Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე ზელენსკის პარლამენტში მიწვევაზე: თუ საჭიროება დადგება, ვილაპარაკებთ ამ საკითხზე


საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის მოსმენის "საჭიროება არ დგას". მან პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად გაიმეორა, რომ ოპოზიციური პარტიების - "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" - ინიციატივებზე არ იმსჯელებენ.

მამუკა მდინარაძემ დაასახელა სამი საკითხი, რომლებიც, მისი აზრით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის საკითხის განხილვამდეა გასათვალისწინებელი:

  • უკრაინის ელჩი გაწვეულია და "უხერხულია ეს საკითხი";
  • "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივებს სერიოზულად არ განიხილავენ, რადგან "პარალელურად რას დაგეგმავენ, კაცმა არ იცის";
  • ასეთი საკითხები არ გვარდება ერთი ქვეყნის ოპოზიციასა და მეორე ქვეყნის ხელისუფლებას შორის კომუნიკაციით.

"ამის შემდეგ ეს საჭირო იქნება თუ არა, ეს გადაწყდება ერთმანეთთან დახურულ კარს მიღმა კონსულტაციების შედეგად... არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. თუ ასეთი საჭიროება დადგება, მაშინ ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე - ეს არ არის ოპოზიციის დასაყენებელი საკითხი.

თქვენ გავიწყდებათ, ძალიან დიდი სურვილი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ადამიანს, პოლიტიკოსს ან ხელისუფლებას რაღაცების კეთების, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვისზეც მიმითითეთ, არიან იმ ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები და თქვენ ხართ და მე ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ქვეყნის 20 პროცენტიც დაპყრობილი აქვს რუსეთს და დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას - ეს კონტექსტი გაითვალისწინეთ", - განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ, 17 მარტს, პარლამენტის ტრიბუნიდან "ლელომ" გააჟღერა ინიციატივა, რომ საქართვლოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოეწვიათ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ამ ინიციატივას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის "გირჩი" და "საქართველოსთვის".

უკვე 23-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტის - ბუნდესტაგის წევრებს. ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობა ჰქონდა უკვე მიემართა აშშ-ის კონგრესისა და ბრიტანეთის პარლამენტისთვის, ის სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის კანონმდებლების წინაშეც.

XS
SM
MD
LG