აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით გამართა მოლაპარაკება, რომელიც ერთი საათი გრძელდებოდა. თეთრი სახლის მიერ ამ საუბრის შესახებ ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა იმ მძიმე დანაკარგებისა და შედეგების შესახებ, რაც უკრაინაში იტერვენციის შედეგად მიიღებს რუსეთი.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტს პუტინს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ“, - ნათქვამია ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში.
შაბათს გაიმართა ასევე კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის, რომელიც საათ-ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინს სიტუაციის ესკალაციის დაუშვებლობისკენ მიუთითა.
მანამდე, პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას.
ამის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა. ამგვარი მოწოდებით თავის მოქალაქეებს მიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამინისტრომ. მსგავსი განცხადებით გამოვიდა კიევში ნიდერლანდის ელჩი.
კიევიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ განცხადება გააკეთა ისრაელმაც.
რუსეთის მოსალოდნელი ინტერვენციის შესახებ გავრცელებული ცნობებისა და გაფრთხილების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ აგრძელებს თავის საქმიანობას უკრაინაში.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ აყვნენ პანიკას და განაცხადა, რომ პანიკა ეს არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი.