"ზოგი კარდიოლოგიურ განყოფილებაში ვართ, ზოგი სასწრაფოზე, ზოგი რეანიმაციაში. ასე რომ, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ-ერთი იმ 10 მოხალისე მედიკოსს შორის, ვინც სოლიდარობის გამოსახატავად ომის დროს უკრაინაში ჩავიდა.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქართველი ექიმები ქვეყნის დასავლეთით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიაში გაანაწილა. სპეციალიზაციის მიხედვით მათი ნაწილი ვეტერანთა ჰოსპიტალში, ნაწილი კი ქალაქის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოჩნდა.
"აქ სიტუაცია წყნარია და გზაზეც შეუფერხებლად ვიმოძრავეთ. ერთადერთი, ბლოკპოსტები იყო გზაჯვარედინზე. ყველაზე გასაოცარი რაც არის, ესაა უკრაინის მოსახლეობის ერთიანობა, ვერ ვიტყვი უკრაინელების, იმიტომ, რომ რუსი წარმოშობის ადამიანებიც უკრაინის ერთგულები არიან", - ჰყვება ექიმი.
კოლომია უკრაინის შედარებით პატარა ქალაქია, დაახლოებით 60 000-მდე მოსახლით, თუმცა ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, აქაც კომენდანტის საათი მოქმედებს. საღამოს 9 საათის შემდეგ ქალაქი ჩერდება, ქუჩებსა და ბინებში შუქი ქრება, რომ დასახლება რუსული ავიაციისთვის უხილავი გახდეს.
"ჩვენ ჯერ უფრო დაზვერვისთვის ჩამოვედით, რომ გავიგოთ, რა დახმარება სჭირდებათ. როგორც თვითონ ამბობენ, ექიმების რაოდენობა საკმარისია. ბევრი ექიმი სამხრეთიდან დასავლეთ რეგიონში გადმოვიდა თავიანთი კლინიკებიდან. მთავარი აქ უფრო მორალური მხარდაჭერაა… ყველაფერი იციან, რაც ხდება საქართველოში, კარგიც და ცუდიც და საზოგადოების მხარდაჭერას ძალიან აფასებენ. სამწუხაროდ, მიწევს აღნიშვნა, რომ ქართველი ხალხი და მთავრობა არის ცალ-ცალკე", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ის კოლომიის ვეტერანთა ჰოსპიტალში მოხვდა. კლინიკა, ძირითადად, ისევ სამოქალაქო მოსახლეობას იღებს, თუმცა, მაგალითად გუშინ, საავადმყოფოში დაჭრილი სამხედრო მიიყვანეს. ყველაზე სწრაფად დახმარება მისთვის სწორედ აქ შეეძლოთ აღმოეჩინათ.
კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი, ქართველი მოხალისე ექიმების გუნდის კიდევ ერთი წევრიც, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებს მკურნალობს. დილის 8-დან საღამოს 9-10 საათამდე, სანამ ღამის ცვლა მოვა - ასეთია მისი განრიგი უკრაინაში.
"ომის გამო, საავადმყოფოში [მედიკამენტების და აპარატურის] დეფიციტია ლოგისტიკასთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესსა და ფონდებს საქართველოში, რომლებსაც სურვილი აქვთ უკრაინელებს დაეხმარონ, თუ შესაძლებელია, ჰუმანიტარული ტვირთების სახით გამოაგზავნონ წამლით დაფარული სტენტები, რომელიც ჰაერივით სჭირდება ამ სამოქალაქო სექტორს, ასევე, კარდიომონიტორები, პლუს, მედიკამენტები, რომელიც ძვირადღირებულია და პაციენტები არიან მედიკამენტების გარეშე… თუ ამას ჩვენი ქვეყანა დაეხმარება, ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს“, - ამბობს რამაზ ზოსიაშვილი.
საქართველოდან ჩასულმა ექიმებმა ქალაქ კოლომიის კლინიკებს საჭიროების მიხედვით გადასცეს საქართველოდან ჩატანილი სამედიცინო აპარატურა, მათ შორის - ვიდეოლარინგოსკოპი, ელექტროკარდიოგრაფი, ჟანგბადის კონცენტრატორი, ტრავმატოლოგიური ხელსაწყოები და მედიკამენტები.
ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს პოლიტიკური პარტია "ლელოს" წევრი და თერაპევტ-ენდოკრინოლოგი ვატო სურგულაძეც. ის გვეუბნება, რომ მედიკოსებს შორის არიან ექიმები სამხედრო-სამედიცინო გამოცდილებითაც.
"ზოგადი თერაპიის განყოფილებაში ვმუშაობ. პაციენტებს ძალიან სიამოვნებთ, როცა ეუბნებიან, რომ საქართველოდან ჩამოვედით. ელემენტარულად გრძნობენ, რომ მიტოვებულები არ არიან. 3 კვირა ვემზადებოდით ამ ვიზიტისათვის და, ჩემი აზრით, სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ეს არ არის წინა ხაზი, ყოველდღიურად აფეთქებების ხმა არ ისმის, მაგრამ გუშინ განგაში იყო რამდენჯერმე და 45 წუთი ბომბდამცავში მოგვიწია ყოფნა", - ჰყვება ვატო სურგულაძე.
სამედიცინო პრაქტიკის გარდა, ქართველი ექიმები საველე პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ტრენინგებს უტარებენ ჯარისკაცებსა და იმ სამოქალაქო პირებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული დაცვის რაზმებში არიან ჩართულნი.
ქართველი ექიმები კოლომიის მუნიციპალიტეტმა ქალაქიდან 9 კილომეტრის მოშორებით დააბინავა. ქართველი ექიმების გამგზავრება უკრაინაში პარტია "ლელომ" დააფინანსა.
ქართველი ექიმები უკრაინაში 4 აპრილს ჩაფრინდნენ და დაახლოებით 10 დღეს დაჰყოფენ კოლომიაში. საქართველოში ისინი აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან, შემდეგ კი მეორე ვიზიტის დაგეგმვას აპირებენ, ამჯერად - უკრაინის ცხელ წერტილებში.