საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 11 აპრილის ბრიფინგზე, რომელზეც მან ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა, "ალტ-ინფოს" გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეს ტელეარხი ავრცელებს.
"ალტ-ინფო" გამოირჩევა ანტიდასავლური გზავნილებითა და მოსახლეობაში სკეპტიციზმის გაღვივებით. გუშინდელ ბრიფინგზე მისი გადამღები ჯგუფის არშეშვების გამო კი არხზე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს არა მარტო საქართველოს პრეზიდენტი, არამედ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც.
"უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას...
ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის სირცხვილი ხართ. ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე", - თქვა გადაცემის წამყვანმა.
პრეზიდენტის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ "ალტ-ინფო" ბრიფინგზე არ შეუშვეს.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ "ალტ-ინფოს" ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკარედიტაციაზე უარი უთხრა. "ალტ-ინფო" გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს", - აცხადებენ პრესსამსახურში.
"ალტ-ინფო" საკუთარ სატელევიზიო/ონლაინ ეთერში, რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამ არხის დამფუძნებლები არიან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ "ალტ-ინფოს" ტელემაუწყებლობის მონიტორინგისას მიიჩნია, რომ არხის პროგრამები ომის პროპაგანდის ნიშნებს შეიცავს.