Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია: გაუგებარია უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციამ ხელმძღვანელის, ილია დარჩიაშვილის განცხადება გაავრცელა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრემიერისა და მმართველის გუნდის მსგავსად გაიმეორა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ წყვეტს საქართველოს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში ჩარევის მცდელობას. დარჩიაშვილმა ვიდეომიმართვაში გაიხსენა, რომ უკრაინაში გაიგზავნა 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი.

"საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას...

ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში...

საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დღეს, 1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ქვეყნიდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებული არ იყოს და "შექმნილი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ".

"პირდაპირი თუ ირიბი სამხედრო მონაწილეობა საერთოდ ამ დაპირისპირებაში, იმ რესურსის გარდა, რომელსაც მობილიზება გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რასაკვირველია, შეიძლება დამანგრეველი იყოს ჩვენი ქვეყნისათვის", - თქვა გია ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის.

"სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]", - თქვა კობახიძემ.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

XS
SM
MD
LG