Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ომში უკრაინასთან ისტორიკოსები ორ ფრონტზე იბრძვიან


ისტორიკოსი, ვახტანგ ყიფიანი სამხედრო ფორმაში, თავისი წიგნით „ვასილ სტუსის საქმე“, ხელში
ისტორიკოსი, ვახტანგ ყიფიანი სამხედრო ფორმაში, თავისი წიგნით „ვასილ სტუსის საქმე“, ხელში

რუსი ოფიციალური პირები, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით, უკრაინაში ომს ამართლებენ საეჭვო მტკიცებულებებით, რომ "ნამდვილი ქვეყანა" არ არის. ისტორიკოსები უკრაინაში ახლა იბრძვიან - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - როგორც ისინი ამბობენ, რუსეთის მცდელობის წინააღმდეგ - "გაანადგუროს უკრაინული იდენტობა".

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 24 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ქვეყანაში მოახდინეს კონფისკაცია წიგნებისა და სხვა მასალების, რომლებიც რუსეთის მთავრობამ „ექსტრემისტულად“ მიიჩნია - პირველ რიგში, წიგნები უკრაინის „მაიდნის რევოლუციის“ შესახებ, ასევე, ომის შესახებ აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში სეპარატისტების წინააღმდეგ, რომელთაც რუსეთი უმაგრებდა ზურგს, და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის კვლევების შესახებ.

„ოკუპანტებს აქვთ იმ სახელების მთელი სია, რომელთა მოხსენიებაც არ შეიძლება [წიგნების სათაურებში]“, წერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა და ჩამოთვლის ისეთ ფიგურებს, როგორებიც არიან: მე-17 საუკუნის კაზაკთა ლიდერი, ივან მაზეპა, ომთა შორის უკრაინის დამოუკიდებლობის ლიდერი, სიმონ პეტლიურა, ულტრამემარჯვენე უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერი და ნაცისტებთან კოლაბორაციონისტი სტეპან ბანდერა და სხვები. წიგნი, რომელიც საგანგებოდ არის მოხსენიებული სამხედრო დაზვერვის ანგარიშში წიგნების კონფისკაციის შესახებ, არის „ვასილ სტუსის საქმე“, რომელიც ვახტანგ ყიფიანმა დაწერა.

ვახტანგ ყიფიანის ნაშრომი „ვასილ სტუსის საქმე“
ვახტანგ ყიფიანის ნაშრომი „ვასილ სტუსის საქმე“

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ისე, როგორც ალბათ არცერთ ომს არ გაუკეთებია ეს აქამდე, ისტორია ფრონტის ხაზზე გაიყვანა - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პირადად ჩაუტარა თავის ერს ლექცია იმის შესახებ, თუ, ვითომდა, როგორ შეიქმნა უკრაინა და რატომ არ აქვს მას, მისი აზრით, არსებობის უფლება.

უკანასკნელ წლებში რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ეპოქის რეპრესიებისთვის ნათელის მოფენის და უშიშროების სამსახურის იმ აგენტების დასახელების მცდელობებს, რომელთაც მილიონობით საბჭოთა მოქალაქე დახოცეს საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის და სხვა საბჭოთა ლიდერების მმართველობის დროს.

ამასთანავე, უკრაინა - მას შემდეგ, რაც მაიდნის საპროტესტო გამოსვლებმა 2013-14 წლებში აიძულა პრეზიდენტი იანუკოვიჩი, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს, ქვეყანა დაეტოვებინა - ხსნის საბჭოთა არქივებს და აქვეყნებს მრავალრიცხოვან დეტალურ ინფორმაციას წარსულის შესახებ.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ისტორიული არქივების დირექტორი, ანდრი კოჰუტი: „ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით თავდასხმის საფრთხის ქვეშ მათი მხრიდან, ვისაც იმპერიის აღსადგენად ისტორიული მითების გამოყენება სურს“.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ისტორიული არქივების დირექტორი, ანდრი კოჰუტი: „ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით თავდასხმის საფრთხის ქვეშ მათი მხრიდან, ვისაც იმპერიის აღსადგენად ისტორიული მითების გამოყენება სურს“.

„ის ფაქტი, რომ შეჭრამდე პუტინმა თავის გამოსვლაში დეკომუნიზაცია ახსენა, ადასტურებს, რომ რუსეთს ძალიან ეშინია და ცდილობს თავი აარიდოს, გადახედოს საბჭოთა გზას, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა“, თქვა ანდრი კოჰუტმა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ისტორიული არქივების დირექტორმა.

„სანამ არ იქნება ადეკვატური გაგება იმისა, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა ძალაუფლება მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით თავდასხმის საფრთხის ქვეშ მათი მხრიდან, ვისაც იმპერიის აღსადგენად ისტორიული მითების გამოყენება სურს“.

ერთ-ერთი წიგნი, რომელიც საგანგებოდ არის მოხსენიებული სამხედრო დაზვერვის ანგარიშში წიგნების კონფისკაციის შესახებ, იყო 2019 წელს გამოცემული ნაშრომი, რომელიც დაწერა ვახტანგ ყიფიანმა და რომლის სახელწოდებაა „ვასილ სტუსის საქმე“, უკრაინელი დისიდენტი პოეტის შესახებ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ორჯერ გაასამართლეს და რომლის საქმის მასალები ცოტა ხნის წინ იქნა გამჟღავნებული. სტუსი საბჭოთა ბანაკში გარდაიცვალა მეორე ვადით პატიმრობის მოხდის დროს, 1985 წელს.

უდავოა, რომ რუსეთი ცდილობს ჩვენთვის არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ისტორიული მეხსიერების წართმევას.
ანატოლი ხრომოვი

უკრაინისთვის მოვლენად იქცა „ვასილ სტუსის საქმე“ - წიგნი, რომლის გარშემოც უცნაურად გადაიხლართა სხვადასხვა სიმბოლო და აზრი.

ვახტანგ ყიფიანის წიგნს საფუძვლად დაედო პოეტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის მეორე საქმე, - ერთ-ერთი იმ ასეულათასობით საქმიდან, უკრაინის უშიშროების სამსახურის (СБУ) არქივში რომ ინახება.

სტუსს იცავდა, ანუ მისი ადვოკატი იყო ვიქტორ მედვედჩუკი, უკრაინელი იურისტი, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც პრორუსი პოლიტიკოსი და რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქალიშვილი მოუნათლა.

2019 წელს, როცა წიგნი გამოიცა, მედვედჩუკმა უჩივლა ავტორს, ვახტანგ ყიფიანსა და გამომცემლობას, მოთხოვნით, რომ აეკრძალათ წიგნის გაყიდვა. პოლიტიკოსის პრეტენზია ეხებოდა ყიფიანის წიგნში მის უარყოფითად მოხსენიებას: ნაშრომში მოყვანილია მტკიცებულება, რომ მედვედჩუკი უფრო ვნებდა დისიდენტს, ვიდრე იცავდა. პირველ ინსტანციაში მედვედჩუკმა საქმე მოიგო, მაგრამ შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში, წააგო.

სანამ სასამართლო გარჩევა მიმდინარეობდა, წიგნი გადაიქცა პრორუსულ ძალებთან ბრძოლის თავისებურ ბაირაღად, ნომერ პირველ ნაციონალურ ბესტსელერად.

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მედვედჩუკი ქვეყნიდან გაიქცა. ამის საპირისპიროდ, 24 თებერვალს, ყიფიანი ტერიტორიული თავდაცვის 112-ე ბრიგადაში ჩაირიცხა და კიევის დაცვაში იყო ჩართული.

ომის პირველ დღეებში ყიფიანი დაკავებული იყო უკრაინული დიასპორისა და „სამიზდატის“ გამოცემების საკუთარი არქივის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ეს კოლექცია უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე უკრაინის სახელმწიფო ბიბლიოთეკებისა.

ყიფიანი არ არის უკრაინაში ერთადერთი ისტორიკოსი, რომელმაც კვლევა გვერდზე გადადო და ხელში იარაღი აიღო. ივან პატრილიაკი, კიევის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; მაქსიმ ოსტაპენკო, ეროვნული ისტორიული ძეგლის, "ხორტიცის" გენერალური დირექტორი; ვიაჩესლავ ზაიცევი, ხორტიცის ნაკრძალის არქეოლოგი; და ვოლოდიმირ ბირჩაკი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის არქივების დირექტორის ყოფილი მოადგილე და საბჭოთა საიდუმლო სამსახურების ისტორიის სპეციალისტი - ყველა შეუერთდა ქვეყნის თავდაცვის ძალებს.

პარლამენტარი ვოლოდიმირ ვიატროვიჩი, უკრაინის „ეროვნული მეხსიერების“ ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, რომელიც დეკომუნიზაციის და საბჭოთა არქივების გახსნის შესახებ ქვეყნის კანონების მთავარი ავტორი იყო, საკანონმდებლო ორგანოშიც საქმიანობს და, ამავე დროს, ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფში ირიცხება.

ვოლოდიმირ ბირჩაკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე: "ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც პუტინს ძალიან აბრაზებს".
ვოლოდიმირ ბირჩაკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე: "ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც პუტინს ძალიან აბრაზებს".

ბირჩაკს, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის 105-ე ბრიგადაში მსახურობს თავის მშობლიურ ტერნოპილში, Telegram-ის არხი მიჰყავს, რომელზეც ადრე გასაიდუმლოებული არქივების საინტერესო მასალები ქვეყნდებოდა. ახლა ის აქვეყნებს ახალ ამბებს ფრონტიდან და მონაცემებს ომში რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ.

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც პუტინს ძალიან აბრაზებს“, განუცხადა ბირჩაკმა რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციას. „რაშიც მე ვმონაწილეობდი, ეს იყო რეფორმები, მათ შორის, დეკომუნიზაცია, გახსნილი არქივები, ტოპონიმები, რომელიც პატივს არ მიაგებს სისხლისმსმელ კომუნისტ ლიდერებს... მეორე მსოფლიო ომის მართალი ისტორია“.

რუსეთის თავდასხმა უკრაინის ისტორიაზე უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პუტინის სტატიები და გამოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დისკურსი სავსეა მინიშნებებით უკრაინაში „ნაცისტებთან კოლაბორაციონისტების განდიდებასა და მათ მიმართ სიმპათიით გამსჭვალულებზე“, მოსკოვმა ზომები მიიღო იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ულტრამემარჯვენეებთან ან მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან.

30 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, დაიწყო უკრაინული სასკოლო სახელმძღვანელოების შესახებ გამოძიება იმის დასადგენად, „არის თუ არა მათი მიზანი ბავშვებში რუსეთისა და რუსული ენის მიმართ სიძულვილის გაღვივება“ ან თუ „ამახინჯებს ისტორიას“. მან გამომძიებლებს სისხლის სამართლის საქმეების გახსნისკენ მოუწოდა.

რუსეთის ჯარმა დააზიანა საბჭოთა პერიოდის დისიდენტის, ვიაჩესლავ ჩორნოვილის მემორიალი ქალაქ ანტონოვკაში.
რუსეთის ჯარმა დააზიანა საბჭოთა პერიოდის დისიდენტის, ვიაჩესლავ ჩორნოვილის მემორიალი ქალაქ ანტონოვკაში.

ქალაქ ანტონოვკაში, რომელიც უკრაინის სამხრეთით მდებარეობს, ხერსონის ოლქში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს ვიაჩესლავ ჩორნოვილის მემორიალი, საბჭოთა ეპოქის დისიდენტისა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისკენ სწრაფვაში.

უკრაინელი ისტორიკოსისა და კანონმდებლის, მიხაილო ჰრუშევსკის, ძეგლი რუსეთის ქალაქ ყაზანში, სადაც ჰრუშევსკი გადასახლებული იყო მეფის რუსეთის მმართველობისას, პირველი მსოფლიო ომის დროს, ცოტა ხნის წინ მოხსნეს.

რუსეთის მედიის მონიტორინგის სააგენტომ, „როსკომნადზორმა“, აკრძალა ანტისაბჭოთა უკრაინული მოძრაობის, „რიხის“, ისტორია, როგორც „ექსტრემისტული“, და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდის დაბლოკვით დაიმუქრა - ელექტრონული ვერსიის ამოღებაზე უარის თქმის გამო.

უკრაინელი სახელმწიფო მოხელეების თქმით, რუსეთი ომის დაწყებისთანავე ბომბავდა ხარკოვის, ნიკოლაევისა და ლისიჩანსკის სახელმწიფო არქივებს.

ცეცხლი წაუკიდეს უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივის შენობას ჩერნიგოვში.
ცეცხლი წაუკიდეს უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივის შენობას ჩერნიგოვში.

ჩერნიგოვში, უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივზე თავდასხმის შედეგად დაიწვა და განადგურდა 12 ათასამდე საქმე, რომლებიც ეხებოდა უკრაინაში საბჭოთა უშიშროების კომიტეტის, კა-გე-ბეს პერიოდის რეპრესიებს, უამბო ჟურნალ Time-ს უკრაინის მთავარმა არქივარიუსმა, ანატოლი ხრომოვმა.

ფეისბუკზე ხრომოვმა 3 მარტს დაწერა, რომ „ამ ომის მიზანი უკრაინელებისა და უკრაინული იდენტობის განადგურებაა“, „უდავოა, რომ რუსეთი ცდილობს ჩვენთვის არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ისტორიული მეხსიერების წართმევას“.

ომამდე ისტორიკოს ვლადლენ მარაევს მიჰყავდა პოპულარული არხი YouTube-ზე, სახელწოდებით „ისტორია მითების გარეშე“. არხს 3 ათასამდე გამომწერი ჰყავს.

ომის დაწყების შემდეგ არხმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან მთელი პერსონალი საბრძოლველად წავიდა.

მარტის ბოლოს შემდეგ მარაევი თვითონ იღებს ვიდეოებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ აშუქებს ომს რუსეთი და ჰყვება უკრაინის ისტორიის შესახებ.

ხარკოვში დაფუძნებულ ისტორიკოსს, ვლადისლავ იაცენკოს, მის მსგავსად მიჰყავს YouTube-ის არხი, „ისტორიული ვებინარი“, რომელზეც უკრაინელი, ბელარუსი, ლიეტუველი და პოლონელი ისტორიკოსების მოხსენებები ქვეყნდება.

შეკითხვაზე, თუ რატომ ამუშავებს ის ომის მიუხედავად ამ არხს, იაცენკომ განაცხადა, რომ „სიცოცხლე გრძელდება, ხოლო იდენტობა, სხვათა შორის ისტორიული, უნდა შევინარჩუნოთ“.

7 მარტს კიეველმა ლიტერატურისმცოდნემ ევგენი სტასინევიჩმა ფეისბუკზე დაწერა 79 წლის ნატალია იაკოვენკოს შესახებ, რომელიც კიევის მოჰილას აკადემიის ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობს და ფუნდამენტური ნაშრომის „უკრაინის ისტორიის“ ავტორია. ის ომის დაწყებიდან გაცხარებული თარგმნის რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის „რომის ისტორიას“.

სტასინევიჩს მოჰყავს მისი სიტყვები, რომ „სხვა პროექტებისთვის არქივებში მუშაობაა საჭირო, ჩემი ჯანმრთელობა კი ამის საშუალებას არ იძლევა“.

„ასეთ დროს, - აღნიშნავს სტასინევიჩი, - ეს შესანიშნავი ისტორიკოსი ლივიუსს თარგმნის. ასეც უნდა იყოს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით“.

XS
SM
MD
LG