„ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს მის ვებსაიტზე რუსული საბანკო სისტემის, "МИР"-ის, ინტეგრაციასთან დაკავშირებით. კომპანია "ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟს" უწოდებს მასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამტკიცებს, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი "МИР"-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია.
"აქვე განვმარტავთ, „ჯორჯიან ეარვეისს“ ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა. მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.
„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია ამჟამად უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში.
"Мир"-ის გადახდის სისტემა 7 მარტს გამოჩნდა ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე, "ვიზასა" და "მასტერქარდის" გვერდით. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ესაა საშუალება, გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ბილეთი, სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ეს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ანტისახელმწიფოებრივი და მორალს მოკლებული საქციელია და მთელი ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.
9 მარტს დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, საქართველომ განიხილოს შესაძლებლობა შეუერთდეს რუსულ საბანკო სისტემა „Мир"-ს იმისათვის, რომ არ შეიქმნას რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში რაიმე სირთულე. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact.ge-ს ცნობით, ფრიდონ ინჯიას, მის მეუღლეს და შვილებსაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.