Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა, თქვა, რომ ქვეყანაში ცხადდება საომარი მდგომარეობა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დონბასში წამოწყებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ცეცხლი გახსნეს თავდაცვის ობიექტების და მესაზღვრეების მისამართით.

"უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებების ხმა. ჩვენ ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ვიდეომიმართვამდე ერთი წუთით ადრე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მისგან მოისმინა, რომ ამზადებენ საერთაშორისო მხარდაჭერას.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიმშვიდისა და გამძლეობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. ურჩია დარჩნენ სახლებში, არ აჰყვნენ პანიკას, ვინაიდან მუშაობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი, მუშაობს მინისტრთა კაბინეტი.

"ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ ყველას დავამარცხებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უკრაინა. დიდება უკრაინას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

პუტინის განცხადებით, რუსეთის ამოცანაა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ და სასამართლოსთვის გადაცემა იმ პირების, რომლებმაც "მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“. პუტინმა უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ დაყარონ იარაღი და სახლში წავიდნენ".

უკრაინული და დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზეც.

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

XS
SM
MD
LG