Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8-ლარიანი სიგარეტი 13 ლარად: თამბაქო დეფიციტური ხდება


საილუსტაციო ფოტო არქივიდან, პარიზი 8 ოქტომბერი, 2014 წელი
საილუსტაციო ფოტო არქივიდან, პარიზი 8 ოქტომბერი, 2014 წელი

კვირაზე მეტია, რაც მწეველების უმრავლესობა თბილისის ქსელურ სუპერმარკეტებში სიგარეტს ვეღარ ყიდულობს, თამბაქოს ჯიხურებში კი ის სიგარეტები, რომლებიც სუპერმარკეტების დახლებიდან გაქრა, თითქმის ორჯერ ძვირად იყიდება.

საქართველოში თამბაქოს პროდუქცია თითქმის სრულად უკრაინიდან შემოდიოდა - ომის გამო თამბაქოს ქარხნები გაჩერებულია, ექსპორტი შეწყვეტილი. სიგარეტის დისტრიბუტორი კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალ ბაზრებს ეძებენ.

„დეფიციტი არსებობს, ნამდვილად, თუმცა ჩვენ ვესაუბრეთ თამბაქოს იმპორტიორებს და მათ დაგვაიმედეს რომ ამ თვის 15 რიცხვიდან მაღაზიებში დეფიციტი აღარ ექნება, ყველა ეძებს ახალ ბაზრებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მაღაზიების ასოციაციების დირექტორმა, სანდრო სუბელიანმა.

ამ ასოციაციის წევრები არ არიან მსხვილი ქსელური სუპერმარკეტები და, შესაბამისად, დეფიციტი სხვადასხვა პროდუქტზე მათ დახლებზე ყველაზე ადრე ხდება თვალშისაცემი. აპრილის პირველ დღეებში თითქმის არცერთ ქსელურ მარკეტში აღარ არის რამდენიმე დასახელების სიგარეტი.

სიგარეტების შემომტანი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საერთაშორისო კომპანია "ფილიპ მორისი" აცხადებს, რომ ეძებს უკრაინული ბაზრის ალტერნატივას:

„ამ ეტაპზე, უკრაინის ალტერნატივად განვიხილავთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას. დღესდღეობით "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" თამბაქოს პროდუქტები ხელმისაწვდომია გაყიდვის უმეტეს წერტილებში საქართველოს მასშტაბით. ვმუშაობთ აქტიურად, რომ არ შეიქმნას პროდუქტის დეფიციტი”.

კომპანიაჯეი თი აი კავკასუსი“, რომელსაც საქართველოს ქსელურ მარკეტებში სამი დასახელების სიგარეტი შემოაქვს, ამბობს, რომ მათ პროდუქტებზე დეფიციტი ჯერ არ არის. კონკრეტული ორი დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ამ კომპანიას შემოაქვს, მართლაც უფრო ადვილი საშოვნელია.

„ჯერჯერობით მარაგები გვაქვს და ჩვენი სიგარეტებიც თითქმის ყველგან ჩვეულებრივ იყიდება. იმედი გვაქვს, მანამ მოვძებნით ახალ ბაზრებს, სანამ დეფიციტი შეიქმნება”, - ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

მსხვილ სუპერმარკეტებში სიგარეტის დეფიციტი უფრო იგრძნობა, საცალო სავაჭრო ობიექტებში კი - დეფიციტური საქონლის გაძვირება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2019 წელს ჩატარებული თამბაქოს პრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელია ზრდასრული მოსახლეობის 30,7%.

თამბაქოს ნაწარმი უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების სიაში პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2021 წელს უკრაინიდან საქართველოში 78 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი შემოვიდა, სადაც სიგარეტების გარდა იყო სამრეწველო დამზადებისთვის საჭირო პროდუქციაც. უკრაინიდან იმპორტირებული პროდუქციის ათეულში შედის შოკოლადი და კაკაო, პური და ფქვილოვანი ნაწარმი, გაყინული ხორცი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის უკრაინა არ არის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში, ომი სურსათისა და სხვა პროდუქციით მომარაგების მხრივ მაინც წარმოშობს სირთულეებს. დისტრიბუტორები ახლა არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ რუსეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაზეც ფიქრობენ. თუკი ახალი ბაზრების მოძებნა გართულდება ან დროში გაჭიანურდება, დეფიციტი სხვა პროდუქტებზეც ეტაპობრივად გაჩნდება. განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნევა ხორბლის და ფქვილის მარაგები: საქართველოში ამ პროდუქტების 90%-ზე მეტი ამ დრომდე რუსეთიდან შემოდიოდა.

XS
SM
MD
LG