"ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარ ჯარს ვებრძვით. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან მსოფლიოს მხარდაჭერას ვგრძნობთ. ცაში რაკეტების ფონზე, თქვენი მხარდამჭერი დემონსტრაციები გვეხმარება", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიევის მცხოვრები ტანია პასოვა, რომელიც ახლა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ ჟაშკივში იმყოფება. კიევი ომის დაწყებამდე დისშვილთან ერთად დატოვა. და და სიძე ექიმები არიან, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ.
"ვიბრძვით, მეტი რა უნდა ვქნათ. დიდ ქალაქებზე ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ. როცა იმედს კარგავ, ხედავ, რომ მარტო არ ხარ და მთელი მსოფლიო შენთანაა. ასევე, გვჯერა ჩვენი არმიის, ჩვენი მამაცი ჯარისკაცების. რასაც ახლა ისინი აკეთებენ, უდიდესი გმირობაა. სამოქალაქო პირებიც იცავენ თავიანთ ქალაქებს, სოფლებს, სახლებს", - ამბობს ტანია.
კიევის რეგიონში მცხოვრები უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის ჯარისგან თავიანთი სახლების დასაცავად "მოლოტოვის კოქტეილებს" ამზადებდნენ.
ტანია ჰყვება, რომ განგაშის სიგნალი დღეში დაახლოებით ორჯერ ირთვება. ამ დროს თავს კერძო სახლის სარდაფს აფარებენ.
"საკვებთან დაკავშირებითაც დიდი პრობლემა არ გვაქვს. მცირე ლოგისტიკური პრობლემებია მხოლოდ, ახალი პროდუქტის შემოტანა უჭირთ, თუმცა ხალხს მომარაგებული აქვს საკვები", - ამბობს ის.
"სიმშვიდეა [17:30 თბილისის დროით - რ.თ.]. კიევი არ არის ალყაში, რაც მთავარია. ბევრი არის დივერსიული ჯგუფები. კიევში ძირითადად დივერსიულ ჯგუფებთან არის ბრძოლები, გუშინ ერთი მეც დავინახე ჩემი ფანჯრიდან. არცერთი დიდი ქალაქი არ არის აღებული, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ბრძოლებია. კიდევ რამდენიმე დღე უნდა გაუძლოს კიევმა, პირველ რიგში კიევმა. დღეს ორი საზოგადოებრივი ავტობუსი დავინახე, ერთი-ორი კაცი იჯდა", - გვეუბნება ზაზა ბუაძე, რომელიც უკვე 15 წელია კიევში ცხოვრობს.
"სოფლის ცხოვრება საშუალებას გაძლევს, პანიკას ეფექტურად გაუმკლავდე. პანიკა აქ ჩამოსვლის პირველსავე დღეს გამინელდა", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან უკრაინელი ალიონა ტკალიჩი, რომელიც რუსულ სამხედრო აგრესიას თავს ჩერკასის რეგიონში აფარებს. კიევი ომის დაწყების პირველ დღეს, 24 თებერვალს ორ მცირეწლოვან შვილთან და ქმართან ერთად დატოვა.
ალიონამ სულ რამდენიმე დღის წინ ისწავლა, როგორ დაანთოს ცეცხლი ღუმელში. ქმარი ტერიტორიული დაცვის რაზმებს შეუერთდა, თვითონ ჟურნალისტია და სახლიდან მუშაობს.
ამბობს, რომ ადგილობრივები ნებისმიერ თხოვნაზე ეხმარებიან. ხალხი თვითორგანიზებულია, სოფლებს შორის გამშვებ პუნქტებს აწყობენ, დადის პატრული.
"კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე რთული ვითარება დონბასშია. ბევრი უკრაინელი გაემგზავრა ქვეყნის დასავლეთში. ადამიანებს საზღვარზე გრძელ რიგში უხდებათ დგომა. მოხალისეები ადამიანებს საკვებით, საწვავითა და ტანსაცმლით ეხმარებიან. ეს ჰუმანიტარულ კატასტროფას აგვაცილებს თავიდან. ზოგადად, უკრაინაში მოხალისეების თვითორგანიზაციის ძალიან დიდი ზრდაა. არ არსებობს პოლარიზაცია, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა ერთიანია", - გვეუბნება ალიონა.
"შეშინებულები ვართ, კი. ზოგჯერ მეც პანიკაში ვვარდები", - ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას 51 წლის კინორეჟისორი სვიტლანა ლიშჩინსკა 2 დღის წინ.
დღეს გვეუბნება, რომ შეეჩვია და ისე აღარ ეშინია, როგორც ომის პირველ დღეებში. სვიტლანა დღესაც თავშესაფრიდან გვესაუბრა.
"ბოლო ორი დღე ძალიან საშიში იყო და ეს დღეები სულ ვლოცულობდით. არ ვიცოდით, რისთვის ვყოფილიყავით მზად. ძალიან შეშინებული ვიყავი, მაგრამ შევეჩვიეთ, ნელ-ნელა გამოვდივართ შოკიდან. ახლა ვიცით, რაც უნდა ვქნათ და მზად ვართ რუსებს კიევში შევხვდეთ", - ამბობს სვიტლანა.
დღის ძირითად ნაწილს ის კიევის ერთ-ერთი სკოლის თავშესაფარში ატარებს.
სახლში დასაბანად, გამოსაცვლელად და საჭირო ნივთების წამოსაღებად თუ მივა. მისი ოჯახის წევრები - დედა, ქალიშვილი, სიძე და 2 წლის შვილიშვილი კიევის მეორე მხარეს, სხვა რაიონის თავშესაფარს აფარებენ თავს.
"ჩვენს მარკეტში საკვები არ არის, მაგრამ კიევის სხვა რაიონები გვეხმარებიან და პროდუქტებთან ერთად პამპერსები, წამლები და სხვა საჭირო ნივთებიც მოაქვთ. ათასობით ხალხი გამოდის ქუჩაში ჩვენი გულისთვის, შოკში ვართ და ამასთან ძალიან მადლიერები. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამხელა მხარდაჭერა გვეხმარება იმაში, რომ არ დავეცეთ, ეს ფეხზე მყარად დგომაში გვეხმარება", - გვეუბნება კინორეჟისორი.
თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
აფეთქებების ხმა თითქმის მთელ ქვეყანაში ისმის, მათ შორის დედაქალაქ კიევში. უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო რუსეთს უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებული შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა.