Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ბაიდენი კიევში მიიწვია


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს პრეზიდენტებს შორის 13 თებერვალს, ღამით გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გადამწყვეტ უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ჩასვლა იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, გრძნობენ აშშ-ის და სხვა პარტნიორების ქმედით მხარდაჭერას და იმედი აქვთ, რომ ეს ხელს შეუწყობს პანიკური განწყობების გავრცელების აღკვეთასაც.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს ისიც უთხრა, რომ უკრაინას ესმის არსებული რისკები და მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ზელენსკის თქმით, შეაჩერებენ ნებისმიერ ესკალაციას, უკრაინის დედაქალაქი კიევი და სხვა ქალაქები - ხარკოვი, ლვოვი, დნეპრი და ოდესა კი, უსაფრთხოდ და საიმედოდ დაცული არიან.

ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა მისი ქვეყნისთვის უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების მიცემის მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის ეს გარანტიები სხვადასხვა ფორმატით განიხილოს და თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარეშე ევროპა უსაფრთხოდ ვერ იქნება. ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, 13 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, სწრაფ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას.

უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას და ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ მიიჩნევს იმის საფუძვლად, რომ რუსეთი უკრაინას, შესაძლოა, თავს დაესხას ნებისმიერ მომენტში. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტას. აშშ-ის და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს მიერ რუსეთთან დაწყებულ დიპლომატიურ დიალოგს შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. გასულ კვირაში, ჯერ აშშ-მა და შემდეგ მსოფლიოს კიდევ არაერთმა ქვეყანამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG