუნოვი: ვფიქრობ, „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა მემორიალი, ადრე თუ გვიან, რუსეთის ყველა იმ რაიონში აიგება, რომელიც „დაჩქარებული“ კოლექტივიზაციის შედეგად დაზარალდა. კერძოდ, კრასნოდარში, სტავროპოლში, როსტოვში, ვოლგისპირეთსა და სხვა რაიონებში. დარწმუნებული ვარ, რომ 30-იან წლებში შიმშილის შედეგად დაღუპულები უნდა გაუთანაბრდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთ. ვიმედოვნებ, რომ ასეთი მემორიალის აგების იდეა, მათ შორის ჩვენი ფილმის შედეგადაც, მხარდაჭერას პოვებს რუსეთში ამ რეგიონების მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან.
დმიტრი ვოლჩეკი: როგორ გაიცანით თქვენი ფილმის მთავარი გმირი, მწერალი კეტი ვიტკოვსკი-ტაპი?
რამაც განმაცვიფრა, პირველად სატალინის „დიდი სიცრუე“ აიტაცა სწორედ ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და მისმა მოსკოველმა კორესპონდენტმა უოლტერ დიურანტიმ...
იგორ რუნოვი: კეტისთან ჩემი ნაცნობობა დაიწყო 1990-იანი წლებიდან. განათლებით ჟურნალისტი კეტი მაშინ მუშაობდა ალიასკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტად და ერთად ვამზადებდით ამერიკული ბიზნესის პირველ დესანტს საბჭოთა შორეულ აღმოსავლეთში. შემდეგ ის დაუბრუნდა თავის ძირითად პროფესიას და გადაწყვიტა რუსეთზე წიგნის დაწერა. ეს რომ გავიგე, ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა გაგვეერთიანებინა ეს ორი თემა - სტალინური რეპრესიები, „ჰოლოდომორი“ და ის, თუ როგორ მოახერხა სტალინმა მთელი მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის გაცურება და ამ დანაშაულის დამალვა... რამაც განმაცვიფრა, პირველად სატალინის „დიდი სიცრუე“ აიტაცა სწორედ ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და მისმა მოსკოველმა კორესპონდენტმა უოლტერ დიურანტიმ, რომელმაც „ჰოლოდომორის“ შესახებ გაჟონილ ინფორმაციებს უწოდა „შეგნებული ცილისწამება“ სტალინისა და მისი სტრატეგიული გენიის წინააღმდეგ. არანაკლებ მიამიტურად ჟღერს დღეს იმაზე კამათი, თითქოს ეს იყო „აუცილებელი საზღაური“ დიდ სამამულო ომში გამარჯვების სანაცვლოდ, იმ დროის „სამშობლოს ფარის“ გამოსაჭედად. რა „ფარია“ ეს, როდესაც ვერ დაიცვა 42 მილიონი საბჭოთა მოქალქე, რომლებიც ამ ომის დროს დაიღუპნენ? ამ ციფრებმა ორი წლის წინ სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან გაიჟღერა. ეს 15 მილიონით მეტია იმაზე, რასაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩაგვაგონებდნენ.
დმიტრი ვოლჩეკი: დღეს უკვე არავის არაფრის არ სჯერა. საბჭოთა ისტორიის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის ნიაღვარი ასაზრდოებს მითებს, იზრდება სტალინის თაყვანისმცემლების რაოდენობა. უკვე 70%-ს მიუახლოვდა, თუ „ლევადა ცენტრის“ ბოლო გამოკვლევას დავუჯერებთ.
იგორ რუნოვი: იმავე გამოკითხვით, დღევანდელი ოცი წლის ასაკის ნახევარზე მეტმა არაფერი იცის სტალინური რეპრესიების შესახებ. ამას ემატება „დიდი ტყუილი“, საბჭოთა წარსულის მითოლოგიზება... ამიტომაც არის ასეთი მწვავე აუცილებლობა იმ დროზე მართალი ფილმების, წიგნების შექმნისა. ასეთ ფილმებს განეკუთვნება რეჟისორ მარიანა იაროვსკის ფილმი „გულაგის ქალები“, რომელიც ახლახან გამოვიდა და უკვე მოხვდა „ოსკარის“ შორტლისტში.
ამ დღეებში არნახული რეზონანსი ჰქონდა ინტერნეტში იური დუდის ფილმს „კოლიმა - ჩვენი შიშის სამშობლო“, რომელმაც YouTube-ში რამდენიმე დღეში 4 მილიონი ნახვა დააგროვა. ე.ი. ჯერჯერობით ყველაფერი არ არის დაკარგული. ვიმედოვნებ, შორს არ არის ის დრო, როდესაც მაღაზიის თაროებიდან და ვიტრინიდან გაქრება სტალინის ბიუსტები, ისეთი, როგორიც მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის „დიუტი ფრიში“ შევიძინე. მაშინ გავიფიქრე: რა იქნებოდა, ბერლინის აეროპორტში ვინმეს ჰიტლერის ბიუსტი რომ გაეყიდა?„