Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაზარალებულია“ - რას ნიშნავს უკრაინის პროკურატურის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილზე


უკრაინის პროკურატურა მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის საკმარისი საფუძველი არსებობს - მის მიმართ საქართველოში განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. უკრაინის პროკურატურა, დაახლოებით თვენახევრიანი გამოძიების შემდეგ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში წერს, რომ უკრაინელი სამართალდამცველები იკვლევენ თავიანთი ქართველი კოლეგების მიერ სააკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უკრაინაში თვეზე მეტია იძიებენ, თუ ვინ მოექცა უკანონოდ მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, უკრაინის გენერალური პროკურატურის დადგენილებით, არსებობს მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის საფუძველი.

ევგენი გრუშოვეცი ამბობს, რომ თუ უკრაინის სამართალდამცველი ორგანოები დაადგენენ, ვინ და რა ვითარებაში ჩაიდინა დანაშაული, რა ზიანი მიადგა მიხეილ სააკაშვილს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

თუმცა, გრუშოვეცი ასევე გვეუბნება, რომ რადგან დანაშაული ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე და არა უკრაინაში, უკრაინის მხარე საქმის მასალებს საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან გამოითხოვს:

„თქვენმა გენერალურმა პროკურატურამ კი უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლებიან თუ არა ამ პროცესში“, - გვითხრა ევგენი გრუშოვეცმა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით უკრაინის პროკურატურაში საჩივარი სწორედ უკრაინელმა ადვოკატმა შეიტანა.

როგორც მისმა ქართველმა კოლეგამ, სააკაშვილის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა, ბექა ბასილაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, საჩივარში ეწერა, რომ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები მიხელ სააკაშვილზე ძალადობდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი მოთავსების დროიდან.

უკრაინის პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა კი, ამბობს ბექა ბასილაია, ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილია დანაშაული:

„მათ სწორედ ეს თქვეს. ახლა კი გამოსაკვლევია, თუ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. საჭიროა პირების იდენტიფიცირება, მათი ბრალეულობის განსაზღვრა, ეს არის უკვე შემდგომი ეტაპი“, - გვითხრა ბექა ბასიალაიამ.

ბექა ბასილაია
ბექა ბასილაია

ადვოკატი ამბობს, ის რომ უკრაინის პროკურატურა სააკაშვილს დაზარალებულად თვლის, ერთი მხრივ, აჩვენებს, თუ როგორ მიდის საქართველოში გამოძიება - რომ სააკაშვილი საქართველოში ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი, მეორე მხრივ, შესაძლოა დაიწყოს დამნაშავე სამართალდამცველების დევნა. ამ ფაქტორებს, ამბობს ბექა ბასილაია, სააკაშვილის დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გამოიყენებს.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საკუთარ ფეისბუკზე წერს, რომ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ხელი მათ მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნამაც შეუწყო.

მარიამ ჯიშკარიანის აზრით, ახლა შემდგომი ნაბიჯების დროა. მისი აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკრაინის პროკურატურას მასალები უნდა მიაწოდოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში რადიო თავისუფლებას უპასუხეს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა პროკურატურის კომპეტენციაა.

თუმცა ითანამშრომლებს თუ არა საქართველოს პროკურატურა ამ საკითხზე უკრაინის პროკურატურასთან, ჯერ უცნობია.

სახელმწიფო ინსპექტორს მიხეილ სააკაშვილზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებისკენ მოუწოდა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამაც და ლონდა თოლორაიას „საკუთარი სინდისის კარნახით“ მოქცევა ურჩია:

თუ არასდროს მიიყვანს ამ საქმეს შუალედურ დასკვნამდე მაინც და თუ არასდროს გამოაქვეყნებს იმ კადრებს, რომელიც ვიცით, რომ მისი წასვლის შემდეგ შეიძლება არათუ არ გამოქვეყნდეს, არამედ ვეღარც ვიხილოთ, მაშინ მე არ მესმის, ჩვენ, საზოგადოებას რატომ უნდა გვწყდებოდეს გული იმის გამო, რომ ქალბატონი ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმეს და იგი მიდის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბექა ბასილაია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ უკრაინის მხარე სამართლებრივი დახმარების თხოვნით შუამდგომლობას გამოუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სწორედ მან უნდა დაავალოს გენერალურ პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი მისსავე სასამართლო პროცესზე
მიხეილ სააკაშვილი მისსავე სასამართლო პროცესზე

დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ ის სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG