Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედა დარსალია ასახელებს რესპონდენტებს, რომლებიც, მისი თქმით, "შავ სიაში" იყვნენ


საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "ახალი კვირის" წამყვანი იმედა დარსალია ასახელებს კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მისი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. გადაცემა სამი თვეა ეთერში აღარ გადის. "შავი სიების" შესახებ ჟურნალისტმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ე.წ. შავი სიები ნიშნავს, რომ გადაცემაზე მომუშავე ჯგუფს ეკრძალებოდა სიაში მყოფი რესპონდენტების ჩაწერა.

"ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული "შავი სია". საერთაშორისო ექსპერტების "შავი სია" ასეთი იყო: რონდელის ფონდის ექსპერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით ზურა ბატიაშვილი; ასევე, ბუკა პეტრიაშვილი და თინა ხიდაშელი; ლაშა ბაქრაძეც, რომელსაც ძირითადად ისტორიულ სიუჟეტებზე წერდნენ; დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი ეკა აკობია; კავკასიოლოგი, სრულიად არაპარტიული ლევან ჯეჯელავა; დაბლოკილია "ატლანტიკური საბჭოს" ქართული წარმომადგენლობა - ბათუ ქუთელია ჟურნალისტმა ორჯერ ჩაწერა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო", - თქვა იმედა დარსალიამ.

მისივე განმარტებით, გადაცემაში ასევე დაბლოკილი იყო გარკვეული თემები.

"დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში. დაიბლოკა ბელარუსში აქციები - არხის მენეჯმენტს არ უნდოდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ასევე, ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან - 'როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, არ უნდა დავწეროთ რუსეთზე, რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია'. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია", - თქვა დარსალიამ.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად ურეკავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს; არხის პროდიუსერს - ეკა შონიას და PR დეპარტამენტის თანამშრომელს. არცერთმა მათგანმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"ახალი კვირის" წამყვანმა არხზე არსებულ ცენზურაზე საუბარი 17 თებერვალს დაიწყო. ის ამბობდა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ორწლიანი მცდელობის შემდეგ, მისი ეთერიდან მოხსნა გადაწყვიტეს.

იმავე საღამოს იმედა დარსალიას"ფეისბუკზე" გამოეხმაურა არხის პროდიუსერი ეკა შონია.

"რაც შეეხება ბრალდებას ე.წ. შავი სიების შესახებ, რასაც, თურმე, ბატონი იმედა დარსალია ორი წლის განმავლობაში გულში ატარებდა, ეს ცდება რიგითი არაკეთილსინდისიერების ფარგლებს, პირადი ურთიერთობების და კოლეგიალობის ყველა წითელ ხაზს კვეთს და არხის ყველა თანამშრომელს აყენებს შეურაცხყოფას... ვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ ბატონი დარსალია კიდევ დიდხანს შეინახავდა "შავი სიების" საიდუმლოს, თუ ამბიციას დავუკმაყოფილებდით და გადაცემის წაყვანას მარტო გააგრძელებდა", - წერდა შონია.

პროდიუსერის ამ განცხადების შემდეგ გადაცემაში ცენზურაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემაც.

"ვადასტურებთ, რომ „ახალ კვირაში“ ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები და ასევე იყვნენ ცალკეული ხელმძღვანელი პირებისთვის არასასურველი რესპონდენტები. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჟურნალისტს თანაბრად არ შეხებია... ჩვენ არასდროს მოგვიტყუებია ჩვენი მაყურებელი... ჩვენ ვრჩებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ვაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას", - აცხადებდნენ ჟურნალისტები

XS
SM
MD
LG