საზოგადოებრივი მაუწყებლის კვირის შემაჯამებელი გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ არხზე ცენზურაა და არასასურველი რესპონდენტების „შავი სია“ არსებობს. „ახალი კვირის” ბოლო გადაცემა ეთერში 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა, არხი ფორმატის განახლებაზე საუბრობს, წამყვანი იმედა დარსალია კი ფიქრობს, რომ სარედაქციო საკითხებზე წინააღმდეგობის გაწევის გამო მას ეთერში აღარ დააბრუნებენ.
რა როლი ჰქონდა იმედა დარსალიას „ახალი კვირის” სარედაქციო დამოუკიდებლობაში, რა არგუმენტებზე დაყრდნობით საუბრობს ცენზურაზე და რას გეგმავს, თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლებენ - რადიო თავისუფლებამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
თქვენი ბოლო გადაცემა 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა ეთერში. იცოდით თუ არა მაშინ, რომ გადაცემა ჩერდებოდა?
არაფერი ვიცოდი ფორმატის ცვლილებაზე და იმაზე, რომ წამყვანი არ ვიქნებოდი. 28 დეკემბერს თათბირი ჩაგვიტარეს და გვითხრეს, რომ გადაცემამ ამ ფორმატით თავი ამოწურა და ფორმატი შეიცვლებოდა - მე არ ვიქნებოდი ამ გადაცემის წამყვანი.
28 დეკემბრიდან დიდი დრო გავიდა, რატომ გადაწყვიტეთ ახლა ამაზე საუბრი?
მე ველოდი რეორგანიზაციის დასრულებას, მაგრამ მედიამ დაგვასწრო. „TV პირველი” დაინტერესდა, რატომ ხარობდნენ „ალტ-ინფოს” წევრები „ახალი კვირის” დახურვით. ის მუქარები, რაც იყო „ალტ-ინფოს” მხრიდან ერთი თვის წინ და გადაცემის დახურვა, ლოგიკურია, დაუკავშირეს ერთმანეთს. მე მხოლოდ ფაქტებზე მინდა საუბარი, თუმცა შინაგანად მეც მაქვს ეჭვები და დავუსვი კითხვები არხის დირექტორს. მივიღე პასუხი, რომ ეს იყო აბსურდი.
თქვენთვის ლოგიკურია „ალტ-ინფოს” მუქარის გამო გადაცემის მოხსნა?
ძალიან ცუდად დაემთხვა ერთმანეთს - ზუსტად ერთი თვით ადრე მუქარა და შემდეგ ეს გადაცემა მოხსნეს… დიდი პრობლემები იყო გადაცემაში და „ალტ-ინფოს” მუქარას ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი.
უფრო მეტი პრობლემები ახსენეთ, ვიდრე „ალტ-ინფო”. რას გულისხმობდით?
ცენზურა, სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა. ორი წლის განმავლობაში [პრაქტიკულად] პოლიტიკის ბლოკი იყო ამოგდებული, თუმცა ვცდილობდით, რომ მაინც მოხვედრილიყო.
ორი წლის წინ გითხრეს, რომ პოლიტიკური საკითხები არ უნდა გაგეშუქებინათ?
დიახ, ორი წლის წინ გვითხრეს, რომ პოლიტიკური საკითხები არ უნდა გაგვეშუქებინა, თუ დავთანხმდებოდით - ხო, თუ არადა, შეიძლება გადაცემა დახურულიყო.
კონკრეტულად ვინ გითხრათ ეს?
გადაცემის ხელმძღვანელობამ. არ მინდა სახელებზე ვისაუბრო, ზედმეტ მნიშვნელობას არ მივანიჭებ არავის. საუბარია არხის მენეჯმენტზე, რომელშიც გენერალური დირექტორი არ და ვერ ერეოდა.
ანუ გგონიათ, რომ დირექტორის გვერდის ავლით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება?
