Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩურჩხელები უკრაინისთვის


უკრაინელების დასახმარებლად ჩურჩხელების მორიგი პარტია შეგროვდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, სხვა ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად საქართველოდან იგზავნება ჩურჩხელაც - როგორც ხაზგასმით ქართული პროდუქტი.

ჩურჩხელების შეგროვება ომის პირველივე დღეებში კახეთში დაიწყეს. მედიაკომპანია „კახეთის ხმამ“, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მარტში 5 ათასამდე ჩურჩხელა მოაგროვა და პოლონეთის საელჩოს დახმარებით, უკრაინაში გააგზავნა.

ჩურჩხელები ხალხს მოჰქონდა, ბებოებს, ბავშვებს, ერთმა გოგონამ 50 ცალი მოიტანა, ახლა გავაკეთეო. თან ახლა სეზონი არ არის, აღარ დარჩა ბევრი ჩურჩხელა“, - ჰყვება „კახეთის ხმის“ დამფუძნებელი მაია მამულაშვილი.

მოგვიანებით ფეისბუკზე წერილი მიიღეს: უკრაინელი მეგობარი გვწერდა, დღეს საქართველოდან გამოგზავნილი ჩურჩხელები დაგვირიგეს და ეს იყო მზის სხივი ამ გაყინულ ქალაქშიო“.

ჩურჩხელა და ომი ერთმანეთს პირველად არ დაკავშირებია. ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ძველ საქართველოში ომში და სანადიროდ ისეთი საკვები მიჰქონდათ, რომელიც დროსაც უძლებდა და აბგაშიც ცოტა ადგილს იკავებდა: მშრალი ფეტვი, რომელსაც წყალში ხსნიდნენ და შეჭამანდს აკეთებდნენ, წაბლი და ჩურჩხელა.

გარდა ამისა, ჩურჩხელა ნოყიერიცაა, 100 გრამი 230-მდე კალორიას შეიცავს, ერთი ჩურჩხელა კი დაახლოებით 150 გრამია.

ჩვენთვის ამომავალი წერტილი ის იყო, რომ ეს არის ხაზგასმით ქართული პროდუქტი. არ სჭირდება განსაკუთრებული მომზადება. არ სჭირდება სპეციალური შენახვის რეჟიმი. ძალიან მარტივია გადასატანად“, - ამბობს მერაბ ლომინაძე. ის ერთ-ერთი ორგანიზატორია აქციისა, რომლის ფარგლებშიც ახლახან კიდევ 15 ათასამდე ჩურჩხელა შეგროვდა და მალე უკრაინაში გაიგზავნება, - ორპიკაპშიგადანაწილდება ეს ჩურჩხელები, მიენიჭება ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსი და მანქანები [უკრაინაში] წავა თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის გავლით. სამ ოლქში ჩაიტანენ: დნეპროპეტროვსკის, კიევის და ოდესის. ჩურჩხელები ხალხმა მოიტანა, სკოლებში ბავშვებმაც შეაგროვეს. ანგარიშიც იყო გახსნილი, რომელზეც 2300 ლარამდე ჩაირიცხა და ამითაც ჩურჩხელები ვიყიდეთ - ხალხი ვეხმარებით ხალხს“.

უკრაინის საელჩოს დახმარებით რამდენიმე კვირის წინ 10 ათასი ნიგვზის ჩურჩხელა გაგზავნა კომპანია „ბადაგმაც“.

უკრაინისთვის გაგზავნილი ჩურჩხელები
უკრაინისთვის გაგზავნილი ჩურჩხელები

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში საქართველოდან იმ უკრაინელ მძღოლებს გაატანეს, რომლებიც ომის გამო საქართველოში ჩარჩნენ. თებერვალში თბილისში 80 ტრაილერის მძღოლი „გაიჭედა“. შემდეგ ეს ცარიელი ტრაილერები 50 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით გაავსეს.

ამჯერად ბელიაშვილის N5-ში გახსნილია ცენტრი, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გროვდება, თუმცა აქ ჩურჩხელა ნაკლებად მიაქვთ, ძირითადად ტანსაცმელი, არამალფუჭებადი პროდუქტი, პირველადი სამედიცინო ნივთები.

საქართველოს ფოსტა უკრაინის ფოსტასთან არის დაკავშირებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველა ნოტას, იღებს ნებართვებს და ადგენს იმ მარშრუტებს, რომელთა მიხედვითაც ტრაილერები უნდა წავიდნენ. საკვებს მოსახლეობისგან არ ვიღებთ. სუპერმარკეტები და კომპანიები გვაწვდიან თავისი ყველა საბუთით“, - ამბობს ილია ელოშვილი, თბილისის მერის მოადგილე.

მისივე თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით უკრაინაში უკვე 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი, აქედან 100 ტონა - თბილისიდან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG