Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალი კვირის" ჟურნალისტი: გვეუბნებოდნენ, ხელისუფლებაზე კრიტიკული კომენტარები ამოგვეღო ან შეგვემოკლებინა


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ახალი კვირის" ჟურნალისტი თამთა ჯანაძე ამბობს, რომ სიუჟეტებზე მუშაობის დროს არხის მენეჯმენტი მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული კომენტარების შემოკლებას ან ამოღებას ითხოვდა. მან "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ იყო შემთხვევები, როცა კვირის მთავარ პოლიტიკურ თემაზე მომზადებული მასალები "ქრონომეტრაჟის სიმცირის" გამო გადაცემიდან ამოიღეს.

"მენეჯმენტი ცდილობდა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოგვეღო სიუჟეტიდან, ან შეგვემოკლებინა. გარდა ამისა, ძალიან გვიჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე მუშაობა, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში "მოამბე" გადაღეჭავდა და აღარ იქნებოდა საინტერესო - ვგულისხმობ ლუკა სირაძის, დათუნა სარალიძის საქმეებს, უზენაესი სასამართლო მოსამართლეების საქმეს, ოპოზიციის აქციებს", - თქვა ჯანაძემ.

მან არხზე არსებული პრობლემების საილუსტრაციოდ გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევაზე მომზადებული სიუჟეტიც.

"გადაცემის ეთერში გასვლამდე, გენერალური პროდიუსერი შემოვიდა სამონტაჟოში და ამოჭრა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების მიმართ ექსპერტების კრიტიკული კომენტარები. გარდა ამისა - ცესკოზე დაყრდნობით მომზადებული გრაფიკული მასალა, რომლითაც ირკვეოდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 6 წლის განმავლობაში მხარდამჭერთა იგივე პროცენტული რაოდენობა დაკარგა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 წლის მანძილზე", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე მომზადებული მასალა "ქრონომეტრაჟის უკმარისობის გამო ეს სიუჟეტი ვერ გავიდოდა".

დღეს, 25 მარტს, უკვე სამი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც "ახალი კვირა" ეთერში არ გასულა. გადაცემის წამყვანმა, იმედა დარსალიამ დაასახელა კონკრეტული ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთა "შავი სიაც" არსებობდა - გადაცემაში და სიუჟეტებზე მუშაობის დროს მათი ჩაწერა აკრძალული იყო.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად ურეკავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს; არხის პროდიუსერს - ეკა შონიას და PR დეპარტამენტის თანამშრომელს. არცერთმა მათგანმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"ახალი კვირის" წამყვანმა არხზე არსებულ ცენზურაზე საუბარი 17 თებერვალს დაიწყო. ის ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

იმავე საღამოს იმედა დარსალიას"ფეისბუკზე" გამოეხმაურა არხის პროდიუსერი ეკა შონია.

"რაც შეეხება ბრალდებას ე.წ. შავი სიების შესახებ, რასაც, თურმე, ბატონი იმედა დარსალია ორი წლის განმავლობაში გულში ატარებდა, ეს ცდება რიგითი არაკეთილსინდისიერების ფარგლებს, პირადი ურთიერთობების და კოლეგიალობის ყველა წითელ ხაზს კვეთს და არხის ყველა თანამშრომელს აყენებს შეურაცხყოფას... ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ბატონი დარსალია კიდევ დიდხანს შეინახავდა "შავი სიების" საიდუმლოს, თუ ამბიციას დავუკმაყოფილებდით და გადაცემის წაყვანას მარტო გააგრძელებდა", - წერდა შონია.

პროდიუსერის ამ განცხადების შემდეგ გადაცემაში ცენზურაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემაც.

"ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია... ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი... ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას", - აცხადებდნენ ჟურნალისტები.

XS
SM
MD
LG