ის, რომ 22 წლის ნიკო კვარაცხელია, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 2021 წლის 15 სექტემბერს ნამდვილად მან მოკლა, ეს ბრალდებულმა ალეკო ჭელიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, დეკემბრის ბოლოს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში აღიარა და დაამატა ისიც, რომ თანამზრახველი არ ჰყოლია.
ექვსი თვის განმავლობაში, ვერც გამოძიებამ, ვერც პროკურორმა და ვერც მოსამართლემ, ალეკო ჭელიძისგან ვერ მოისმინეს ვერცერთი სიტყვა, თუ რატომ მოკლა ნიკო კვარაცხელია, იყო თუ არა ეს შეკვეთილი მკვლელობა, საიდან მოიტანა ან სად გადამალა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მან 22 წლის ახალგაზრდას ათი ტყვია ესროლა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ალეკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებდა. მკვლელობის მოტივზე ე.წ. ოფიციალური ინფორმაცია კი პირველად 28 თებერვალს გახდა ცნობილი - „ეს ეხებოდა გოგოს“, - თქვა საქმის კიდევ ერთმა ბრალდებულმა, გიორგი კავილაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში, როდესაც მას პროკურორი გია შაიშმელაშვილი უსვამდა კითხვებს.
იყო მოლოდინი, რომ ექვსი თვის განმავლობაში დაგროვილი კითხვების ნაწილს მაინც ალეკო ჭელიძე 16 მარტს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში უპასუხებდა, რადგან მიმდინარე პროცესის შესაბამისად, ის პროკურორს ბრალდების მოწმის სტატუსით სწორედ 16 მარტს უნდა დაეკითხა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ადვოკატმა, ონისე მარგიანმა მოითხოვა, რომ ალეკო ჭელიძეს ბრალდების მხარისთვის ჩვენება თავისუფალი თხრობის რეჟიმში მიეცა და არ ეპასუხა პროკურორის კითხვებისთვის, რასაც პროკურორისა და მოსამართლე დავით მგელიაშვილის მხრიდან დამაზუსტებელი კითხვები მოჰყვა, ადვოკატმა, ისე, რომ ალეკო ჭელიძისთვის არც კი უკითხავს, განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობდა ბრალდების მხარისათვის ჩვენების მიცემაზე და ის ჩვენებას სასამართლოს მხოლოდ დაცვის მხარის მოწმის სტატუსით, თავისუფალი თხრობის რეჟიმში მისცემდა.
სტენოგრამა სასამართლოს დარბაზიდან
ადვოკატი (ონისე მარგიანი): ბრალდებულს სურს, თავისუფალ რეჟიმში მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია.
მოსამართლე (დავით მგელიაშვილი): დღეს ის იკითხება, როგორც ბრალდების მოწმე. ბატონ გიას მივმართოთ, როგორ და რა ფორმით წარმართავს დაკითხვას.
ადვოკატი: ბრალდებულს სურს, ჩვენება მისცეს თავისუფალი თხრობის რეჟიმში. ეს მისი უფლებაა.
მოსამართლე: მაგრამ როგორი რეჟიმით წაიყვანს სახელმწიფო ბრალდება დაკითხვას, ვკითხოთ ბატონ გიას.
პროკურორი (გია შაიშმელაშვილი): ბატონო მოსამართლე, თუ შეიძლება დავუსვამ თავიდან რამდენიმე კითხვას და ამის შესაბამისად, შემდეგ განვსაზღვრავ...
ადვოკატი: კეთილი, მაშინ, ბრალდებული უარს ამბობს მისცეს ჩვენება როგორც ბრალდების მოწმემ.
მოსამართლე: დამშვიდდით, დაწყნარდით, ბატონო ონისე, ბატონ გიას ჯერ კითხვაც არ დაუსვამს. ხომ არ იცით რა კითხვას სვამს?
ადვოკატი: თქვენო ღირსებავ, ბრალდებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
პროკურორი: ბრალდებულს ხმა არ ამოუღია.
კამათი ხმაურში რომ გადაიზარდა, მოსამართლეს სხდომათა დარბაზში ჩაქუჩის დარტყმაც მოუწია. ბრალდებულმა ალეკო ჭელიძემ გადაწყვიტა, განემარტა, რატომ სურდა სასამართლოს დარბაზში თავისუფალი თხრობის რეჟიმით საუბარი.
„მე იმიტომ მინდოდა თავისუფალი თხრობის რეჟიმში ჩვენების მიცემა, რომ სასამართლოს უკვე აქვს რამდენიმე საათის განმავლობაში მოსმენილი გიორგი კავილაძის ჩვენება, და ეს ყველაფერი თავიდან არ მომეყოლა და თავიდან არ ყოფილიყო მოსმენილი. მე ასე განმიმარტეს, რომ ჩემი უფლებაა მესაუბრა თავისუფალი თხრობის რეჟიმში და არ მეპასუხა ბრალდების მხარის იმ შეკითხვებზე, რა შეკითხვაზეც პასუხი უკვე გაცემულია. მე ახალს ვერაფერს დავამატებ. თუ ასეა წესი, რომ მე აუცილებლად უნდა გავცე პასუხი კითხვებს, მაშინ მე ამაზე უარს ვამბობ და არ მსურს“.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ბრალდებულის განცხადებას განმარტება მოაყოლა და ალეკო ჭელიძეს შეახსენა:
„თქვენ ახლა უნდა დაიკითხოთ როგორც ბრალდების მოწმე, ამიტომ პროკურორმა უნდა გააკეთოს შეთავაზება დაკითხვის ფორმატზე“.
თუმცა, ადვოკატმა ონისე ონიანმა, მოსამართლის ამ განმარტებას კვლავ მტკიცე უარი მოაყოლა:
„პრინციპულად ვაცხადებ, თუ ბრალდებულს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმის სახით თავისუფალი თხრობის ფორმატში ჩვენების მიცემის საშუალება არ მიეცემა, ბრალდებული უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე და დავკითხავ მას მე, როგორც დაცვის მხარის მოწმეს“.
პროკურორი: ანუ, რა გამოდის, ბრალდებული აცხადებს, რომ ის ბრალდების მოწმის სახით დაკითხვის დროს, ბრალდების მხარეს არ უპასუხებს არცერთ შეკითხვაზე და ერთადერთ შემთხვევაში მოგვცემს ჩვენებას, თუ ვათქმევინებთ იმას, რაც მას უნდა? თუ მოწმე მომცეს ჩვენებას, მაშინ უნდა მიპასუხოს კითხვებზე და არა ისაუბროს ის, რაც მას უნდა.
ადვოკატი: კი ბატონო, მოწმე არ გაძლევთ ჩვენებას.
პროკურორი: კი ბატონო, ეს თქვენი უფლებაა.
მოსამართლე: პირველი - ბატონმა გიამ თქვა, სულ ორი კითხვა მექნება და ამის შემდეგ, კი ბატონო, მოვუსმენთო. რა კითხვები აქვს მას, ჩვენ ამასაც კი არ მოვუსმინეთ. მეორე - ალეკო ჭელიძე იკითხება ბრალდების მოწმის სახით, ამიტომ რა ფორმატში წარმართავს მხარე დაკითხვას, ეს მხარის გადასაწყვეტია. და მესამე - როდესაც ბრალდებულს ვაფრთხილებთ, რომ არ აქვს ვალდებულება მოგვცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, ამბობს, რომ მზად არის ისაუბროს, იფიცება, აწერს ხელს და მერე პრეტენზიას აყენებს, ეს არასწორი მიდგომაა. ჩემი შემოთავაზებაა, რომ ბატონ გიას მივცეთ ორი კითხვის დასმის საშუალება, ან ალეკო ჭელიძემ უარი თქვას ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე. სხვა გამოსავალი არ არის.
ადვოკატი: მესამედ ვამბობ, რომ ბრალდებული ჩვენებას არ მისცემს.
მოსამართლე: როგორც ბრალდების მოწმე?
ადვოკატი: დიახ. მე მიმაჩნია, რომ ბრალდებულის უფლებები ამ შემთხვევაში დაირღვა, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის როგორც ბრალდების მხარის მოწმეს თავისუფალი თხრობის ფორმატში. აქედან გამომდინარე, ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ბრალდებას საერთოდ არ მისცეს ჩვენება და ის დაიკითხოს, როგორც დაცვის მხარის მოწმე.
მოსამართლე: ალეკო, რას იტყვი შენ?
ბრალდებული: დიახ, ვეთანხმები ჩემი უფლებების დამცველს. უბრალოდ, განვმარტავ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ წინა ორ სხდომაზე, სასამართლომ დაწვრილებით და დეტალურად მოისმინა, თუ რა და როგორ იყო, რატომ მოხდა და რანაირად მოხდა. არ მსურს ამ თემის თავიდან გავლა, ამ თემაზე საათობით საუბარი და ვფიქრობ, რომ ბატონ პროკურორს ახალს ვერაფერს ვეტყვი. აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ბრალს, ბრალი რაზეც მაქვს წაყენებული, ნაწილობრივ აღიარებული მაქვს და ჩემი პოზიცია თქვენ იცით. მე უბრალოდ არ მსურს თავიდან რაღაც თემების გავლა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მოსამართლე: კი ბატონო, მივიღე პოზიცია, რომ როგორც ბრალდების მოწმე, უარს ამბობთ სასამართლოს მისცეთ ჩვენება და თქვენს ჩვენებას მოვისმენთ დაცვის მხარის მოწმის სტატუსით. ეს თქვენი გადასაწყვეტი და თქვენი უფლებაა. რაც შეეხება იმას, რომ ბრალდებულის უფლება დაირღვა, ამაში დაცვის მხარეს ნამდვილად ვერ დავეთანხმები. როდესაც მოწმე მობრძანდება, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, არ დგება და არ იწყებს საუბარს იმაზე, რაც მას უნდა და როგორც უნდა. ის პასუხობს მხარის კითხვებს და მხარე წყვეტს, როგორ და რა ფორმატში გააგრძელოს მასთან საუბარი.
ჭელიძის ჩვენება ერთ წუთსა და 18 წამში
საბოლოოდ, 16 მარტის სხდომაზე, ალეკო ჭელიძემ და მისმა ადვოკატმა უარი თქვეს ჩვენება მიეცათ სასამართლოში ბრალდების მოწმის სტატუსით.
თუმცა, ამავე სხდომაზე, ალეკო ჭელიძემ ჩვენება დაცვის მხარის მოწმის სტატუსით მისცა.
მისი ჩვენება, რომელსაც სასამართლო, გამოძიება, მედია და რაც მთავარია, ნიკო კვარაცხელიას ოჯახი 6 თვის განმავლობაში ელოდა, თავისუფალი თხრობის რეჟიმში წარიმართა და ერთ წუთსა და 18 წამში ჩაეტია:
„პირველ რიგში, ბატონო მოსამართლე, იმას განვმარტავ, რომ ამ საქმეზე ბევრნაირი ინტერპრეტაციაა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს ასე არ იყო და ეს არის აბსურდული ბრალდება. მეორე, მე სასამართლოს დაწყებიდან, მეორე სხდომაზევე განვმარტე და ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალი ვაღიარე, რაც ჩავიდინე და მე არ მიცდია სასამართლოსთვის თვალებში ნაცრის შეყრა და შეცდომაში შეყვანა. ვაღიარე, რომ მე ჩავიდინე დანაშაული და მე არ მყოლია არანაირი თანამზრახველი და შესაბამისად, არავინ იყო ინფორმირებული, რას ვაპირებდი. ამას ვამბობ ხაზგასმით. ბოლოს იმის თქმა მინდა, რომ რაც სასამართლომ მოისმინა, რა მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად მოხდა, რაც მე მეხება, ყველაფერს ვადასტურებ. სასამართლოსთვის მეტი სხვა სათქმელი არაფერი მაქვს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ჩემი ჩადენილი დანაშაულის გამო, ადამიანს (მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს) ამხელა პატიმრობა ემუქრება. არც გიორგი და არც არავინ სხვა არ იყო ინფორმირებული არც იარაღის შესახებ და არც იმის შესახებ, რას ვაპირებდი".
ბრალდებული ჭელიძისთვის მის ადვოკატს კითხვები არ დაუსვამს. „მე კითხვები არ მაქვს“, - უთხრა მოსამართლეს ონისე მარგიანმა.
მას შემდეგ, რაც მოწმის დაკითხვის წესის თანახმად, მოსამართლემ კითხვების დასმის უფლება პროკურორს გადასცა, გია შაიშმელაშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა ალეკო ჭელიძისგან მიეღო გამოძიებისათვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი, თუმცა ამაოდ.
პროკურორი: ალეკო, შენ მოისმინე გიორგი კავილაძის ჩვენება, სადაც გარკვევით განაცხადა, რომ შენ იარაღი გქონდა. ადასტურებ ამ ფაქტს, რომ იარაღი შენ გქონდა?
ბრალდებული: დიახ, ლოგიკურია.
პროკურორი: იარაღი საიდან გქონდა?
ბრალდებული: არ მსურს თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
პროკურორი: საერთოდ არცერთ კითხვაზე არ გსურთ პასუხის გაცემა?
ბრალდებული: მე უკვე განვაცხადე ჩემი პოზიცია და მეტის დამატება არ მსურს.
ადვოკატი: თქვენო ღირსებავ, ბრალდებულმა დაასრულა ჩვენების მიცემა. მან განაცხადა, რომ შეკითხვებს არ უპასუხებს, გთხოვთ, ნება მისცეთ, რომ დაჯდეს და დასრულებულად ჩაითვალოს მისი ჩვენება.
მოსამართლე: ვერ გავიგე, ამ კონკრეტულ კითხვას არ უპასუხებს, თუ საერთოდ არცერთ კითხვას არ უპასუხებს?
ბრალდებული: დიახ, არცერთ კითხვას არ ვუპასუხებ. მე უკვე გავაკეთე განცხადება. ჩემი სათქმელი ამოვწურე.
მოსამართლე: იარაღის თემაზე მე არ მომისმენია არც კითხვა და არც პასუხი, ან საიდან მოვიდა ეს იარაღი ან სად წავიდა, ამ კითხვას რომ გასცეთ პასუხი, ჩემთვისაც საინტერესო იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
ადვოკატი: თქვენო ღირსებავ, სამწუხაროდ, მე კიდევ ერთხელ მიწევს თქმა: ბრალდებულმა განმარტა, რომ მეტი სათქმელი მას არ აქვს და ის შეკითხვებს პასუხს არ გასცემს. გთხოვთ, მიიღოთ ეს პოზიცია.
პროკურორი: ბრალდებული აცხადებს, რომ მას არ სურს ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგრამ ასეთ რამეს გთავაზობთ. რამდენიმე კითხვას დაგისვამ. შენ თუ გინდა, არცერთ კითხვას არ უპასუხო, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გასაცემია, მიპასუხე.
ადვოკატი: ბრალდების მხარე ცდილობს, რომ ის პოზიცია შეაცვლევინოს ბრალდებულს, რაც მან უკვე დააფიქსირა.
მოსამართლე: ალეკო, მოსმენის გარეშე, უაპელაციოდ, უარს ამბობთ პროკურორის კითხვებზე პასუხის გაცემაზე თუ მივცეთ ბატონ პროკურორს საშუალება, რომ დასვას კითხვები და თქვენ გადაწყვეტთ, რას უპასუხებთ და რას არა.
პროკურორი: რომელ კითხვაზეც გინდა, გამეცი პასუხი და რომელ კითხვაზეც არ გინდა, ნუ გამცემ პასუხს.
ბრალდებული: მე უკვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და შეცვლას არ ვაპირებ.
რას ფიქრობს ნიკო კვარაცხელიას ოჯახი
ოჯახი დარწმუნებულია, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილია. უკვე ექვსი თვეა, ისინი ამის დამტკიცებასა და გამოაშკარავებას ითხოვენ. 16 მარტს, სხდომის დასრულების შემდეგაც, ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლე კომენტარით შეიმოფარგლა და ის თქვა, რასაც უკვე ექვსი თვეა იმეორებენ:
„ყველანი გამოაშკარავდებიან, ბრალდებულებიც გამოაშკარავდებიან და ყველანი ვნახავთ, ვინ არის დამკვეთი, მონაწილეები. ძალიან ბევრი მონაწილეა და ყველანი იქნებიან იქ, მაგათ გვერდით“.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე საათშივე გაჩნდა მედიაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მკვლელობა, სავარაუდოდ, შეკვეთილი იყო და რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს. ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, გურამ და დავით კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.
28 თებერვლის სასამართლოს სხდომაზე, საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, გიორგი კავილაძის გამოკითხვისას გაირკვა, რომ გურამ და დავით კაკულიები მისი ბავშვობის მეგობრები არიან და ის 2021 წლის ივლისში, ორჯერ იმყოფებოდა სომხეთში. სომხეთში ჩასვლის მიზეზად მან მეგობრების თბილისში ჩამოყვანა დაასახელა, რაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა, რადგან მისი თქმით, ძმებ კაკულიებს საზღვარზე საბუთების პრობლემა შეექმნათ.
რას ელოდებოდა და რას ელის პროკურორი?
პროკურორი გია შაიშმელაშვილი აღიარებს, რომ 16 მარტს ის ბრალდებულისგან გარკვეული ინფორმაციის მიღებას ელოდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ჭელიძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, ის მაინც დარწმუნებულია, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურა სწორედ იმას დაამტკიცებს, რასაც გამოძიება ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ედავება, ანუ, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და იარაღის ჯგუფურად შეძენა, შენახვა ტარებას:
„მიუხედავად იმისა, რომ მან ჩვენება არ მოგვცა, მან განმარტება გააკეთა იმ ფორმით, რომ ცდილობს პასუხისმგებლობა ააცილოს მის თანამზრახველს, რომ გამორიცხონ წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი მკვლელობა. მაგრამ ის მტკიცებულებები, რაც საქმეშია, სავსებით სხვაზე მეტყველებს და შესაბამისად, ეს იყო უსუსური მცდელობა. ის მთავარი კითხვები, საიდან ჰქონდა მას იარაღი, რა იყო მოტივი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის, სად წაიღო იარაღი, სად გადამალა, ვისთან ჰქონდა აღნიშნულის შესახებ კავშირები, ეს კითხვები ბრალდებულმა დატოვა უპასუხოდ“.
რაც შეეხება კითხვას, მოახერხებს თუ არა გამოძიება იმის დადგენასა და დადასტურებას, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილია, გია შაიშმელაშვილი გვპასუხობს:
„ექვსი თვის განმავლობაში, ყოველთვის ვაფიქსირებ ერთ პოზიციას, რომ თუკი მკვლელობა შეკვეთილია (წინასწარ არაფერს ვამბობ, რა გარემოებებში და რის გამო ჩაიდინეს აღნიშნული მკვლელობა), ამ საკითხზე უნდა ილაპარაკონ ბრალდებულებმა. კვარაცხელიას მკვლელობაში, რაიმე ფორმით მონაწილე პირების იდენტიფიცირება დადგენის მიზნით, გამოყოფილია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. წინასწარ ამ საკითხზე საუბარი ბრალდების მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი“.
ბრალდებისა და დაცვის მხარემ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დასკვნითი სიტყვები 4 აპრილს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე უნდა წარმოთქვან.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.
მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.
ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავება.
ბრალდებულები თავს მხოლოდ ნაწილობრივ ცნობენ დამნაშავედ. ისინი გამორიცხავენ ჯგუფურ მკვლელობას. ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მხოლოდ მისი ჩადენილია და მას თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძესთვის მიუღებელია მეორე ბრალდებაც, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაც.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს დააკავა. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, ი.ბ. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გიორგი კავილაძესა და ალეკო ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა.
დანაშაული დადასტურების შემთხვევაში 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ამავე თემაზე: