Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეები საქართველოში მყოფ უკრაინელებს ღამის გასათევს და სხვა დახმარებას სთავაზობენ


მოქალაქეები ერთიანდებიან საქართველოში მყოფი იმ უკრაინელების დასახმარებლად, ვინც საომარი მოქმედებების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და მათ უფასო ღამის გასათევს, ტრანსპორტირებას და სხვა სახის დახმარებას სთავაზობენ.

აქ მყოფი უკრაინელების დასახმარებლად ფეისბუქზე ჯგუფი შეიქმნა. უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ მოგზაურებისთვის განკუთვნილ მრავალრიცხოვან ჯგუფშიც, spend 4 seasons in Georgia. ამ ჯგუფის წევრები მზად არიან დაუთმონ უკრაინის მოქალაქეებს ოთახი საკუთარ სახლებში ან სასტუმროებში.

საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტებისა და მათი მასპინძელი კერძო სექტორისთვის ამუშავებულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზიც. 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში და უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ დახმარებისთვის.

24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG