Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელოს" ინიციატივაა, რომ პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდეს


ოპოზიციური პარტია "ლელოს" ინიციატივაა, საქართველოს პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინონ. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"უკრაინა დღეს თავისუფალ სამყაროსთან ერთად ებრძვის 21-ე საუკუნის ბოროტებას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სახით. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და მასთან ერთად ჩვენი ქვეყანა...

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოიწვიოს პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის პლენარულ სხდომაზე...

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", გადავდოთ გვერდით პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებისთვის", - განაცხადა სამადაშვილმა.

უმრავლესობის პოზიცია უკვე ცნობილია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "TV პირველის" ეთერში თქვა, არ აპირებენ ამ ინიციატივას დაეთანხმონ.

"მათ უნდათ, საბოლოო ჯამში მიიღონ ისტერია. მთელი საკითხი ესაა, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს პიარზე, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ საქმეში ვიყოთ ჩართულები. ჩვენ პიარზე კი არ ვფიქრობთ, ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე", - თქვა პაპუაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისთვის მოწვევა უნდათ ასევე "საქართველოსთვის", "გირჩისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც.

უკვე 23-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტის - ბუნდესტაგის წევრებს. ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობა ჰქონდა უკვე მიემართა აშშ-ის კონგრესისა და ბრიტანეთის პარლამენტისთვის, ის სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის კანონმდებლების წინაშეც.

XS
SM
MD
LG