ვიცი, რომ მისი გვერდის ავლით იყო. ყველა პრობლემა, რაც იყო გადაცემაში, თიკო ბერძენიშვილმა [დირექტორმა] მოაგვარა, პოლიტიკური თემები დაბრუნდა ეთერში მცირე პერიოდით, შემდეგ ისევ იყო მცდელობები და ბოლოს მიხვდნენ, რომ უფრო მარტივი იქნებოდა, რომ იმედა დარსალია გაეშვათ ეთერიდან. რატომ ფიქრობდნენ, არ ვიცი. არ მგონია, რომ ჟურნალისტები, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ასე მარტივად დაექვემდებარებიან ცენზურას იმის მიუხედავად, მე იქ ვიქნები თუ არა.
კონკრეტულად, რა საკითხები იყო, რაზეც იცოდით, რომ რეპორტაჟები არ უნდა გაკეთებულიყო?
ძირითადად, პოლიტიკაზე. მე არც ვიცოდი, ერთ დღეს გავიგე ჟურნალისტებისგან „შავი სიების” არსებობის შესახებ. რომ დავინტერესდი, ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ამ სიებში… ამასთან დაკავშირებითაც მქონდა მე საუბარი დირექტორთან, რაც მოგვარდა მაშინ.
ვინ არ უნდა გაგეშუქებინათ?
ჯერჯერობით დაკონკრეტებას არ ვაპირებ, სასამართლომდე მივალ. იქ უკვე ყველაფერს ვიტყვი, არ მინდა ახლა სახელების და გვარების თქმა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგში მოხვდა, სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილი ფაილების გაშუქების ეპიზოდი - საუბარია „ახალი კვირისა” და „მოამბის” გაშუქების განსხვავებულობაზე - თქვენი ჟურნალისტი საუბრობდა სუს-ის, პროკურატურისა და ინსპექტორის სამსახურის პასუხისმგებლობაზე. ამ საკითხზე იყო კომუნიკაცია?
არ ყოფილა, ტყუილს ვერ ვიტყვი. რეპორტაჟი გავიდა ისე, როგორც ჟურნალისტმა ჩათვალა საჭიროდ.
თქვენ შეგიძლიათ მითხრათ რომელიმე მასალის შესახებ, რომლის ეთერში გასვლის გამოც კითხვები დასმულა?
კონკრეტულად არ ვიტყვი. ძალიან გთხოვთ, კონკრეტულ რაღაცებზე ნუ მკითხავთ. ვიტყვი, რომ იყო ცენზურა.
თქვენ ახსენეთ „შავი სიები”. უფრო ნათელი რომ მოვფინოთ ამ საკითხს, შეიძლება არ ამბობდეთ სახელებსა და გვარებს, მაგრამ ვის გაშუქებაზე იყო შეზღუდვები?
არასამთავრობო ორგანიზაციებზე იყო. იყო ასევე ექსპერტების მთელი ჩამონათვალი და ა.შ. ეს ძალიან გვიან გავიგე, როცა ჟურნალისტს შევთავაზე რესპონდენტად ჩაგვეწერა.
თქვით, რომ გვიან გაიგეთ - ანუ რაღაც ეტაპზე სრულდებოდა ეს მოთხოვნა?
სამწუხაროდ, სრულდებოდა ეს მოთხოვნა ან ვიღაც სხვით ნაცვლდებოდა. პარალელურად მიმდინარეობდა ამ პრობლემებზე მუშაობა მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლთან, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო და თავისუფლად ემუშავათ ჟურნალისტებს. მაქსიმალურად ვახერხებდით, მაგრამ ეს იყო ომის, ნერვიულობის და სტრესის ფონზე.
ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს თუ მიუთითებია, რა ყოფილიყო გადაცემაში და რა არა?
ჩვენთან არასდროს.
თქვენ თქვით, რომ ბოლო დროს ნაკლებად იყავით ჩართული შინაარსის დაგეგმვაში. გადაცემის წამყვანობის გარდა, რა იყო თქვენი როლი?
სამწუხაროდ, ბოლო დროს თითქმის ვერაფერში [ვერთვებოდი]. იყო მცდელობები, რომ ჩემ გარეშე დაგეგმილიყო, თუმცა, როცა რაღაც არ მომწონდა, ვერეოდი.
გუშინ თქვენს ინტერვიუებს გამოეხმაურა არხის ერთ-ერთი პროდიუსერი ეკა შონია.
ეკა შონია არის ამ გადაცემის პროდიუსერი.
ანუ რომ საუბრობდით ხელმძღვანელის მითითებას პოლიტიკური თემების არგაშუქებაზე და არ დაასახელეთ, მას გულისხმობდით?
კი.
წაგიკითხავთ მის გამოხმაურებას თქვენს კომენტარებზე: „თუ არხზე "შავი სიები“ და ცენზურა იყო და ამის შესახებ დარსალია ორი წელი დუმდა, საინტერესოა, რას უცდიდა და ამაზე მნიშვნელოვანს, რას უყვებოდა მაყურებელს?!”
გამეცინა. ორი წელი შიგნით ვცდილობდით, ეს პრობლემა მოგვეგვარებინა.
არხის დირექტორი ახლაც ჩართულია პროცესებში?
შევხვდი და მქონდა საუბარი. დიდი ალბათობით, უნდა იყოს ჩართული - არხის დირექტორია.
თქვენი ინტერვიუების შემდეგ ესაუბრეთ მენეჯმენტის წარმომადგენლებს?
არა. მენეჯმენტმა გაავრცელა განცხადება. ბოლოს იანვრის შუა რიცხვებში პირადად შევხვდი დირექტორს, მას შემდეგ არც იქიდან ყოფილა სურვილი და არც მე მაქვს სურვილი.
თქვენ გგონიათ, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაციით ხდება შეზღუდვების დაწესება?
ძალიან მეეჭვება, რომ მთავრობიდან ვინმეს ჰქონდა კომუნიკაცია და ვინმე კონკრეტულ დავალებებს ასრულებდეს. ეს არის პირადი გადაწყვეტილებები მენეჯმენტის - მე ასე მგონია.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათ მთავრობიდან არავინ ეკონტაქტებოდა. მათ ყველაფრის გაშუქების ეშინოდათ და ცდილობდნენ, რომ დაებლოკათ ლოგიკის გარეშე.
დღეს რას გთავაზობენ?
არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია. ალბათ, რამეს შემომთავაზებენ, ხელშეკრულება არ შემიწყვეტია არხთან და არც ვაპირებ. რეორგანიზაცია რომ დასრულდება, მერე ვნახოთ.
თქვენთან საუბრის დროს მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ ხართ გადაცემის რეორგანიზაციის პროცესში ჩართული.
არა. ეს კიდევ მეორე ტრაგიკომედიაა. არათუ მე, მე მგონი, ჟურნალისტებიც არ არიან ჩართული. ყველა ნაბიჯი მიუთითებს, რომ ეს რეორგანიზაცია ჩემ წინააღმდეგ, ჩემი ეთერიდან გაშვების გამო განხორციელდა.
„იმედიდან“, რომელსაც აქვს გამოკვეთილი სარედაქციო პოლიტიკა, პოლიტიკური თემების გაშუქებისას, თქვენს გადაცემაში გადმოვიდა პროდიუსერი. ეს, თქვენი აზრით, იყო ის გზა, რომლითაც აღარ მიიღებდით კრიტიკას მენეჯმენტის მხრიდან გაშუქებასთან დაკავშირებით?
მე ჩემი გუნდის ყოფილ წევრებზე, რაც არ უნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს, არაფერს ვიტყვი.
ყოფილი წევრები თქვით. შეიძლება სამსახურიდან დაგითხოვონ?
მე არხიდან წამოსვლას არ ვაპირებ. სასამართლოში წავალ, რომ დავამტკიცო ჩემი სიმართლე, თუმცა მე თითქმის 100 პროცენტით ვიცი, რომ აღარ ვიმუშავებ „ახალ კვირაში”.
შიდა კოდექსით აკრძალული გაქვთ მედიასთან ურთიერთობა, თუ ეს მენეჯმენტთან არ არის შეთანხმებული - ეს შეიძლება გახდეს დამატებითი პრეტენზიების საბაბი?
როდესაც პრობლემებს ვერ აგვარებ შიგნით ორი წლის განმავლობაში და არაფერი არ იცვლება, ეს უნდა თქვა. ეს არ არის, რომ პირდაპირ გამოვვარდი.