Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ცხოვრება რუსების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში


24 მარტს, უკრაინის სამხედრო ძალებმა, ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემები
24 მარტს, უკრაინის სამხედრო ძალებმა, ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემები

ქუჩებში რუსეთის სამხედრო პატრული დადის. ტელევიზორში რუსულ არხებს აჩვენებენ. მეთევზეების ნადავლის ნაწილი რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებას მიაქვს. მერი გაუჩინარდა. ტელეფონი არ მუშაობს.

ბერდიანსკი ალყაშემორტყმული და განადგურებული მარიუპოლის დასავლეთით მდებარეობს. რუსეთის ჯარებმა ის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს დაიკავეს. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომელი ვიქტორია როშჩინა იმყოფებოდა აზოვის ზღვაზე მდებარე ამ ასიათასმოსახლიან ქალაქში.

მას რუსული გამშვები პუნქტების გავლა მოუხდა. ერთი კვირა რუსეთის უშიშროებამ, ეფესბემ დააკავა და უკრაინის დაზვერვაზე მუშაობაში დასდო ბრალი.

ქალაქი რუსული სამხედრო ტექნიკით იყო სავსე. სამთავრობო შენობები რუსებმა საკუთარ შტაბებად აქციეს. ქუჩაში მუდმივად პატრულირებენ რუსი სამხედროები.

ბუნებრივი გაზი გადაკეტილია, მობილური კავშირგაბმულობა - გათიშული. საჭმელი, მედიკამენტები და საწვავი არ იშოვება. შორიდან აფეთქებების ხმა ისმის. ოკუპანტებმა თავიანთი სამხედროების რიგებიდან „კომენდანტი“ დანიშნეს, რომელიც მერის მოვალეობას ასრულებს.

მათი ნაწილი, ვინც ოკუპაცია გააპროტესტა, გაიტაცეს. სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია - ადგილობრივი რადიოსადგური ოკუპირებულია, ტელევიზორში კი მხოლოდ რუსულ არხებს აჩვენებენ.

ბერდიანსკში ჩასვლამდე ოცზე მეტი გამშვები პუნქტი გავიარე, რომელთა უმეტესობასაც ჩეჩნეთიდან ჩამოყვანილი მებრძოლები და დონეცკელი სეპარატისტები ამაგრებენ. მათი გავლისას ჯარისკაცებმა რამდენჯერმე მოგვთხოვეს სხეულზე ტატუების დათვალიერება - უკრაინელი მებრძოლების სიმბოლიკას ეძებდნენ. ასევე შეამოწმეს, თითზე დენთის კვალი ხომ არ გვქონდა. განსაკუთრებით ყურადღებით ათვალიერებდნენ მობილური ტელეფონის შიგთავსს.

ბერდიანსკიდან ასიოდე კილომეტრით დაშორებულ ქალაქ პოლოგიში რუსეთის ჯარის განსაკუთრებულად მაღალი კონცენტრაციაა. აქ ჩეჩნები აგრესიულად იქცეოდნენ. ერთ კაცს, რომელსაც ტელეფონში მიმი აღმოუჩინეს, სადაც „რუსკი ვოენნი კორაბლს“ აგინებენ, დაპატიმრებით დაემუქრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაპატიმრებით მეც დამემუქრნენ - ერთ-ერთმა ჯარისკაცმა თქვა, ქალი პატიმარი ჯერ არ გვყოლიაო, თუმცა ბოლოს მაინც გამიშვეს.

ბერდიანსკიდან 30 კილომეტრში მობილური სერვისი გაწყდა. ერთმა ადგილობრივმა მითხრა - ჯარისკაცები ამბობენ, რომ რუსულ ქსელს გამართავენ და სიმ-ბარათებს დაარიგებენო. მანამდე ბერდიანსკი სამყაროს მოწყვეტილია. გათიშული ქსელი იმას ნიშნავს, რომ სასწრაფოს გამოძახება შეუძლებელია. საავადმყოფოებში ამბობენ, რომ ჯერჯერობით საკმარისი მედიკამენტები აქვთ, მაგრამ მარაგი მალე ამოეწურებათ. წამლების დეფიციტია აფთიაქებშიც.

რადგან ქალაქს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება, გადაიტვირთა ელექტროენერგიის ქსელი, რამაც, თავის მხრივ, დენის ხშირი გათიშვა გამოიწვია. ქალაქის მთავარი საცხობი და ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, მაგრამ ზოგადად სურსათი არ იშოვება. „მაღაზიის დახლები თითქმის ცარიელია, ბაზარში კი ყველაფერი გაძვირდა“, - თქვა ერთმა მცხოვრებმა.

ბერდიანსკის პორტი. 2022 წლის მარტი.
ბერდიანსკის პორტი. 2022 წლის მარტი.

ხალხი ბანკების გარშემო იკრიბება - უსადენო ინტერნეტის დასაჭერად. რუსი ჯარისკაცებიც ინტერნეტისთვის იქ მიდიან. თავად ბანკები დაკეტილია და ზოგი მცხოვრები პენსიის გამოტანას ვერ ახერხებს. ამბობენ, რომ ერთი ადგილია, საიდანაც ფულის გამოტანა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც აპით სარგებლობა შეუძლია.

