დაბომბილი ქალაქები, პლაცდარმი კიევის ასაღებად და ღია ცა უკრაინის თავზე. მართლა მზად არის თუ არა პუტინი, ბირთვული იარაღი გამოიყენოს? Current Time სამხედრო ექსპერტ ოლეგ ჟდანოვს ესაუბრა.
- ქალაქ ირპენში რუსი ჯარისკაცები შევიდნენ. რა შეიძლება ახლა მოხდეს?
- ისინი ცდილობენ კიევს დაესხან თავს, ამისთვის ქმნიან პლაცდარმს. სხვათა შორის, ძალიან უცნაურია, რომ ასე იბრძვიან ირპენისთვის. ის ჩიხია. კიევთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი აფეთქებულია. სიგიჟეა სამხედრო თვალსაზრისით და მეტი არაფერი. დასავლეთისკენ ვერ მიიწევენ, რომ კიევს ალყა დაარტყან, ამიტომ გაშმაგებულებმა საცხოვრებელ კორპუსებს და მშვიდობიან მოქალაქეებს დაუშინეს ცეცხლი. ეს უკვე ჩვეულებრივი ფაშიზმია.
- თუ რუსი ჯარისკაცები ირპენს შეინარჩუნებენ, შეიძლება ის გამოიყენონ კიევის საცხოვრებელი კვარტლებისთვის ცეცხლის გასახსნელად? არტილერიის მეშვეობით, „გრადები“ რომ დააყენონ ირპენში?
- კი, თუ ირპენის რაიონში ან ჰოსტომელში სარაკეტო კომპლექს "Точка-У"-ს დააყენებენ, რომელსაც რუსეთი ინახავდა და ახლა გამოამზეურა. ეს კომპლექსები კიევის გზაზეა. ირპენიდან "Точка-У" 110 კილომეტრის მანძილზე გაისვრის. ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ეს კომპლექსები ჯერ კიდევ გზაში გაგვენადგურებინა.
- რამდენადაც ვხვდები, უპილოტო „ბაირახტარებით“, თუ კიდევ სხვა რამეა?
- ეგეც შეიძლება იყოს და ავიაციაც. შესაძლოა, როდესაც მობილიზებისთვის თავს მოიყრიან, ჩვენ საარტილერიო ცეცხლი გავუხსნათ. ახლა ამ კოლონებს უშიშროება გაფაციცებით ეძებს. უნდა ვიცოდეთ, სად გაჩერდებიან, რომ მერე დავცხოთ.
- ბრძოლის დროს, როცა ცაში რუსული გამანადგურებლები დაფრინავენ, როგორ ახერხებენ საჰაერო დაზვერვას და ამ "Точки-У"-ს აღმოჩენას. ეს ადვილია?
- ძნელია, მაგრამ, რადგან ნატო არ ხურავს ცას, ჩვენ ვცდილობთ, ის ჩვენი ძალებით დავხუროთ.
- რუსეთის მფრინავები ვერ ხვდებიან, რომ საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ? რატომ თანხმდებიან ამ სამუშაოს, ისინი ხომ არცთუ ცუდად ცხოვრობენ? არ შეუძლიათ უარის თქმა?
- ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ მფრინავებს უკონტაქტო ბრძოლა აქვთ, ისინი ვერ ხედავენ სისხლს, სიკვდილს, არ ესმით ყვირილი და კვნესა. თავიანთი თვითმფრინავების სალონიდან უყურებენ ამას, შორიდან, ამიტომაც თანხმდებიან.
სხვათა შორის, გუშინ ერთი მფრინავი რომ ჩამოაგდეს, 7 ორდენი და უამრავი მედალი ჰქონდა. ის ფიქრობს, რომ გმირია, ორდენოსანი, სინამდვილეში კი არის სამხედრო დამნაშავე და მკვლელი.
- რამდენადაც ვიცი, თუ რუსეთის მფრინავები სირიაში კატაპულტირებას აკეთებდნენ, მათ მაშინვე კლავდნენ, უკრაინაშიც ასეა?
- მათ საევაკუაციო ჯგუფები ჰყავთ, შვეულმფრენებით. ისინი მაშინვე პილოტის კვალდაკვალ უნდა გამოფრინდნენ. მფრინავის მომზადება ძალიან ძვირადღირებული და რთული საქმეა. ამიტომ თითოეული პილოტისთვის იბრძვიან, ისევე როგორც ჩვენ. ისეთი შემთხვევაც იყო, რომ საევაკუაციო ჯგუფი გამოგზავნეს მფრინავისთვის, მაგრამ ჩვენ ეს შვეულმფრენები ჩამოვაგდეთ.
- ნატო უარს ამბობს ცის დახურვაზე, მაგრამ, თუ მაინც დახურა და რუსული თვითმფრინავების განადგურება დაიწყო, ფიქრობთ, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნებთან ომს წამოიწყებს?
- დახურული ზონის გამოცხადება ნიშნავს, რომ ნებისმიერი, რომელიც ამ ზონას დაარღვევს, რაკეტა იქნება, თვითმფრინავი თუ შვეულმფრენი, განადგურდება. გამოდის, რომ ისინი ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემამ უნდა ჩამოაგდოს, ჩვენებიც კი, სხვათა შორის. თუ ზონა დახურულია და იქ ფრენა არ შეიძლება, ის დახურულია ყველასთვის.
საჰაერო თავდაცვის ამერიკული სისტემა ჩეხეთში დგას, მისი მეშვეობით რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება ომს ნიშნავს, ხელშესახებ ომს ორ ქვეყანას შორის. ამის გამოა, რომ ნატო თავს იკავებს და კატეგორიულად - როგორც პენტაგონმა თქვა - არ განიხილავს ცის ჩაკეტვას.
- პენტაგონი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მობილიზებული სამხედრო ძალის 92 პროცენტი უკვე უკრაინაშია. ეს ნიშნავს, რომ ომი მალე დასრულდება?
- მგონია, ბევრი თვე არ გასტანს. სოციალური დაძაბულობა რომ არ გამოეწვია, რუსეთს მობილიზაცია არ გამოუცხადებია. უკვე არსებულ ნაწილებში მოიძიეს ხალხი და დააკომპლექტეს ის 120 ათასი ადამიანი, რომელიც ჩვენს საზღვრებთან იდგა. ისინი უკვე ყველანი უკრაინაში შემოვიდნენ. დღეს ოპერატიული რეზერვი მართლაც არა აქვთ.
საერთოდ ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ბირთვულ ნაგავსაყრელად გადააქციო ის ტერიტორია, რომლის დაპყრობასაც აპირებ. არც ევროპას დაარტყამს, არა მგონია. საპასუხო დარტყმები მოჰყვება და ბირთვულ ომს გამოიწვევს. როგორც ვარიანტი, დავუშვათ, რომ ნატოს რომელიმე ბაზას პრევენციულ დარტყმას მიაყენებს სადმე ოკეანეში.ოლეგ ჟდანოვი
ჩვენი წყაროს ცნობით, პუტინი უკვე მერამდენე დღეა ფიქრობს, გამოაცხადოს მობილიზაცია თუ არ გამოაცხადოს, შემოიღოს საომარი მდგომარეობა თუ არ შემოიღოს. რატომ? სადღაციდან ხომ უნდა მოიყვანოს ჯარი. ამიტომაა, ამბობენ, რომ პუტინი ძალიან „აწვება“ ლუკაშენკას, მიმართა ყაზახეთს, ტაჯიკეთს, რომ ჯარი მიაშველონ, თუნდაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ფარგლებში. ოფიციალურად თითქოს არავის სურს ჯარით დახმარება, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ყაზახეთმა ან ტაჯიკეთმა სხვისი დროშის ქვეშ, რუსული დროშით გაგზავნონ ჯარი. ზუსტად ვიცით ის, რომ ბელარუსის ჯარში ომის სურვილი არავის აქვს.
ყოველთვის ასეა, თუ აგრესორი თავს გესხმის, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს, ის არაჰუმანური მეთოდებით იწყებს ბრძოლას. მას არ შეუძლია სამხედრო პოტენციალი გაზარდოს, ბოლო პერიოდში აქტიურ იერიშებზე არ გადმოსულან, ამიტომ რაკეტებს და არტილერიას მიმართეს. დისტანციურ ბრძოლაზე გადაერთვნენ და ანადგურებენ იმ ობიექტებს, რომლებიც სამხედრო არაა. მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამენ, რომ პანიკა ატყდეს, რომ მოსახლეობას მხოლოდ მშვიდობა მოუნდეს და მეტი არაფერი.
- თუ მაინც მოაწერა პუტინმა ხელი ბრძანებას და რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, მერე?
- ეს სოციალური აფეთქება იქნება, იმიტომაც არ აკეთებს ამას. ამით ფაქტობრივად აღიარებს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის ჯართან დამარცხდა. პუტინის პრობლემა ისაა, რომ 10-დღიანი ომის პერიოდში ერთი გამარჯვებაც ვერ დაანახვა რუსულ საზოგადოებას. კარგი, ხერსონი აიღეს, მაგრამ იქაც უკრაინელები მიტინგებს აწყობენ. ხალხი უკრაინული დროშებით ოკუპანტებს მთელ ქალაქში დასდევს, ისინი კი ჰაერში ისვრიან, რომ თავი დაიცვან.
კიდევ ერთი, სანამ პუტინი მათ მოიხელთებს, ამ სიტყვას შეგნებულად ვამბობ, რადგან ნახეთ, რას წერს რეგიონალური პრესა რუსეთში: იქ უკვე დაკრძალეს რუსი სამხედროები და განწყობა მკვეთრად შეიცვალა. თვალი აეხილათ, მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არაა. ამიტომ არა მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. ამიტომაც ახლა დგას და მთელ მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება.
- როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ მუქარაა თუ მართლა შეუძლია, იმ მითიურ ღილაკს თითი დააჭიროს?
- მგონი, შეუძლია, მგონი კი არა, მართლა შეუძლია. მაგრამ ჩვენ არ დაგვარტყამს. საერთოდ ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ბირთვულ ნაგავსაყრელად გადააქციო ის ტერიტორია, რომლის დაპყრობასაც აპირებ, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შეგიძლია. არც ევროპას დაარტყამს, არა მგონია. საპასუხო დარტყმები მოჰყვება და ბირთვულ ომს გამოიწვევს. როგორც ვარიანტი, დავუშვათ, რომ ნატოს რომელიმე ბაზას პრევენციულ დარტყმას მიაყენებს სადმე ოკეანეში.
- ფიქრობთ, დასავლეთს შეეშინდება?
- დასავლეთი არჩევანის წინაშე დადგება, ან უნდა დანებდეს, რაც მათთვის კატასტროფაა, რადგან პუტინი მსოფლიოს მმართველად გონიერების საზღვრებს სცდება, ან ასეთივე პრევენციული დარტყმა უნდა მიაყენონ, ოღონდ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე. ეს პრევენციული დარტყმა შესაძლოა სწორედ ქალაქი ვალდაი აღმოჩნდეს, ის ბუნკერი, სადაც ახლა პუტინი იმალება.