Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როცა გაიგეს, რომ  3 ათასი ცხედარი შეგვიძლია გადავცეთ, შოკში ჩაცვივდნენ“ - ინტერვიუ სერგეი გარმაშთან 


ჟურნალიტი სერგეი გარმაში, რომელიც ამჯერად კიევში იმყოფება, Current Time-თან საუბრისას ამბობს, რომ დრო უკრაინელების სასარგებლოდ მუშაობს და თუკი დასავლეთი თვითმფრინავებით დაეხმარებათ, უკრაინა თავის დაცვას ბოლომდე მოახერხებს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაიწელება ომი?

- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუნდაც, აშშ-ზე, რომელიც, რამდენადაც ვიცი, ბლოკავს თვითმფრინავების ჩვენთვის გადმოცემას. გვჭირდება ევროპული თვითმფრინავები. ისიც პრობლემაა, თუ სად დაეშვებიან ისინი. უცხოეთში არის აეროპორტები, მაგრამ ამ ქვეყნებს ეშინიათ, ნატო მესამე მსოფლიო ომში არ ჩაითრიონ. ამიტომ უსაფრთხო ასაფრენ ბილიკს არ გვაძლევენ. არადა, ეს ბევრ რამეს მოაგვარებდა.

ისე კი, მთლიანობაში დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ის ჩვენთვის პოზიტიურია. დრო ჩვენზე მუშაობს, რუსეთის წინააღმდეგ: რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გრივნა უფრო მყარია.

- შეიძლება ითქვას, რომ დრო უკრაინელების სასარგებლოდ თუნდაც იმიტომ მუშაობს , რომ რუსულ ჯარს ლოგისტიკის პრობლემაც აქვს? უმთავრდებათ საწვავი, სურსათი, რაც უფრო დიდხანს გაძლებენ უკრაინული ქალაქები, მარაგიც ხომ უფრო გამოილევა.

- ასეა, რკინიგზა აფეთქებულია. მხოლოდ საავტომობილო გზების იმედად არიან. უკრაინულ არმიას მოსახლეობაც ეხმარება, საწვავის ავზებს აფეთქებენ.

- დონბასში ახლა უფრო არის სიმშვიდე, ვიდრე უკრაინის სხვა ქალაქებში.

- [რუსეთმა] დონბასში და არა მარტო, ქუჩაში მოგროვებული ხალხი ჩააყენა. მათ ცხოვრებაში ავტომატი არ სჭერიათ, ომი არ უნდათ. ამიტომ ეს ფრონტი შედარებით „რბილი“ გამოვიდა.

- თქვენ დიდხანს მონაწილეობდით რუსებთან ორმხრივ მოლაპარაკებებში, შეიძლება მოლაპარაკებებისგან რამე სასიკეთო გამოვიდეს?

- მხოლოდ დროებით ზავზე თუ შევთანხმდებით, ისიც ხომ ხედავდით, მოლაპარაკების პარალელურად ხარკოვს ურტყამდნენ. ამ ეტაპზე არ ღირს მოლაპარაკება. მოწინააღმდეგე ჯერ ისე არ დაძაბუნებულა, ჩვენს მოთხოვნებზე წამოვიდეს, ჩვენ კი, პირიქით, მათ მოთხოვნებს ვერ დავყაბულდებით, ეს ჩვენი მიწაა.

ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთ წევრს ვესაუბრე და მითხრა, რუსი დიპლომატები აბსოლუტურად არაადეკვატურად აღიქვამენ სიტუაციასო. როდესაც შესთავაზეს, ცხედრები წაეღოთ, იკითხეს, კი მაგრამ, რამდენიაო. დარწმუნებულები იყვნენ, რომ მსხვერპლი არაა. როცა გაიგეს, რომ მხოლოდ ახლა 3 ათასი ადამიანის ცხედარი შეგვიძლია გადავცეთ, შოკში ჩაცვივდნენ. მგონია, რუსეთი ამ დიალოგს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკებაზე მოსული პირები საერთოდ არ იცნობენ საკითხს.

- რას ფიქრობთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც პუტინთან უფრო ადრე მიმდინარეობდა, სანამ მან .. სამხედრო ოპერაცია არ წამოიწყო. მაკრონიც ელაპარაკებოდა, ბაიდენიც, გერმანიიდანაც ჩამოვიდნენ... ეს მოლაპარაკებები მაშინ ჩაფლავდა, თუ პუტინს უკვე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული?

- ვფიქრობ, პუტინს გადაწყვეტილი ჰქონდა. ის არაადეკვატურად აფასებდა სიტუაციას. ეს გასაგებიცაა, რადგან ადამიანი თავის სამყაროში ცხოვრობს და მას ისეთ სურათს აწვდიან, რომლის დანახვაც თავად უნდა. დასავლეთის სირბილემაც წააქეზა და ომი დაიწყო.

- გუშინ რუსულმა მხარემ საკმაოდ ხისტი განცხადებები გააკეთა, ლავროვმა თქვა, ჯობს ბირთვული იარაღი ევროპიდან ისევ აშშ-ში გადაიტანონო. მედვედევმა ტვიტერში დაწერა, რომ ეკონომიკური ომები ნამდვილი ომებით სრულდება. დასავლეთი აქამდე ვერ მიხვდა, რომ რუსეთი მესამე მსოფლიო ომით იმუქრება?

- დასავლეთი ამას სხვაზე უკეთ ხვდება, უბრალოდ ვერ ჩამოყალიბდა, როგორ იმოქმედოს. პუტინმა თავი წარმოაჩინა, როგორც არაადეკვატურმა ადამიანმა. ამ არაადეკვატურ ადამიანს ბირთვული იარაღის ღილაკზე უდევს თითი. კიევშიც კი ვფიქრობთ, რომ მან მართლაც შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ. რა უნდა ქნა?.. ბოლო ფოტოზე ვხედავთ, პუტინი რამდენად შორს ზის თავისი მინისტრებისგან, არც კი ჩანს, ვინ სხედან იქ. პუტინიც ხვდება, რომ დასავლეთი საქმის კურსშია და თვითგადარჩენის ყველა ზომას მიმართავს. სიტუაცია მართლაც რთულია, იმედი ვიქონიოთ, რომ დასავლეთს მასზე რეაგირების საშუალება ექნება.

- ბევრი წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ბევრი ამბობს, ჯერ არაო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მესამე მსოფლიო ომი მაშინ იქნება, როდესაც აქ პოლონეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან იფრენენ თვითმფრინავები. ჯერ მთელი მსოფლიო გვიყურებს, რამდენ ხანს გავძლებთ. არ მგონია, იგივე აშშ მესამე მსოფლიო ომში ჩაერთოს. ჯერ მხოლოდ საკუთარი თავის ამარა ვართ. შეიძლება მესამე მსოფლიო ჩვენ მერე დაიწყოს… შეიძლება დასავლეთი ზარალშია იმავე სანქციების გამო, ტელევიზორის ეკრანს ემოციებით უყურებენ, მაგრამ ბოლომდე ვერ აღიქვამენ, როგორც ჩვენ ვერ აღვიქვამდით იმას, რაც საქართველოში ხდებოდა. მახსოვს, ზაფხული იყო. ყირიმში პლაჟზე ვიწექი, ახალ ამბებს ვკითხულობდი, ვბრაზობდი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სადღაც შორს ხდებოდა. ამიტომ მესამე მსოფლიო ომზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, თუ უკრაინა დაეცა, მსოფლიო ომი უკვე რეალური გახდება.

- ამბობთ, თუ უკრაინა დაეცაო, შეგვიძლია საერთოდ ვივარაუდოთ, როგორი ბოლო ექნება ამ ომს?

მე დარწმუნებული ვარ, რომ კიევს არ დავთმობთ. უკრაინა თავს დაიცავს, მთავარია, დასავლეთმა არ დაგვაღალატოს და თვითმფრინავები მოგვაწოდოს. მთავარია, გაიგონ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა, დასავლეთის ქვეყნებისთვისაც ვიბრძვით.

- შეიძლება რუსული ელიტის იმედი გვქონდეს იმ შემთხვევაში, თუ გააანალიზებენ, რომ პუტინი არაადეკვატურია?

- ვფიქრობ, ეს დიდი ხანია გაიგეს, სახეებზე ეწერათ, როდესაც პუტინმა უშიშროების საბჭო მოიწვია. მაღალჩინოსნებს შიშისგან გული ჰქონდათ გახეთქილი. ალბათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, როგორც ეს სტალინის დროს იყო. რუსული ელიტის ნაკლებად, უფრო ხალხის იმედი შეიძლება გვქონდეს. თუმცა, მათაც ჯერ კარგად ვერ გაიგეს, რა ხდება.

XS
SM
MD
LG