Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელო" მუშაობს კანონპროექტზე, რომლითაც "ალტ-ინფო" ამ შინაარსით ვეღარ განაგრძობს მაუწყებლობას


კადრი "ალტ-ინფოს" ეთერიდან.
კადრი "ალტ-ინფოს" ეთერიდან.

​საპარლამენტო ოპოზიციური პარტია "ლელო" მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და მასთან გასამკლავებლად საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო. პარტიაში მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც აკრძალავს ისეთი მედიასაშუალებების მაუწყებლობას, რომლებიც განზრახ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებას.

ასეთი მედიასაშუალება დღეს "ალტ-ინფოა", რომლის პროგრამების შესწავლისას კომუნიკაციების კომისიამ ომის პროპაგანდის ნიშნები დაინახა. კომისიის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ომის პროპაგანდა აკრძალულია, მათ არ აქვთ საკანონმდებლო ბერკეტები რეაგირებისთვის.

"ყველა საერთაშორისო კონვენცია ომის პროპაგანდას კრძალავს. მეტიც, სამოქალაქო უფლებათა პაქტში წერია, რომ აგრესიული ომის პროპაგანდა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში... ეს უნდა გახდეს სიგნალი საკანონმდებლო ორგანოსთვის, როცა კონსტიტუციური ორგანო [კომუნიკაციების კომისია] გეუბნება, რომ აკრძალული ქმედება ხორციელდება და ბერკეტი არ აქვს", - უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის წევრმა "ლელოდან", ანა ნაცვლიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

"დღეს მსოფლიო დგას სხვა რეალობის წინაშე. სიტყვის გამოხატვის მხრივ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნებიც კი ზღუდავენ რუსულ პროპაგანდას - ეს კიდევ ერთი სიგნალი უნდა იყოს, რომ მედიის საფარქვეშ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც სინამდვილეში თავისუფლებას იყენებენ თავისუფლების ძირის გამოსათხრელად, ამას არ იცავს სამართლის იდეა და აუცილებელია მოქმედება", - ამბობს დეპუტატი.

გარდა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი მედიასაშუალებების რეგულირებისა, კანონპროექტში იგეგმება შევიდეს ნორმა, რომელიც აკრძალავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე ადამიანების სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნას.

"აღნიშნული მიზნების აღსრულება მოხდება სპეციალური ორგანოს - ლუსტრაციის კომისიის მეშვეობით, დემოკრატიული მეთოდების და სამართლის უზენაესობის პრინციპების სრული დაცვით", - აღნიშნეს პარტიაში.

"ლელოში" ინიციატივის ფართო საზოგადოებაში განხილვას გეგმავენ. ამ ჯგუფებში მოიაზრება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი.

XS
SM
MD
LG