აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შემდგომ აგრესიას გადამწყვეტ და სწრაფ პასუხს გასცემს.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, სწრაფ და გადამწყვეტ პასუხს გასცემს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიას", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შეთანხმდნენ დიპლომატიური გზის პოვნისა და შეკავების მნიშვნელობაზე რუსეთის მიერ უკრაინასთან საზღვრებზე ჯარების დაგროვების საპასუხოდ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის ახალი შეჭრის შემთხვევაში შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გადამწყვეტი რეაგირების შესახებ გააფრთხილა, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება.
ბაიდენმა ასევე უთხრა პუტინს, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ასევე მზად არის ყველა სხვა სცენარებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს დიდ ჰუმანიტარულ ტანჯვას, ასევე შეასუსტებს რუსეთის პოზიციას.
უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გადასროლა გრძელდება რუსეთის სამხედრო ძალების მონაწილეობით ბელარუსში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სწავლებისა და ასევე შავ ზღვაში 13 თებერვალს დაწყებული სამხედრო-საზღვაო წვრთნის ფონზე.
დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ეს სამხედრო აქტიურობა არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მორიგი ინტერვენციის დაწყებას ითვალისწინებს.
პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას.
ამის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა.