Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წესები არსებობს ბირთვული იარაღის ასამოქმედებლად?


რა რეგლამენტი არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით? მართლაც შეუძლია თუ არა ვლადიმირ პუტინს თითის ერთი დაჭერით მსოფლიო ააფეთქოს? რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 27 თებერვლის ბრძანებით, რუსეთის ბირთვული იარაღი საგანგებო რეჟიმშია მოყვანილი. რადიო თავისუფლების რუსეთის ბიურო სამხედრო ექსპერტ ალექსანდრ ალესინს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრ, ეს ისტორიები წითელ ღილაკზე, ჩემოდანზე, ჩემოდნის გასაღებებზე... შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით დაიწყოს ბირთვული ომი თუ არის რამე რეგლამენტი, რაღაც პროცესი, რომელიც უნდა გაიარო, რომ ვიღაცამ ამ ღილაკს დააჭიროს?

- ყველაფერი რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინაშია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიყვანო მოქმედებაში ბირთვული იარაღი. რუსეთი დღემდე არ ითვალისწინებს პრევენციულ ბირთვულ დარტყმას. ყველა დოკუმენტში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გვაქვს, დარტყმა არის საპასუხო ან საპასუხო-შემხვედრი.

ალექსანდრ ალესინი
ალექსანდრ ალესინი

რა შემთხვევაში გამოიყენება ის? არსებობს სარაკეტო თავდასხმის შეტყობინების სისტემა, ის ორი ეშელონისგან შედგება: სატელიტური და სახმელეთო. სატელიტური ეშელონი აფიქსირებს ბალისტიკური რაკეტების სტარტს აშშ-დან ან წყალქვეშა ნავებიდან. ამის შემდეგ საჭიროა რადიოლოკატორებმაც გადაამოწმონ, რომ რაკეტა ნამდვილად გამოფრინდა, რადგან შეიძლება შეცდომაც მოხდეს. იყო შემთხვევა, როდესაც თანამგზავრმა მზის სხივის ანარეკლი რაკეტად აღიქვა და დედამიწა ბირთვული ომის ზღვარზე აღმოჩნდა. ამიტომაც არსებობს რაკეტის გამოფრენის დამადასტურებელი სახმელეთო სისტემაც. მას შემდეგ, რაც ორივე ეს სისტემა დაადასტურებს, რომ რაკეტა ნამდვილად გამოფრინდა, შესაბამისი შეტყობინება მიდის ქვეყნის მთავარსარდალთან.

- ანუ პრეზიდენტთან?

- დიახ, პრეზიდენტთან. მთავარსარდალს აქვს ტერმინალი (система „казбек“), ასეთივე ტერმინალები გააჩნიათ თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის ხელმძღვანელს. იარაღი მზადყოფნაში შეიძლება მოიყვანო მხოლოდ მას შემდეგ, თუ ეს სამი პირი შეთანხმდება და თავთავის სამ ღილაკს ხელს ერთდროულად დააჭერს. ანუ იმ შემთხვევაში თუ რომელიმეს ამ სამიდან პარანოია ან სხვა სახის ფსიქიკური დაავადება აქვს, ან კიდევ სხვა რამეა... არაფერი გამოვა. სამივე უნდა შეთანხმდეს.

მაგრამ საბჭოთა კავშირში, როდესაც სსრკ ფიქრობდა, რომ არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ამერიკა, შეიქმნა სისტემა „პერიმეტრი“, დასავლეთში ეწოდება „მკვდარი ხელი“ ან „ხელი კუბოდან“. თუკი რაღაც მიზეზების გამო უმაღლეს ხელისუფლებას წყობიდან გამოიყვანენ, კომპიუტერების საგანგებო სისტემა ქვეყნის მეთაურების პასუხს მოითხოვს. თუ პასუხს ვერ მიიღებს, სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ რადიაციას, დარტყმის ტალღას და რადიოელექტრონულ იმპულსებს ამ სისტემას აიძულებენ მზადყოფნაში მოიყვანოს სპეციალური სასიგნალო რაკეტები, რომლებიც მაღალი სიმაღლიდან აიღებენ სტარტს და იქიდან გადასცემენ სიგნალს რუსეთის ბირთვული ტრიადის ცოცხლად დარჩენილ ყველა ელემენტს. ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყნის ხელმძღვანელი სამი პირი - პრეზიდენტი, გენშტაბის უფროსი და თავდაცვის მინისტრი - დაიღუპა, სისტემა საპასუხოდ მაინც გაისვრის.

90-იანი წლების დასაწყისში საუბრობდნენ, რომ ეს სისტემა გამორთეს. მაგრამ ამასწინათ რუსეთის სტრატეგიული-სარაკეტო ძალების მეთაურმა, გენერალმა კარაკაევმა განაცხადა, რომ ის არის მოდერნიზებული და საბრძოლო მზადყოფნაზე.

- ძირითადი მომენტები მინდა დავაზუსტო, ანუ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში არ არსებობს კანონი (თუმცა, ვის აინტერესებს ეს, როდესაც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ), რომელიც რუსეთს ნებას მისცემს გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავდასხმისთვის, ან პრევენციის სახით გაისროლოს?

თუ დაფიქსირდა, რომ აშშ-დან რაკეტა გამოფრინდა, იქნება საპასუხო დარტყმა რუსეთის ტერიტორიიდან. ეს რაკეტები შესაძლოა ერთამანეთს შეხვდნენ ჰაერში, განაგრძონ ფრენა და საბოლოოდ დანიშნულების ადგილას ჩამოცვივდნენ. ეს იქნება ორმხრივი განადგურება.

იგივე სიტუაციაა ამერიკაშიც, მაგრამ აშშ ითვალისწინებს პრევენციულ დარტყმასაც. რუსეთის სამხედრო ელიტაში საუბრობენ, რომ ეს რუსეთის სამხედრო დოქტრინაშიც ასახონ.

თეთრი სახლის სამხედრო, რომელსაც ხელში უჭირავ ჩემოდანი, სახელად „ფეხბურთი“, მასში მოთავსებულია ბირთვული იარაღის კოდები, 2021 წელი.
თეთრი სახლის სამხედრო, რომელსაც ხელში უჭირავ ჩემოდანი, სახელად „ფეხბურთი“, მასში მოთავსებულია ბირთვული იარაღის კოდები, 2021 წელი.

- თუმცა ჯერ არაა?

თუმცა, იქ გაჩნდა ერთი საინტერესო რამ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე სრულიად ჩვეულებრივი საშუალებებით ეჭვქვეშ დააყენებს რუსეთის სახელმწიფოს არსებობას, რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

- გასაგებია, შემდეგი კითხვა, თუ ამ სამმა ადამიანმა ერთდროულად დააჭირა ხელი თავის ღილაკს, ეს უკვე შეუქცევადი პროცესი იქნება? ვეღარ გავაჩერებთ?

არის ამის საშუალება, იყო ყოველ შემთხვევაში - ე.წ. „კრიზისული კავშირი“. იმის გთვალისიწინებით, რომ ბალისტიკური რაკეტები კონტინენტების გადაღმა 30-40 წუთის განმავლობაში მიფრინავენ, არის საშუალება დაუკავშირდე და გააუვნებელყო. არსებობდა ამის საშუალება. მაგრამ ძალიან საშიშია საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები. პუტინი ამ წითელი ხაზებისთვის რატომ იბრძვის? მას ეშინია, რომ ასეთი რაკეტები უკრაინასა და პოლონეთში გამოჩნდება და მაშინ რაკეტა მიზნამდე მიაღწევს არა 30-40 წუთში, არამედ 5-7 წუთში. მოლაპარაკების საშუალება აღარ იქნება. როგორც კი რაკეტებს დააფიქსირებენ, ეგრევე ღილაკებს უნდა დააჭირონ, თორემ ვეღარ მოასწრებ. აი, ამიტომაცაა საშიში საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები. ადრე ისინი აკრძალული იყო, მაგრამ ახლა აშშ ამ შეთანხმებიდან გამოვიდა.

XS
SM
MD
LG