Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპირებს თუ არა საქართველო უკრაინელი ლტოლვილების მიღებას


უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში
უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში

"არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ვიკითხავ და გაგაგებინებთ", - უთხრეს დღის პირველ ნახევარში რადიო თავისუფლებას საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში, როდესაც ვკითხეთ, აპირებს თუ არა საქართველო უკრაინელი ლტოლვილების მიღებას და მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია.

ამის შემდეგ მრავალჯერადი კომუნიკაციის მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ზარებს მთავრობის პრესცენტრში არ უპასუხეს.

რაც შეეხება სხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას, გუშინ, 26 თებერვალს საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ამ თანხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.

25 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო "ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე "რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. მან ასევე საქართველოს პარლამენტში უკრაინის თემაზე სასაუბროდ მისვლაზე თქვა უარი.

პრემიერის 25 თებერვლის განცხადების გასაპროტესტებლად და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საღამოს თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2022 წლის 25 თებერვალი.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2022 წლის 25 თებერვალი.

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა მეორე დღესაც.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2022 წლის 26 თებერვალი.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2022 წლის 26 თებერვალი.

საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ დღესაც.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2022 წლის 27 თებერვალი.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 2022 წლის 27 თებერვალი.

"სოლიდარობისთვის და კოლექტიური პასუხისმგებლობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს გეგმა, თუ რა ტიპის მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას ომის პირობებში", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე. მას მიაჩნია, რომ ლტოლვილების მიღებაზე შეთავაზება საქართველოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, გვაქვს ფინანსური კრიზისი და უნდა ვივარაუდოთ, რომ ომის ფონზე ის კიდევ უფრო გაღრმავდება, დევნილებს ფინანსურად საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად ეხმარებიან ხოლმე და პრინციპში ამ ხარჯის გარკვეულწილად დაზღვევა მათი მხრიდანაც შესაძლებელია", - ამბობს მიქელაძე.

უკრაინაში რუსეთის ჯარების ინტერვენციის მე-4 დღეს, გაეროს თანახმად, უკრაინიდან მოსაზღვრე პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე დიდ სახმელეთო ომს უკვე 150 000-ზე მეტი ადამიანი გაექცა.

ვითარების გაუარესების შემთხვევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ლტოლვილთა რაოდენობის 4 მილიონამდე ზრდას ელოდება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ ასევე თქვა, რომ მეზობელი ქვეყნების მთავრობებთან მუშაობენ და მოუწოდებს მათ საზღვრები ღია დატოვონ მათთვის, ვინც უსაფრთხო ადგილსა და თავდაცვის გზებს ეძებს.

მოლდოვის, პოლონეთის, უნგრეთის ხელისუფლებებიც უკრაინიდან ლტოლვილების დახმარების პირობას დებენ.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG