Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მამიკო რომ მოკლან?” - როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ომზე


ბავშვები მატარებელში. კიევის ვაგზალი. 2022 წლის 3 მარტი.
ბავშვები მატარებელში. კიევის ვაგზალი. 2022 წლის 3 მარტი.

ომით გამოწვეულ ემოციებთან გამკლავება რთულია უფროსებისთვის, ბავშვებისთვის კი - განსაკუთრებით. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რა ხდება, უსაფრთხოდ დასვან კითხვები და გაერკვიონ საკუთარ განცდებში.

უკრაინაში ომი ორი დღის დაწყებული იყო. თბილისის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, თამთა მანდარია მათემატიკის საშინაო დავალებებს ასწორებდა, როცა რამდენიმე რვეულში იპოვა დახატული საფლავის ქვა და ზედ წარწერა: “RIP Putin”.

თამთა ამისთვის მზად არ იყო. არადა, იქამდე უკვე შეატყო, რომ ბავშვები გაბრაზებულები და შეშინებულები იყვნენ. ერთმა ისიც უთხრა, რუსეთის გამო „მამიკომაც შეიძლება დაიჭიროს იარაღიო”. მაგრამ თამთამ არ იცოდა, როგორ უნდა აუხსნას 8-9 წლის ბავშვებს, რომ არასწორია, სიკვდილი უსურვონ ადამიანს, რომლის გამოც საკუთარი მშობლების დაღუპვის ეშინიათ.

„ეგ იყო შემთხვევა, ცოტათი სიამაყეც რომ გაგიელვებს, ცოტათი შიშიც, რო ვაიმე, ცუდს ხომ არ ვაკეთებ ახლა. ჩემი დამოკიდებულება იყო ძალიან ღია, არ შევეწინააღმდეგე… შეიძლება ეგ ცუდი იყო, იმიტომ, რომ სიკვდილი უნდათ ვიღაცის და მე რაღაც დონეზე რომ თანახმა ვარ, რას ვაკეთებ მაგით?” - იხსენებს თამთა.

ბოლოს გადაწყვიტა, დისკუსია გაემართა. ოღონდ საკუთარი დამოკიდებულება ნაკლებად გამოეხატა.

„მე რუსულად აღარასდროს აღარ დავილაპარაკებ, საქართველოში რომ რუსი ვნახო, დავარტყამ”, - უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

მხოლოდ „ერთადერთმა ბავშვმა თქვა, შეიძლება პუტინი ასეთია, მაგრამ მთელი რუსეთის მოსახლეობა არაა ასეთიო. მაგაზეც ვიმსჯელეთ. საბოლოდ, მაგ იდეამდე მივედით, რომ ხალხს შეუძლია ძალიან ბევრი რამე მოაგვაროს ერთმანეთში”, - ამბობს თამთა.

მისი თქმით, ამ დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეები სულ ცდილობენ, იპოვონ თავისუფალი მომენტი, რათა ომის შესახებ დაელაპარაკონ. „[მათი] ბრაზი არ არის გაცნობიერებული… რადგან ჩვენ უფროსები ვბრაზობთ, მაგიტომ აქვთ მოზღვავებულად…” - წუხს თამთა.

მოუსმინეთ

ბავშვთა ფსიქოლოგი, ნინო ნიკოლეიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ ჩაახშოთ თქვენი შვილების ცნობისმოყვარეობა და მისცეთ ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა.

„აუცილებელია, ეს გააკეთოთ ყველანაირი კრიტიკის და შეფასების გარეშე. არავითარი შემფასებლური კომენტარი, ეს შენი საქმე არ არის, რა დროს შენი ესეთებია და ასე შემდეგ”, - ამბობს ნინო.

დაეხმარეთ, გაერკვიონ საკუთარ ემოციებში

ფრთხილად გამოჰკითხეთ, რა იციან და რას გრძნობენ.

„ბავშვმა შეიძლება საერთოდ არ იცოდეს, შიშს განიცდის, ბრაზს განიცდის, და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ, სახელი დავარქვან საკუთარ ემოციებს”.

დააკვირდით მათ ქცევას და ჩივილებს

შეიძლება ბავშვი ჯერ ვერ ხვდება, რას გრძნობს, ან მზად არ არის სალაპარაკოდ. წესით, ამის შემჩნევა შეგიძლიათ.

