დუდა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ნატოს საპასუხო ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. პოლონეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი უკან არაფერზე დაიხევს.
„თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს, რომ გამოიყენოს ქიმიური იარაღი, ჩემი აზრით, მას შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი რამ, მით უმეტეს, როცა ის რთულ მდგომარეობაშია. მან უკვე წააგო ეს ომი პოლიტიკური თვალსაზრისით და სამხედრო თვალსაზრისითაც, ის აშკარად ვერ იმარჯვებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ BBC-სთან ინტერვიუში.
მანამდე, რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ილაპარაკა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, რუსეთი, თავისი განცხადებებით, შესაძლოა ქმნიდეს საბაბს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად.
სტოლტენბერგი ასევე აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი შეფასდება, როგორც ცალსახა სამხედრო დანაშაული.
უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კვალის აღმოჩენის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ ლაპარაკი 9 მარტს დაიწყო, ხოლო 10 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში სხვადასხვა სახის დაავადების შეტანა ფრინველების დახმარებით იგეგმებოდა.
რუსი სამხედრო ამბობს, რომ პროექტი აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა და შესწავლილი ფრინველების 145 სახეობას შორის იყო ორი სახეობა, რომელთა მარშრუტიც „უპირატესად რუსეთის ტერიტორიაზე გადის“.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 10 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, იარაღის გამოყენების ფაქტების შესახებ არაფერი იცის, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ უკრაინაში „ტარდებოდა არამშვიდობიანი ექსპერიმენტი“, გამიზნული „ეთნიკურად ორიენტირებული“ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თქმით, „შესაძლოა, უკრაინაში თავად რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი“, ანდა სხვისი სახელით მოხდეს მისი გამოყენება.
საკი აღნიშნავდა ასევე, რომ სწორედ რუსეთი უჭერს მხარს სირიაში ასადის რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი და ასევე რუსეთი იყენებს ქიმიურ იარაღს პუტინის პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არმია 24 თებერვალს შეიჭრა. რუსი სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს. უკრაინის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, დაღუპული ბავშვების რიცხვმა უკვე 85-ს მიაღწია.