Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო


პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ გვარამიამ "მთავარ არხზე" თავის საავტორო გადაცემაში ისაუბრა.

"ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში", - გვარამიამ თქვა, რომ ეს სიტყვები წერია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გამოძიება წამებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საქმეებზე მიმდინარეობს. სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესაძლო შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია საქართველოშიც, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.

ინსპექტორის სამსახური იძიებს:

  • N18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესაძლო შემთხვევას;
  • სამხედრო ჰოსპიტლიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანის დროს მაჯის საათის ჩამორთმევის დროს მომხდარ ინციდენტს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG