Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო კიბერომი უკვე დაიწყო?


უკრაინელი IT სპეციალისტები მოგერიების ნაცვლად, თავად გადავიდნენ შეტევაზე, აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხეილ ფიოდოროვი. „ჩვენ თვალწინ მსოფლიოში პირველი კიბერომია გაჩაღებული. კიბერომი ღია და მასშტაბურია, სახელმწიფო სტრუქტურების, სპეცსამსახურების, ჰაკერების მონაწილეობით“, - თქვა მან. Current Time-ი ინტერნეტის დაცვის საზოგადოების წარმომადგენელს მიხაილ კლიმარევს ესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, მართლაც იქნება პირველი მსოფლიო კიბერომი?

- ომს ამას ვერ დავარქმევთ, ომი მაინც ჭურვები, სისხლი და ყველაფერი ისაა, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. თუმცა, რუსული ინტერნეტსაიტები მშვიდად ვერ არიან, მათ ებრძვიან. ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი მომსახურებაზე უარის თქმაა. ეს მაშინ ხდება, როცა ერთ ფანჯარას რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მიმართავს, ისინი არაფერს ითხოვენ, მაგრამ ამ დროს დანარჩენებს აღარ შეუძლიათ ფანჯარას მიუახლოვდნენ. რუსული სამთავრობო საიტები ამჯერად ამგვარი თავდასხმის მსხვერპლნი არიან. ისინი, მართალია, სიმბოლურად შეარჩიეს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს თავის წილ დისკომფორტს მაინც უქმნის. ასევე თავს ესხმიან ბანკებს. გუშინ პროპაგანდისტულ საიტებზე გვერდები შეცვალეს და ომის შეწყვეტისკენ მოწოდება განათავსეს.

მიხაილ კლიმარევი
მიხაილ კლიმარევი

- არ შემიძლია, არ გკითხოთ ჯგუფ „ანონიმუსის“ განცხადებაზე. გავრცელდა ინფორმაცია, არ ვიცი რამდენად მართალი, რომ გარკვეულ დრომდე (თუ არ ვცდები, ზეგამდე იყო ვადა) რუსეთის მოქალაქეებმა ბანკებიდან ფული უნდა გამოიტანონ, თორემ ამ ფულს უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად გადავრიცხავთო.

- უბრალოდ რომ იცოდეთ, რა არის „ანონიმუსი“. „ანონიმუსი“ არაფერია, არავინ, ნებისმიერს შეუძლია „ანონიმუსი“ გახდეს. ეს მხოლოდ გარკვეული ადამიანების განცხადებაა. „ანონიმუსი“ ნებისმიერი შეიძლება იყოს. ამ განცხადებას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, ცოტა არ იყოს, ბავშვური და სასაცილოა. არცერთ „ანონიმუსს“ არ შეუძლია, საბანკო სისტემას მსგავსი რამ დამართოს.

- რუსეთმა როგორ შეიძლება დააზიანოს უკრაინა ინტერნეტის თვალსაზრისით?

- აი, დღეს „დააზიანეს“, რატომღაც კიევის ტელეანძას ესროლეს. ხალხი დაიღუპა. ეს ძალიან საშიში და უსიამოვნო რამეა. ასე მგონია, ის სტრატეგები, რომლებიც ახლა კრემლში სხედან, ჯერაც მე-20 საუკუნეში იბრძვიან. იქ ჩარჩნენ. არც ცდილობენ გაიგონ, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტი რა არის.​

- ეს იმ სერიიდანაა, „მოდი, პირველ რიგში ტელეგრაფი ავიღოთ“?

- კი, კი. მართალია, ტელემაუწყებლობა მცირე ტერიტორიაზე შეწყდა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი გაფუჭებულა.

კიდევ იყვნენ „ანონიმუსის“ მსგავსები, ოღონდ უკვე რუსეთის მხრიდან. „გვპირდებოდნენ“, რომ ქალაქებში საშინელ ჩამხშობებს დააყენებდნენ და მობილურ ქსელს მთლიანად ჩაახშობდნენ. ესეც სასაცილო განცხადებაა.

- რატომ არის სასაცილო?

- იმიტომ, რომ მსგავსი ჩამხშობი მოწყობილობები დიდ მასშტაბებზე ვერ მუშაობს. ისინი გარკვეული რადიუსის ფარგლებში, გარკვეულ სიხშირეზე მოქმედებს. გარკვეულწილად, შეუძლიათ ხარვეზები შექმნან, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგ სამიზნეს წარმოადგენენ „ჯაველინებისთვის“. არ ვისურვებდი იმ ოპერატორის ადგილას ყოფნას, რომელსაც ამ მოწყობილობის ჩართვას დაავალებენ, რაკეტა ძალიან მალე მოფრინდება. ამიტომ, ეს, ერთი მხრივ, სისულელეა, მეორე მხრივ კი, როგორც ჩანს, ცდილობენ უკრაინის სატელეკომუნიკაციო სისტემაზე თავდასხმა მოამზადონ.

მაგრამ იქაც განათლებული ხალხია, ისინი ბევრი არიან და რუსებისგან განსხვავებით უფრო მოწადინებულები. ახლახან მოუწოდეს (რუსეთში) ოპერატორებს, დაჰპირდნენ, რომ პრემიებს მისცემდნენ, ან ხელფასს არ შეუმცირებდნენ (თუმცა, ეს უკვე მოხდა, ვალუტის კურსის ვარდნის გამო). რუსი ოპერატორებისგან განსხვავებით უკრაინელებს შეგულიანება არ სჭირდებათ, ისედაც ჰიპერმოტივირებულები არიან.

- ჩემთვის გასაგებია, როცა რუსეთი სხვადასხვა საიტის დაბლოკვას ცდილობს, ჩვენიც დაბლოკეს. გასაგებია, რომ არ სურთ რუსეთში სიმართლე იცოდნენ, არ ნახონ ეს საშინელი კადრები. მაგრამ ვერ გამიგია, უკრაინის ტელეანძის გათიშვა რაში სჭირდებოდათ, უკრაინელები ისედაც ხომ ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებენ?

- არ მესმის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს სტრატეგები რაღაც ძველი და უცნაური წიგნების კითხვას გადაჰყვნენ. საიდან მოაქვთ ეს ყველაფერი, ვერ გამიგია. ალბათ ეს უფრო სიმბოლური იყო, აი, თქვენს ანძას მოვარტყითო. არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ გააჩნია, სისულელეა. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც ადრე რუსეთის კავშირის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის ზედამხედველობის სამსახური ითხოვდა თამაშების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება დაიწყოსო. მაშინ ამაზე ბევრმა იცინა, მეც ვიცინოდი.

შემდეგ ერთი ფრანგული ფილმი ვნახე, რომელშიც ტერორისტები ერთმანეთს თამაშის „ჩატის“ მეშვეობით უკავშირდებიან. მხოლოდ ამის მერე მივხვდი, რას გულისხმობდნენ. ანუ რაღაც ფილმებს ნახავენ, რაღაც ძველ წიგნებს წაიკითხავენ და ჰგონიათ, ეს ყველაფერი სინამდვილეშიც ასეა. მხოლოდ ეშმაკმა უწყის, მაგათ თავში რა ხდება.

XS
SM
MD
LG