Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დავაცარიელეთ მაღაზიის თაროები - საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო პანიკა


ისე მოხდა, რომ ბედის ირონიით, ბოლო კოვზი შაქარი სალომემ 9 მარტის დილას ჩაიყარა ჩაიში. კიდევ რა წამოვიყოლო სამსახურის მერე სახლშიო, გამოაღო კარადა და თარო შეათვალიერა. ზეთის ბოთლი იდგა თითქმის ცარიელი, სუფრის მარილი ჩასულიყო ძირში და კილოიან ქილაში 100 გრამი ფქვილი ან ეყრებოდა და ან არა. რუტინული საყიდლების სია ჩამოწერა და სამსახურში წავიდა.

8 საათი ხდებოდა, სამსახურიდან მობრუნებულმა უბნის მარკეტში რომ შეიარა. ვერც შაქარი იპოვა, ვერც ზეთი და ვერც ფქვილი. კი გაუკვირდა, მაგრამ არაუშავსო, იფიქრა. იქვე, გვერდით, მეორე მაღაზიაში შევიდა, თუმცა, იქაც დაცარიელებული თაროები დახვდა. ალაგ-ალაგ შეhყოფდა თავს ვინმე, იკითხავდა, „შაქარი ხომ არ დაგრჩათ“ და უიმედოდ მიიხურავდა კარს. ამასობაში, სალომემ გაარკვია, რომ თურმე, მთელი დღეა ხალხი კილოობით შაქარსა და ლიტრობით ზეთს ეზიდება, უკრაინაში ომია და ან დეფიციტი შეიქმნება და ან გაძვირდებაო.

აზარტში შესულმა სალომემ, აბა თუ სადმე ვიპოვი ერთ შეკვრა შაქარს და ერთ ბოთლ ზეთსო, სამი ქსელური მარკეტისა და უბნის ორი პატარა მაღაზიის მოვლის შემდეგ, აი ეს პროდუქტი შეაგროვა.

ფეისბუკში რომ შეიხედა და ტელევიზორიც ჩართო, აღმოაჩინა, რომ შაქარსა და სხვა პროდუქტზე ნადირობა თურმე, მხოლოდ მის უბნელებს კი არა, საქართველოს მასშტაბით გამოუცხადებიათ.

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი ამ ყველაფერზე ხუმრობდა, ნაწილი სხვებს ამუნათებდა, „რაღა დროს ყავაში შაქრის ჩაყრააო“ და ნაწილი წუხდა, „ეს შაქარი რომ გააქრეთ, ბევრს დაშაქრულ ჩაისა და ცარიელ პურზე გადააქვს დღეებიო“.

„პანიკური შესყიდვები“ - ამ ტერმინით დაახასიათა პროდუქტის მაღაზიებსა და საწყობებში არსებული ვითარება „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ. 9 მარტს მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სუპერმარკეტების თაროებიდან პროდუქტი "პანიკური შესყიდვების" გამო გაქრა:

„პანიკური შესყიდვები გამოიწვევს იმ მარაგების ამოყიდვას, რომელიც არის გზაში. იმის გამო, რომ ლარსის უღელტეხილი უამინდობის გამო დაკეტილია, ვერ გადმოდის პროდუქტი, 3-4-დღიანი შეფერხება შეიძლება იყოს. პანიკური შესყიდვები თუ იქნება, აღარ იქნება ზეთი მისთვის, ვისაც სჭირდება და მეზობელს ექნება 5 ლიტრი, ერთი წლის მარაგი. თან ეს გამოიწვია იმანაც, რომ ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვაგზავნით [უკრაინაში], მომზადებული არ დავხვდით და ომის გამო ლოგისტიკაც გართულებულია... თუ პანიკურად შეისყიდიან, აღარ იქნება პროდუქტი".

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "პანიკური შესტიდვების" თაობაზე 9 მარტს დუმილი ამჯობინა. უწყებამ მინისტრის განცხადება 10 მარტის დილას გაავრცელა. ოთარ შამუგია მოსახლეობას არწმუნებს და მოუწოდებს, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს:

ოთარ შამუგია
ოთარ შამუგია

„გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც იყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. თუმცა, არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში”.

მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და არც ერთი პროდუქტის იმპორტის განხორციელების მიმართულებით შეფერხება არ არის: „ქვეყანაში არის იმ რაოდენობის მარაგი, რაც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, - ამბობს ოთარ შამუგია.

რაც შეეხება მოსახლეობისათვის განსაკუთრებით აქტუალურ შაქარს, რაკიღა 9-10 მარტს მთავარი დარტყმა სწორედ ამ პროდუქტზე მოვიდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ შაქრის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის არც რუსეთია და არც უკრაინა და შესაბამისად, არც ამ პროდუქტის მომარაგების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში. 9-10 მარტს დახლებზე გაჩენილ სიცარიელეს კი მინისტრი ასე ხსნის:

„რადგანაც გაიზარდა მოთხოვნა და გაიზარდა შესყიდვები მოსახლეობის მხრიდან, დისტრიბუცია ლოგისტიკურ ჯაჭვში ამ პროცესებს ვერ აჰყვა, რაც გამოსწორდება რამდენიმე დღეში და ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის”.

თუკი კონკრეტულ რიცხვებს დავეყრდნობით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს, საქართველოში შაქრის იმპორტიორი ქვეყნების მთავარი სამეული ასე გამოიყურება:

  • ბრაზილია-13.5 მილიონი დოლარი, 31.8 ათასი ტონა;
  • თურქეთი-7 მილიონი დოლარი, 14.1 ათასი ტონა;
  • პოლონეთი-5.7 მილიონი დოლარი, 11.2 ათასი ტონა.

აი, მაგალითად, გასულ წელს, საქართველოში სულ 60 მლნ აშშ დოლარის შაქარი შემოვიდა, საიდანაც რუსეთის და უკრაინის წილი, ფაქტობრივად, მინიმალურია და შეადგენს - 0.06%-სა და 0.12%-ს.

როგორ შეიძლება აისახოს უკრაინის ომი საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე?

ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს ეკონომიკაზე, კერძოდ კი მაგალითად, საგარეო ვაჭრობაზე გავლენას იქონიებს, ამაზე ეკონომისტები, ცხადია, თანხმდებიან. განსაკუთრებით იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი და უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან და მთელი რიგი აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი იმპორტიორებიც, ხელისუფლებას მოუწევს, რომ დროულად გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები, რათა ქვეყანაში ალტერნატიული წყაროების პერსპექტივა გააჩინოს.

მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთიდან შემოსული ხორბლის ფასი 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და თუკი 2020 წელს ერთ ტონა ხორბალში საქართველო 220 დოლარს იხდიდა, 2021 წელს ეს ფასი 40 დოლარით გაუძვირდა.

2021 წლის მონაცემებითვე, რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბლის ფქვილმა საქართველოში მთლიანი ფქვილის იმპორტის 96% შეადგინა.

რუსეთი ლიდერობს საქართველოსთვის იმპორტირებული ზეთის რაოდენობითაც. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ზეთის 87% რუსეთზე მოდის. 5% კი უკრაინაზე.

რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის ნუსხა საკმაოდ ვრცელია. ვრცელია მათ შორის საკვების პროდუქციის წილიც. მაგალითად, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდის ქვეყანაში ხორცი, რძის პროდუქტი, შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები, ნაყინი, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, ნაღების კარაქი, სიმინდი, სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ყავა, ყველი და ხაჭო, გაყინული თევზი, ბურღული, ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები და სხვა.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მაგალითად, რუსეთის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში, არ არის დიდი.

თუკი სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს გრაფიკს დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ მაგალითად, 2022 წლის იანვარში, მთლიან იმპორტში, რუსეთის წილი მხოლოდ 11%-ს შეადგენს. მას 18,1%-იანი მაჩვენებლით უსწრებს თურქეთი. ამ გრაფიკის მიხედვით, უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ნუსხაში 9,6%-ით შედის აზერბაიჯანის, რასაც 8,1%-ით მოსდევს ჩინეთი და 4,6%-ით აშშ. დანარჩენი ქვეყნები კი მთლიან იმპორტში 48,6%-ს ინაწილებენ.

შესაბამისად, დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო დროულად მოახერხებს კომპანიებთან სწორ კომუნიკაციას და დახმარებას ალტერნატიული ბაზრების ათვისების თვალსაზრისით, საქართველოს არ უნდა შეექმნეს სხვა ქვეყნების ბაზრებიდან თუნდაც ხორბლისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების მოწოდების პრობლემა.

ასე თვლის რუსუდან გიგაშვილიც, ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი:

„ხელისუფლებამ კომპანიებს ხელი უნდა შეუწყოს ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში და თუკი მაგალითად, პანდემიის დროს ქვეყანამ დაასუბსიდირა რუსული ფქვილი, ახლა შეიძლება სხვა ქვეყნის პროდუქტებზე მოხდეს ანალოგიური, იმ შემთხვევაში, თუკი სხვა ბაზრებზე გადასვლა პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს“.

რუსუდან გიგაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, რეალური საფრთხე, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს, ეს იქნება პრობლემები რუსეთიდან ხორბლის მოწოდების მიმართულებით: „დანარჩენ პროდუქტებზე ჩვენ არ ვართ 100%-ით ჩამოკიდებულები რუსეთზე“, - ამბობს ის და ამატებს, რომ საქართველოს ახლა აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსული ხორბლის ბაზარს მაქსიმალურად ჩამოსცილდეს:

რუსუდან გიგაშვილი
რუსუდან გიგაშვილი

„თავისუფლად შეიძლება ეს დამოკიდებულება ჩავშალოთ 10 და 15 მომწოდებელთანაც კი. იგივე თურქეთი, რომელმაც საექსპორტო პირობებში ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რატომ არ შეიძლება, რომ ამ ყველაფერს მოვერგოთ და ჩვენთვის შეღავათიანი ტარიფებით შემოვიტანოთ პროდუქტი? თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის ბაზარზე მხოლოდ იმიტომ არ ვიყავით ჩამოკიდებული, რომ ან ფასი გვაწყობდა და ან ტერიტორიული სიახლოვე. ჩემი ინფორმაციით, მუშაობდა გარკვეული კორუფციული სქემები, რომელთა ჩაშლაც, კონკრეტულ ადამიანებს არ აწყობდათ. ალტერნატიული ბაზრების მოძიება, ვიღაცებისთვის სერიოზული ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზა გახდება. აუცილებლად უნდა მოხდეს დივერსიფიცირება და აუცილებლად უნდა გვყავდეს რამდენიმე ალტერნატიული მომწოდებელი. ეს შეიძლება იყოს თურქეთი, ყაზახეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები“.

აისახება თუ არა ალტერნატიული ბაზრების მოძიება პროდუქტის გაძვირებაზე, რუსუდან გიგაშვილის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მიერ წარმოებული მოლაპარაკებების ხარისხზე:

„ასეთ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორი კომუნიკაცია მყარდება მაგალითად, დისტრიბუტორებთან. ასევე ლოგისტიკურად რამდენად სწორ მარშრუტს ვირჩევთ“.

რუსუდან გიგაშვილი ფიქრობს, რომ დღეს შექმნილ სიტუაციაში სირაქლემის პოზიციაში ჩადგომა და იმის მტკიცება, რომ პრობლემა არ არსებობს, არასწორია. მისივე თქმით, არასწორია ისიც, რომ ხელისუფლებას მოქალაქეებთან კომუნიკაციის ჩაკეტილი გზა აქვს არჩეული:

„პანიკა მაშინ იწყება, როცა ხელისუფლების სიჩუმესა და უმოქმედობას ვხედავთ. ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე, აფასებდეს რისკებს. როდესაც მოსახლეობა ამას ვერ ხედავს, რა თქმა უნდა, ჩნდება პანიკის ფაქტორიც. ნამდვილად არ ვთვლი, რომ დღეს რომ ქვეყანაში პანიკაა, ამაში დამნაშავე მოსახლეობაა. მოსახლეობა ვერ ენდობა ხელისუფლებას და ეს ადამიანური ფაქტორია. ამ ხალხის უკან შვილები, ოჯახები დგას და ეშინიათ და იმარაგებენ პროდუქტს. მათ დროულადაც კი არ მიაწოდა ხელისუფლებამ ინფორმაცია, რა ხდება და როგორ“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 10 მარტს, წერილობით გავრცელებულ განცხადებაში, პირობა დადო, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება მხარი დაუჭიროს ბიზნესსა და იმპორტიორებს, რათა მათ შესაბამის ბაზრებზე ჰქონდეთ წვდომა: "ჩვენი საელჩოების, ჩვენი კოლეგა სამინისტროების მეშვეობით მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ კონტაქტების დამყარებაში და შესაბამისი ბაზრების მოძიებაში", - თუმცა, მინისტრმა ისიც დაამატა, რომ ამ ეტაპზე, იმპორტიორი ქვეყნების ჩანაცვლების საჭიროება არ დგას.

რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის ალტერნატიული ბაზრებიდან მოძიებას, ამ თემაზე გიორგი ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, 10 მარტს, „პალიტრანიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ ქვეყანას ძვირ ხორბალსა და ფქვილზე გადართვა მოუწევს, რთულია იმის პროგნოზირება, გაძვირდება თუ არა პური, მაგალითად, სამი თვის შემდეგ:

„მოსახლეობას სჭირდება ფქვილი, სჭირდება ხორბალი, უნდა შემოვიდეს ალტერნატიული ქვეყნებიდან. ალტერნატიული ქვეყნები ერთ შემთხვევაში ეს არის ყაზახეთი, რომლის ხორბალი უფრო ძვირი იყო, ვიდრე რუსეთის, მეორე შემთხვევაში ეს არის არგენტინა, ავსტრალია, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, თვითონ ამერიკა, ყველგან არის ხორბლის ის შესაძლებლობა, საიდანაც შეგვიძლია წამოვიღოთ, მაგრამ იქ ძვირია როგორც ხორბალი, ასევე ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში არის ყველაზე იაფი ფქვილი. შესაბამისად, პურის გაძვირების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს. თუმცა, თუკი მოგვიწევს გადართვა ძვირ ხორბალსა და ფქვილზე, იქ უკვე სახელმწიფო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, 3 თვის შემდეგ, ბუნებრივია ამაზე დღეს პროგნოზს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად, რომ არა მარტო პურზე, არამედ ყველა ძირითად სასაქონლე ჯგუფზე, რისი შესაძლებლობაც არის, შეინარჩუნოს მინიმალური ფასები“.

ბოლო დღეებში პროდუქტის გარკვეულ სახეობებზე გაზრდილმა მოთხოვნამ, ქსელურ მარკეტებში მომარაგების შეფერხება გამოიწვია.

ეს პრობლემა შეექმნა მარკეტების ქსელ „ორ ნაბიჯსაც“. როგორც იქ გვიხსნიან, ზოგიერთ მაღაზიაში დაცლილი დახლები უკავშირდება არა პროდუქტის დეფიციტს, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, მიწოდების შეფერხებას: „მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ვერ ესწრება მაღაზიების მომარაგება და შევსება. თუმცა, ეს არ არის მასშტაბური პრობლემა. რეგიონებში არანაირ ჭარბ შესყიდვას არ ჰქონია ადგილი. მხოლოდ თბილისის გარკვეულ წერტილებში“.

მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნისა, ისევე როგორც "ორ ნაბიჯში", სუპერმარკეტების ქსელ „სპარშიც“, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დღის წესრიგში არ დგას პროდუქტის დეფიციტის პრობლემა: „გაზრდილია მოთხოვნა გარკვეულ პროდუქტზე, თუმცა, მიწოდების სერიოზული წყვეტა არ ყოფილა. შესაძლოა, რომელიმე ობიექტზე ერთი კონკრეტული პროდუქტი არ დახვდეს მომხმარებელს დახლზე, თუმცა, მომდევნო დღეს ჩვეულებრივად მომარაგდება“.

ახლა მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ პროდუქტი დახლებიდან ხელოვნურად გაქრა, რათა მომდევნო კვირაში გაძვირებული ღირებულებით დაბრუნდეს. ამ ფაქტორს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გამორიცხავს სუპერმარკეტების ქსელის „ზღაპრის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:

„უსაფუძვლო პანიკას აქვს ადგილი. ასეთი პანიკური სიტუაცია რომ არ შექმნილიყო, ცხადია, არც მაღაზიების დახლები დაცარიელდებოდა გარკვეული პროდუქტისგან. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ სრულად დამოკიდებული არც უკრაინულ და არც რუსულ ბაზარზე. მით უმეტეს, იმ პროდუქტები, რომლებიც ეს ორი დღეა განსაკუთრებით მოთხოვნადია, შაქარი, ფქვილი, მარილი, ამ პროდუქტების ნაწილშიც არანაირი დეფიციტის საფრთხე არ გვემუქრება. მით უმეტეს, ქსელური მარკეტები ისე ვუდგებით ამ საკითხს, რომ პროდუქტის გაძვირება არავითარ შემთხვევაში არ ხდება ხელოვნურად. ფასების ხელოვნური მატება, როგორც წესი, პატარა მაღაზიებში შეინიშნება ხოლმე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ფასი იგივე ნიშნულზე შევინარჩუნოთ და თუკი დადგება გაძვირების საჭიროება, მოხდეს ლოგიკური გაძვირება და არა ხელოვნურად გაზრდა“.

როგორც სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლები გვიხსნიან, მაღაზიებში არსებული ერთი კვირის მარაგები, ერთ დღეში გაიყიდა, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური ჯაჭვის გაწყვეტა. თუმცა, ამბობენ, რომ ეს პრობლემა უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება.

XS
SM
MD
LG