განსაკუთრებით 7-8 წლამდე „დაძაბულობა, სტრესი ვლინდება [ღამის] კოშმარებში, შეიძლება მუცელი ასტკივდეს, მადა დაეკარგოს, უხასიათოდ იყოს, თუ მათ ემოციურ გამოვლინებებზე მშობლებისგან ვერ იღებენ ისეთ რეაქციას, როგორიც არის უსაფრთხოების განცდა”.

შეუქმენით უსაფრთხოების განცდა

პირველ რიგში, შეგიძლიათ უფრო მეტი სითბო გამოხატოთ. მაგალითად, უფრო ხშირად ჩაეხუტოთ. თანაც არაა აუცილებელი, ეს მაინცდამაინც ომზე საუბრებს უკავშირდებოდეს. მთავარია, ფიზიკური კომფორტი შეუქმნათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თინეიჯერობის ასაკამდე.

„პატარებისთვის სახლის და ოჯახური სიტუაციის განცდა, პირველ რიგში ქმნის უსაფრთხოების განცდას”, - ამბობს ნინო.

დაიცავით თქვენი ნეგატიური ემოციებისგან

სანამ ბავშვებს დაეხმარებოდეთ, მნიშვნელოვანია საკუთარ ემოციებშიც გაერკვეთ. ნუ დამალავთ თქვენს შიშს, ბრაზს და შფოთვას ბავშვებისგან. აუხსენით, რატომ გრძნობთ მათ.

„როდესაც მშობლები ცუდად არიან, ბავშვები მათ აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ ეს მათი ბრალია. ხედავენ, რომ მშობელი არის გაღიზიანებული, ცუდად, შეიძლება ტირის კიდეც. ბავშვს უნდა მუდმივად, რომ გამოასწოროს მშობლის მდგომარეობა და შეიძლება მოერიდოს კიდეც, რომ გამოხატოს თავისი ემოციები”.

მიაწოდეთ სანდო და უსაფრთხო წყაროები

თუ თქვენი შვილი ძალიან პატარაა, აჯობებს, შეუზღუდოთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ძალადობას, - ამბობს ნინო ნიკოლეიშვილი. განსაკუთრებით ცუდი აზრია, მუდმივად გქონდეთ ჩართული ტელევიზორი, საიდანაც უწყვეტად მოდის ინფორმაცია ომის შესახებ.

„ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი არის მათთვის წამლეკავი. ბავშვებს ჯერ არ აქვთ მზაობა, რომ თავად გადაამუშაონ ეს ინფორმაცია და გაუმკლავდნენ მას”, - განმარტავს ფსიქოლოგი.

მაგრამ, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა იცოდნენ რა ხდება, რატომ ესხმის თავს ერთი სახელმწიფო მეორეს. ამიტომ, თუკი თქვენს შვილს უკვე აქვს სმარტფონი, ფრთხილად ურჩიეთ ინფორმაციის ისეთი წყაროები, რომელსაც ენდობით.

თავი შეიკავეთ ქსენოფობიური გამონათქვამებისგან

მაგრამ, ამასთანავე, კარგად აწონ-დაწონეთ, რა სიტყვებით ელაპარაკებით შვილებს სამხედრო კონფლიქტზე.

„მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ყველა მშობელმა, რას ეტყვის თანატოლებზე და რუსებზე თავის შვილს, - ამბობს ნინო ნიკოლეიშვილი, - დაუშვებელია ქსენოფობიური და ეთნიკური შუღლის გაღვივება ბავშვებში. ისინი ვერ მოახერხებენ, ეს სწორად გადახარშონ. ბრაზი გამოიხატება ბავშვებში ფიზიკურ აგრესიაში და ვერ დავარეგულირებთ ამას, თუ არ გვექნა პრევენციული სწავლება-განათლება”.

***

ბოლო 10 დღე თამთა მანდარიასთვის განსაკუთრებით რთულია. საკუთარი ბრაზის და უიმედობის გაკონტროლებასთან ერთად, ის ცდილობს დაეხმაროს ბავშვებს, რათა გადაიტანონ ყურადღება იმ შიშისგან, რომელსაც მათში ომი და მშობლების დაკარგვაზე ფიქრი იწვევს.

მისი თქმით, აუცილებელია, უფროსებმაც და ბავშვებმაც იგრძნონ, რომ რაღაცის გაკეთება და სხვების დახმარება შეუძლიათ. თუნდაც ეს წვრილმანი იყოს. მისი კლასის შემთხვევაში, ასეთი „წვრილმანი” იქნება სათამაშოების შეგროვება უკრაინელი თანატოლებისთვის.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG