Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცარიელი მუქარა“ და გაზის რუბლზე გაყიდვის რუსული სქემა


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა, „არამეგობრულ ქვეყნებსბუნებრივი აირის საფასური რუბლებში გადაეხადათ, ევროპა ამის გაკეთებას არ აპირებს. სქემა, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად მოიფიქრეს, უფრო საშიშად გამოიყურება, ვიდრე არის.

31 მარტს პუტინმა ბუნებრივი აირის შესასყიდად „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ ახალი წესები დაადგინა. ბი-ბი-სი წერს, რომ ბრძანების ტექსტის მიხედვით, ევროპისთვის დიდად არაფერი იცვლება. უბრალოდ, რუსეთში „გაზპრომბანკის“ სახით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ვალუტას გადაცვლის. ბი-ბი-სიმ ამ პროცესის მექანიზმი ასე ჩამოაყალიბა:

  • „გაზპრომბანკში“ გაიხსნება ვალუტის და რუბლის ანგარიშები. ეს კონვერტირებადი ანგარიშებია. ანგარიშის გასახსნელად უშუალოდ რუსეთში ყოფნა საჭირო არ არის. ანგარიშები გაიხსნება „ვითარებიდან გამომდინარე ხელმისაწვდომი“ დოკუმენტებით. ამ ანგარიშებზე თანხის გაყინვა ან დაპატიმრება არ შეიძლება.
  • რას ნიშნავს „კონვერტირებადი ანგარიში“ - ეს არის ანგარიშის სპეციალური ტიპი, რომელსაც ბანკი არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უხსნის, რათა მათ რუბლებში შეძლონ ანგარიშსწორება.
  • მყიდველი თანხას რიცხავს იმ სავალუტო ანგარიშზე, რომელი ვალუტაც ბუნებრივი არის მიწოდებასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაშია მითითებული. ამის შემდეგ „გაზპრომბანკი“ რუბლებს მოსკოვის ბირჟაზე ყიდულობს და მყიდველის რუბლის ანგარიშზე რიცხავს.
  • როგორც კი რუბლები ანგარიშზე დაჯდება, მიიჩნევა, რომ მყიდველმა თავისი მოვალეობა შეასრულა.

მიხაილ კრუტიხინი, რუსეთის ექსპერტი ბუნებრივი აირის საკითხებში, „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ამბობს, რომ ეს უბრალოდ ხალხის თვალის ასახვევად შექმნილი „ლამაზი“ სქემაა, რომელიც სინამდვილეში არაფერს ცვლის.

ნასტოიაშჩეე ვრემია: დავიწყოთ რუსეთის იდეით, უცხოეთს ბუნებრივი აირი რუბლებზე მიჰყიდოს, რა არის ეს საერთოდ და თუ იმუშავებს?

მიხაილ კრუტიხინი: პრეზიდენტმა განაცხადა, თუ რუბლებზე არ იყიდიან, არამეგობრულ ქვეყნებს გაზს არ მივაწვდიო. ამან ძალიან გაანაწყენა ისინი, ვინც ამ ბუნებრივ აირს ყიდულობს. ჯერ გერმანიის კანცლერმა, შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრმა პუტინს დაურეკეს და აუხსნეს, რომ მათ ისედაც დაიწყეს იმ პროგრამებზე მუშაობა, რომლებიც საშუალებას მისცემთ რუსეთის ენერგომატარებლებზე უარი თქვან. თქვენ თქვენი ბრძანებებით ამ პროგრამას კიდევ უფრო აჩქარებთ და თუ შეწყვეტთ გაზის მოწოდებას, რუსული ეკონომიკა საერთოდ ჩაფლავდებაო.

შეთანხმებას მოაწერეს ხელი ჩინეთთან 10 მილიონ კუბურ მეტრზე, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან უნდა მიიღონ. იქ ბუნებრივ აირს სად იშოვიან, არავინ იცის.

ახლა ბუნებრივ აირს რუსეთის ბიუჯეტში ნავთობზე მეტი ფული შეაქვს. თუ რუსეთი ევროპას გაზს აღარ მიაწვდის, ჩემი გათვლებით, ბიუჯეტის 30 პროცენტს უბრალოდ ვერაფრით შეავსებენ.

..: თუ სწორად გავიგე, რუსეთმა უკან დაიხია და ახლა ამბობს, თქვენ ვალუტით გადაიხადეთ და ჩვენ რუბლებზე თვითონ გადავცვლითო?

..: დიახ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრული სისულელე იყო. „გაზპრომბანკი“ ანგარიშებს გახსნის. რუსული ბუნებრივი აირის მყიდველები ძველებურად ევროებსა და დოლარებში გადაიხდიან, „გაზპრომბანკი“ კი ამ თანხას რუბლებში გადაიყვანს. ხალხს ამაყად გამოუცხადებენ, ნახეთ, გავიმარჯვეთ, აგერ, რუბლებში იხდიანო. ეს სიმართლესთან ახლოსაც არაა. მოკლედ, მთამ თაგვი შობა. უხეირო განცხადება იყო და მერე ბოდიშების მოხდა და სასწრაფოდ ახალი სქემის მოფიქრება მოგვიხდა.

..: რაც შეეხება ამ დაჩქარებულ პროგრამებს, რომლებიც რუსულ ენერგომატარებელებზე უარის სათქმელად წამოიწყეს, ფიქრობთ, წარმატებული იქნება? რა დრო დასჭირდება მათ?

..: როცა ომი იწყებოდა, ზოგმა ქვეყანამ გამოთვალა, რა დრო დასჭირდებოდა რუსულ ენერგომატარებლებზე უარის სათქმელად. მგონი რეკორდი იტალიას ეკუთვნის, იქ დაადგინეს, რომ მხოლოდ 2027 წელს აღარ დასჭირდებათ რუსეთის ბუნებრივი აირი. გერმანიაში უცებ მიიღეს პროგრამა, რომლითაც 2 წელიწადში მოახერხებენ რუსული ბუნებრივი აირისგან გათავისუფლებას, თუმცა, მანამდე ქალბატონი მერკელი, სანამ კანცლერის პოსტს დატოვებდა ამბობდა, რომ ამას 7-8 წელი დასჭირდებოდა.

ეს ძალიან რთული გასაკეთებელია ევროპისთვის. მოუწევთ მსხვერპლი გაიღონ, მოუწევთ გააჩერონ ენერგოინტენსიური წარმოებები, მაგალითად, ქიმიური წარმოება, მინერალური სასუქის წარმოება, იგივე აგურის წარმოება, მისი გამოწვა... მოუწევთ ელექტროენერგია ნახშირისგან, მათ შორის, არაეკოლოგიური ნახშირისგან მიიღონ. მცირე ელექტროსადგურები, დიდი ალბათობით, მაზუთზე გადავა. დამატებით უზარმაზარი თანხის გადახდა მოუხდებათ იმისთვის, რომ გაზი აზიური ბაზრიდან ევროპულ ბაზარზე გადმოიტანონ. ფასები იქაც მაღალია.

ეს დიდი მსხვერპლია, მაგრამ ევროპაში უკვე არა მხოლოდ ექსპერტები, მთავრობა და ხალხიც კი მიხვდა, რომ „გაზპრომის“ იმედად ვერ იქნები. ის სანდო არაა. „გაზპრომი“ 2005 წლიდან, კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო რეგულარულად აჩერებდა მიწოდებას. თან ამას ყველაზე ცუდ დროს აკეთებდა, როდესაც [ევროპაში] გათბობა სჭირდებოდათ. ასეთი მომწოდებლის იმედად ყოფნა შეუძლებელია, მით უფრო, თუ ამას მუქარაც ერთვის, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტს სჩვევია. ამიტომაც ევროპამ გადაწყვიტა და მოსახლეობამაც მხარი დაუჭირა, რომ წავიდნენ მსხვერპლზე და რუსულ ბუნებრივ აირზე მალე თქვან უარი.

..: და რუსეთს რა მოუვა, ჰყავს სხვა მყიდველი?

..: რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე თქვა ადრე, მოდი, რუსეთის გაზის მილები, რომლებიც რუსეთის აღმოსავლეთშია, დასავლეთის მილებს მივუერთოთ და შემდეგ ან ევროპაში გავყიდოთ ბუნებრივი აირი, ან აზიაში, სადაც უკეთესი ფასი იქნებაო.

დასავლეთმა ევროპამ შარშან 145 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, ჩინეთმა კი 10 მილიარდი - მილიდან „ციმბირის ძალა“. ეს „ციმბირის ძალა“ თავის საპროექტო ნიშნულს 2024 ან 2025 წელს მიაღწევს - ეს 38 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. ევროპას ვერც შეედრება.

კიდევ ერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ჩინეთთან 10 მილიონ კუბურ მეტრზე, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან უნდა მიიღონ. იქ ბუნებრივ აირს სად იშოვიან, არავინ იცის. იქ არ არის გაზის სანდო წყაროები. ანუ, ჩინეთი ევროპას ვერაფრით ჩაანაცვლებს. რა უნდა თქვა, ცარიელი სიტყვები და ცარიელი მუქარაა.

XS
SM
MD
LG