თუ ვინმეს იქაურობის დატოვება მოუნდა, წასვლა მხოლოდ ერთ ადგილას შეიძლება - რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმში.

ინფორმაცია მწირი რესურსია

ქალაქის აღებისთანავე რუსები ადგილობრივ ჟურნალისტებს მიადგნენ - ზოგი დააკავეს, ზოგს კი თანამშრომლობა აიძულეს. ადგილობრივი გაზეთის რედაქტორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბერდიანსკის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ახლა დევნილებს, ძირითადად მარიუპოლიდან გამოქცეულებს, ურიგებენ ტანსაცმელსა და სურსათს, უკრაინას და უკრაინელებს უჭერენ მხარს.

ცენტრის დირექტორი, ოლეჰ ბალაბანი ამბობს, რომ ცდილობენ დევნილებს აჩვენონ, რომ ისინი არავის დავიწყებია. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავი ნორმალურად იგრძნონ“, - გვითხრა მან.

თუმცა ყველაფერი ნორმალურად ნამდვილად არ არის.

25 წლის კირილო ბერდიანსკში მარიუპოლიდან ჩავიდა, რომელიც რუსეთმა ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. ის ამბობს, რომ მისი ასაკის ხალხი განსაკუთრებულად მძიმედაა ტრავმირებული ნანახით. კირილო ჰყვება, რომ მისი რამდენიმე მეზობელი ცოცხლად დაიწვა, როდესაც მათ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა. ერთი კაცი მესამე სართულიდან გადახტა და გადარჩა, თუმცა ოჯახის წევრების ხსნა ვერ მოახერხა.

კიდევ ერთმა დევნილმა გვითხრა, რომ რუსებმა ხალხი მარიუპოლის მიმდებარე სოფლებიდან სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონში წაიყვანეს.

ოლექსანდრი ბერდიანსკელი მეთევზეა. მან გვითხრა, რომ მას და სხვა მეთევზეებს აიძულებენ დაჭერილი თევზის 30 პროცენტი ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცენ - თითქოს დევნილების დასახმარებლად. ოლექსანდრი თევზის დასაჭერად ომის დაწყებიდან აღარ გასულა - „ჯერ ვუძლებთ - რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ“, - მითხრა მან.

ოლექსანდრ საულენკო
ოლექსანდრ საულენკო

რუსების მიერ დანიშნული კომენდანტი, ოლექსანდრ საულენკო ირწმუნება, რომ ქალაქში უამრავი ჰუმანიტარული დახმარება შემოდის. „ქალაქის ახალი საბჭო“ დავაარსეთო - ამბობს.

ბერდიანსკში ოკუპანტებმა განცხადებები გამოაკრეს. „რუსეთი უკრაინელ ხალხს არ ებრძვის“, - წერია ერთგან. „რუსეთი თქვენი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია“, - ამტკიცებს მეორე. მოსახლეობას მოუწოდებენ, არ ენდონ „კიევის ხუნტას“, - ასე იხსენიებენ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას.

ეფესბეს თანამშრომელი, რომელმაც მე დამაკავა, მუდამ მიმეორებდა: „უკრაინა აღარ არსებობს“.

ბერდიანსკის ოკუპაციის პირველ დღეებში არაერთი მიტინგი ჩატარდა რუსეთის შემოჭრის გასაპროტესტებლად. მარტის შუაში დემონსტრაციები შეწყდა - რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე ორგანიზატორი და აქტივისტი გაუჩინარდა. რამდენიმე დაკავებული მოგვიანებით გაათავისუფლეს.

„ისინი დაკითხეს, სცემეს და ელეტროშოკითაც კი აწამეს“, - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელმაც რუსი ჯარისკაცების შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვა.

რიგი ბანკომატთან, ბერდიანსკი, 28 თებერვალი, 2022 წ.
რიგი ბანკომატთან, ბერდიანსკი, 28 თებერვალი, 2022 წ.

ქალაქიდან წამოსვლის წინა დღეს, ორმა ნიღბიანმა ბერდიანსკის ცენტრში უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა. უკანა გზაზე ყველა გამშვებ პუნქტში მეუბნებოდნენ - „რატომ მიდიხარ უკრაინაში? აქ დარჩი“.

ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე მარიუპოლელ კაცს, რომელიც ზაპოროჟიეში მიდიოდა, ჯარისკაცი აშინებდა - მაგ ქალაქს, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მარიუპოლის ბედი ელისო.

ბერდიანსკში კი ბევრი დღესაც იმედიანად არის. კიდევ ერთმა მეთევზემ, სერჰიმ მითხრა - მე და ჩემი კოლეგები, სულ მცირე, ერთ თვეს მაინც გავძლებთო და გამოწვევით განაცხადა: „რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ საქმეს არ დავიჭერთო“.

XS
SM
MD
LG