პარლამენტის დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან", ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ითხოვა, საქართველომ განიხილოს შესაძლებლობა შეუერთდეს რუსულ საბანკო სისტემა „Мир"-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შიდა გამოყენებისთვის შეიქმნა სანქციებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.
ფრიდონ ინჯია თვლის, რომ „Мир"-ის გამოყენება საქართველოს მისცემს საშუალებას უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, არ თქვას უარი რუსეთიდან მიღებულ ფულსა და პროდუქტზე, დასავლეთთან უკრაინის მხარდასაჭერად კი საქართველოს მხრიდან საკმარისად მიიჩნევს იმ საერთაშორისო რეზოლუციებზე მიერთებას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიიღება.
"თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა, სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „მირის“ სისტემას შევუერთდეთ? და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს.
ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, რომ შევინარჩუნოთ და ხორბალი, რომელიც 2 თვის მარაგიაო, როგორც მე გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის, გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაცა მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის“, – თქვა ფრიდონ ინჯიამ 9 მარტს.
ინჯიამ დღეს ასევე ილაპარაკა იმაზეც, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის, ეს პროცესი დროში იწელება და სახელმწიფოს მართებს პროაქტიულად მუშაობა ამ პროცესის დასაჩქარებლად. დეპუტატი ასევე აფასებს ომის მიმდინარეობას უკრაინაში და მიიჩნევს, რომ "უკრაინა დაშლის პირასაა".
"შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს არ არის ასეთი ადვილი საკითხი და ამის შესახებ მე 1 კვირით ადრე გთხოვეთ, ხომ არ დადგა დრო, გარდა განცხადებისა, შეიქმნას რაღაც სახელმწიფო კომისია, რომელიც დაგეგმავს, რა უნდა გაკეთდეს დამატებით იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ეს განცხადება.
რა მაქვს აქ მხედველობაში: რაც უნდა დაჩქარებული წესით იყოს და რაღაცა, უკვე ეს პერიოდი, მე მგონი გავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას ძაან მძიმედ აქვს საქმე. ის, რაც მე თებერვლის დასაწყისში ვთქვი, იმათ ხელი რომ მოეწერათ მინსკის ხელშეკრულებაზე, სხვანაირად იქნებოდა. ახლა უკვე შეიცვალა. იქ აღიარებულია ორი რეგიონი, დანარჩენი უკვე დაშლის პირასაა, სულ სხვა მდგომარეობაა. ამიტომ, იმისთვის, რომ ის ჩვენი განაცხადი იყოს გამაგრებული, საჭიროა, ფეხზე დადგეს ქვეყანა და ის, რომ ჩვენ შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5 ათასამდეც არ არის, უნდა აიწიოს", - თქვა ფრიდონ ინჯიამ და სწორედ ქართული ეკონომიკის გაძლიერებით ახსნა თავისი სურვილი, შეუერთდეს საქართველო რუსულ საბანკო სისტემას.
ფრიდონ ინჯიას ინიციატივას რეპლიკით უპასუხა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და რუსულ საბანკო სისტემასთან დაკავშირება ერთმანეთთან შეუთავსებელია და წინააღმდეგობრივია.
"ან ვართ ცივილიზებული დასავლეთის მხარეს ან ვებმებით რუსეთს და ვრჩებით იქით, სადაც 30 წელია ვცდილობთ აღარ დავბრუნდეთ. ამიტომ, ცალსახად, აქ არის წითელი ხაზები - საქართველო უნდა იყოს ცივილიზებულ დასავლეთთან და ვერ დაგეთანხმებით, რომ რუსეთთან ფინანსურად ჩაბმა და სანქციებთან არმიერთება არის გზა ჩვენი ევროკავშირის წევრობის", - თქვა თეონა აქუბარდიამ.
"Мир"-ის გადახდის სისტემა 7 მარტს გამოჩნდა ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე "ვიზასა" და "მასტერქარდის" გვერდით. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ესაა საშუალება, გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ბილეთი, სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ეს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ანტისახელმწიფოებრივი და მორალს მოკლებული საქციელია და მთელი ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.