Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგები უკრაინის საკონსულოსთან - ათეულობით უკრაინელი საქართველოში "გაიჭედა"


რიგი უკრაინის საკონსულოში თბილისში. 2022 წლის პირველი აპრილი, შაბათი.
რიგი უკრაინის საკონსულოში თბილისში. 2022 წლის პირველი აპრილი, შაბათი.

საქართველოში უკრაინის საკონსულოსთან რიგები დგას. ათეულობით ადამიანს ომის გამო ისე მოუწია ქვეყნიდან გამოქცევა, რომ საბუთები წესრიგში არ ჰქონდა.

ახლა მათი ნაწილი, ვინც საქართველოში მხოლოდ გავლით იყო, ქვეყანას ვერ ტოვებს. ვერც საკონსულო ახერხებს მათთვის ისეთი საბუთების გაცემას, რომელიც საზღვრის კანონიერი გადაკვეთის საშუალებას მისცემდა. რა გამოსავალი არსებობს მათთვის?

იულია 7 წლის შვილ კირასთან, ქმართან, დედასა და დედამთილთან ერთად საქართველოში 31 მარტს შემოვიდა. საზღვარზე ისინი არ დააყოვნეს, მაგრამ აი, ქვეყნიდან გასვლას კი უკვე ვეღარ ახერხებენ. ოჯახი საქართველოს გავლით კვიპროსში ნათესავთან მიდიოდა, მაგრამ მე-5 დღე იწურება, რაც ისინი თბილისში "გაიჭედნენ".

"ჩვენ მარიუპოლიდან ვართ, ეგ საიდან უნდა ვიცოდეთ? 20 დღე სარდაფში ვისხედით", - ეუბნება იულია როი უკრაინის კონსულის თანაშემწეს, რომელიც მას საკონსულოს წინ დამონტაჟებული ინტერკომის დინამიკიდან რაღაცას ეკითხება.

იულია მარიუპოლში ფოსტაში მუშაობდა, ქმარი საშა საბავშვო ატრაქციონებს ამონტაჟებდა. "გარეთ გასვლა შეუძლებელი იყო. ვიყავით დენის, გაზისა და წყლის გარეშე. როცა წვიმა იყო, აბაზანა ავავსეთ წყლით და მაგ წყალს ვიყენებდით, რომ მოთოვა, თოვლი დავადნეთ. ერთი კვირის სამყოფი საკვები, 28 დღე ვიმყოფინეთ. ისიც არ ვიცოდით, იყო თუ არა ჰუმანიტარული დახმარება, არც ის, ცოცხლები იყვნენ თუ არა ჩვენი მეზობლები, ან მეგობრები, რომლებიც ჩვენი ქუჩის იქით ცხოვრობდნენ", - ჰყვება იულია.

იულია როის ოჯახი
იულია როის ოჯახი

განუწყვეტელი სროლისა და დაბომბვის ქვეშ ოჯახი თითქმის მიწასთან გასწორებული ქალაქიდან მეზობლებმა თავიანთი მანქანით გამოიყვანეს. სიჩქარეში თან მხოლოდ მინიმალური ბარგი და საბუთები წამოიღეს, ისიც ვადაგასული. 5-წევრიანი ოჯახიდან, მხოლოდ ბებიას პასპორტია წესრიგში, დანარჩენებს ვადა 2018 წელს გაუვიდა და გახანგრძლივება მას შემდეგ არ უცდიათ, ვინ იფიქრებდა, რომ ომი დაიწყებოდა და მარიუპოლის დატოვება იმით მოუწევდათ, რაც ხელში მოხვდებოდათ.

სწორედ ვადაგასული პასპორტების გამო ჩარჩა ოჯახი საქართველოში. საკონსულოში მათ უხსნიან, რომ საელჩო პასპორტების ვადას ვერ ახანგრძლივებს, მათ შორის ვერც ომის დროს, ეს მხოლოდ უკრაინაშია შესაძლებელი.

"პირველ აპრილს დილიდან მივედით უკრაინის საელჩოში საქართველოში და კონსულმა გვითხრა, რომ, ვადაგასული საბუთების გამო, ვერაფრით დაგვეხმარებიან. კვიპროსში უკრაინის საელჩო გვეუბნება, რომ უპრობლემოდ მიგვიღებენ ამ საბუთებით, მაგრამ საქართველოდან ჯერჯერობით ვერ გავდივართ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას იულია და აზუსტებს, რომ არავინ იცის, გაატარებენ თუ არა ქართველი მესაზღვრეები აეროპორტში, როცა ისინი ვადაგასულ პასპორტებს წარუდგენენ.

უკრაინის საკონსულომ ოჯახის წევრებს სპეციალური მოწმობა მისცა, რომლითაც დასტურდება, რომ ფოტოსურათზე გამოსახული ადამიანები უკრაინის მოქალაქეები არიან და მათი ვინაობა დადგენილია, თუმცა საკონსულოში ოჯახს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ ეს დოკუმენტი საქართველოდან გასამგზავრებლად ვერ გამოდგება.

"ევროპაში შეგიძლიათ გადაადგილება, მაგალითად, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი რომ გადაკვეთოთ, მაგრამ საქართველოდან [გასვლას] ვერ შეძლებთ. თქვენ შეგიძლიათ ავიასალაროს ან სასაზღვრო სამსახურს მიმართოთ და ამ საბუთით გატარება სთხოვოთ", - უთხრეს იულიას საკონსულოში.

"შეიძლება გკითხოთ, თქვენ უკრაინის რომელი ქალაქიდან ხართ?" - ეკითხება იულიას ქმარს საშას საკონსულოსთან რიგში მდგომი მილა.

"მარიუპოლიდან, ჩვენ მარჯვენა სანაპიროზე ვცხოვრობდით", - პასუხობს საშა.

მილა, რომელიც მანამდე მშვიდად მიყვებოდა მარიუპოლში დატრიალებულ ამბებზე, როცა იგებს, რომ იულიაც მარიუპოლიდანაა, ცრემლებს ვერ იკავებს.

"მთელი ნათესაობა იქ დამრჩა. ყველა სიაში ვეძებდი და ვერსად ამოვიკითხე მათი სახელი და გვარი, არსად წერიან".

"არ ინერვიულოთ. უბრალოდ კავშირი არ არის მანდ. სანამ რამე ცუდს არ გაიგებთ, ნუ იფიქრებთ ცუდზე", - ამშვიდებს საშა შემთხვევით გაცნობილ თანაქალაქელს.

მილას ქმარი საქართველოს მოქალაქეა. მისი ერთი ძმა სამხედროა, მეორე კი ტერიტორიული დაცვის რაზმში ჩაეწერა.

"ისინი ისედაც არაფრის დიდებით არ დატოვებდნენ უკრაინას. თან ვინმემ ხომ უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა", - მეუბნება მილა, რომელიც სხვების მსგავსად სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო საბუთს ელოდება.

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან რიგი დილიდან დგება. აქ შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა, როის ოჯახის მსგავსად, ცდილობს საკონსულო დაიხმაროს საბუთების მიღებასა და საჭირო დოკუმენტების შეკრებაში. მათი უმრავლესობა საქართველოდან მესამე ქვეყანაში ცდილობს წასვლას.

მხოლოდ პირადობის მოწმობა (ID) აქვს სოფიას, რომელიც უკრაინის კიდევ ერთი დაბომბილი ქალაქ ჩერნიგოვიდან 11 წლის შვილთან ერთად ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.

"საელჩომ გვითხრა, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო. ორი დღე ვიდექი რიგში, რომ საკონსულოში მოვხვედრილიყავი, იქაც იგივე გვითხრეს - ვერაფერში დაგეხმარებით, საქართველოში დარჩით, აქ მოძებნეთ სამსახურიო.

ბავშვი ახლა ქართულ სკოლაში დადის, მისთვის სწავლა ძალიან რთულია. 10 ქართული სიტყვა იცის ჯერ. ახლა გვითხრეს, რომ უკრაინული სკოლა იხსნება მომდევნო კვირაშიო. ჩემოდნებზე ვზივართ, რასაც ჰქვია და ერთი სული გვაქვს როდის წავალთ", - ამბობს ჩერნიგოვიდან გამოხიზნული სოფია, მას და მის შვილს საფრანგეთში ნაცნობთან უნდათ წასვლა.

ნატალია შევჩუკიც მარიუპოლიდანაა. ის მეორე დღეა ქმართან ერთად საკონსულოში ბავშვის საბუთების მისაღებად რიგში დგას. საქართველოდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით 31 მარტს შემოვიდნენ. აქედან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავენ წასვლას.

"ჩვენ, უფროსებს, წესრიგში გვაქვს საბუთები. ბავშვისას ველოდები მხოლოდ. იმედია, მომცემენ და გადაადგილებაზე პრობლემა არ შემექმნება.

რასაც შორიდან ფოტოებსა და ვიდეოებში ხედავთ, არ გადმოსცემს იმას, რაც მარიუპოლში ხდება სინამდვილეში. ორ კვირაზე მეტი სარდაფში ვცხოვრობდით, გვეშინოდა იქიდან გამოსვლა და საჭმლის მომზადება სადარბაზოში. მაღაზიებში პროდუქტები არ იყო, მაროდიორობა კი ომის პირველი დღიდან დაიწყო. ისე გაძვირდა ყველაფერი, ისინიც ვერ ყიდულობდნენ ვერაფერს, ვისაც ფული ჰქონდა", - ჰყვება ნატალია, სანამ თავის რიგს ელოდება.

როიების ოჯახი ახლა დროებით თბილისი ცენტრალის სასტუმროში ცხოვრობს, სადაც უფასოდ დარჩენა და კვება შესთავაზეს, იმდენი ხნით, რამდენითაც დასჭირდება. თუმცა საკონსულოსთან ვესაუბრეთ მათაც, ვისაც ბინის ქირაობა დღეში 80 ლარად უწევს. ნაწილი კი ნათესავებთან რჩება.

როიების ოჯახმა იდენტობის დამადასტურებელი საბუთების მიღების შემდეგ გადაწყვიტა, გარისკოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ პასპორტების აღება ვერ შეძლეს, თვითმფრინავის ბილეთებს უახლოეს დღეებში იყიდიან და საქართველოს საზღვარზე გადაწყდება, გაატარებენ თუ არა არსებული დოკუმენტებით.

უკრაინელი ლტოლვილების დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე რადიო თავისუფლება უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ჩვენი კითხვების ადრესატი უკრაინის საკონსულო იყო. საკონსულოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საზღვრის კვეთის დეპარტამენტის პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავენ და დაგვიკავშირდებიან.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG